ჯაბა დვალი "ყარაბაღში" - ყოფილი ზესტაფონური დუეტი აზერბაიჯანში

AutoSharing Option
25 იანვარს თბილისის "დინამო" შეკრების ჩასატარებლად თურქეთში მიემგზავრება; 24 იანვარს კი "დინამო არენის" მედიადარბაზში კლუბის ხელმძღვანელობა პრესკონფერენციას გამართავს და გუნდის ახალწვეულების წარდგენაც მოხდება.

ქართველი ჟურნალისტები, ალბათ, იმ ფეხბურთელების ბედითაც დაინტერესდებიან, ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "დინამოდან" რომ წავიდნენ.

თუმცა ამ უკანასკნელთა შორის ყველაზე ხმაურიანად, ალბათ, ჯაბა დვალის ტრანსფერი უნდა მივიჩნიოთ: ბოლო წლების საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი და ბომბარდირი კარიერას მეზობელ აზერბაიჯანში, კერძოდ კი, ამ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, "ყარაბაღში" გააგრძელებს!

28 წლის ჯაბა დვალი "ყარაბაღში" ერთადერთი ქართველი არ იქნება: აზერბაიჯანის
ჩემპიონატის ლიდერ გუნდში ხომ ამ სეზონის დასაწყისში საქართველოს ნაკრების შემტევი, 28 წლის ნიკოლოზ გელაშვილი ჩაირიცხა. ანუ ორწლიანი პაუზის მერე კვლავაც აღდგება დვალი-გელაშვილის მართლაც ჩინებული დუეტი, ოღონდ ეს ორი გამორჩეული თავდამსხმელი, "ზესტაფონის" ნაცვლად, ამიერიდან აზერბაიჯანულ "ყარაბაღში" ითამაშებს.

სამწუხაროდ, თურქულ შეკრებაზე მყოფ "ყარაბაღს" (სადაც დვალი 23 იანვარს, გამთენიისას ჩაფრინდა) ჯერჯერობით მხოლოდ დვალი დაეხმარება: შეკრების დაწყებისთანავე ნიკოლოზ გელაშვილმა ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით მკურნალობს.

...პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ "ყარაბაღი" ერთი ქულით უსწრებს "გაბალას", ორით - "ნეფთჩის" და ამ სეზონის ერთ-ერთ რეალურ ფავორიტადაც მიიჩნევა. ადგილობრივი სპეციალისტის, ყურბან ყურბანოვის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდში, ქართველების გარდა, სხვა ლეგიონერებიც ასპარეზობენ: ადმირ ტელი, ანსი აგოლი (ორივე - ალბანეთი), იბრაჰიმ შეჰიჩი (ბოსნია), ლეროი ჯორჯი (ჰოლანდია), მუარემ მუარემი (მაკედონია).

ცალკე უნდა აღინიშნოს "ყარაბაღის" ბრაზილიელთა "ტრიო": რეინალდო, რიჩარდ ალმეიდა და ჩუმბინიო გუნდის ლიდერებად მიიჩნევიან.

ჯაბა დვალს აქამდეც უასპარეზია საქართველოს ფარგლებს გარეთ: 2007-09 წლებში მოლდოვური "დაჩიას" ღირსებას იცავდა. აი, რაც შეეხება საქართველოს, "ნორჩი დინამოელის" აღზრდილს, თბილისის "დინამოს" გარდა, სხვადასხვა დროს უთამაშია რუსთავის "ოლიმპში", საჩხერის "ჩიხურასა" და ბოლნისის "სიონში". თუმცა ყველაზე წარმატებულად მაინც "ზესტაფონში" გატარებული ორწლიანი პერიოდი უნდა მივიჩნიოთ, როცა ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ კი საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი (2011/12 წლების სეზონი).

2012 წლის დეკემბრის ბოლოს ჯაბა დვალი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დვალი ადრეც გამხდარა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2005-06 წლების სეზონში, ოღონდ მაშინ ნახევარი სეზონი "სიონში" გაატარა, ნახევარი კი - "დინამოში".

თბილისის "დინამოში" დვალი 2012 წლის აგვისტოს მიწურულს დაბრუნდა და თავის ტიტულების კოლექციას საქართველოს ჩემპიონობა და თასი მიუმატა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ წინა სეზონში ჯაბა დვალი მხოლოდ თანაგუნდელ ჩისკოს ჩამორჩა საუკეთესო ბომბარდირთა დავაში (20 გოლი გაიტანა).

აი, რაც შეეხება ამ სეზონს, მიზეზთა გამო დვალის შედეგიანობამ მოიკლო; თუმცა, იმავე წინა სეზონისაგან განსხვავებით, "დინამოს" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელისგან, დუშან უჰრინისგან, შედარებით ნაკლები ნდობაც ჰქონდა და ამას გარდა, რამდენიმე მატჩში თავისთვის უჩვეულო პოზიციაზეც მოუწია თამაში.

ვნახოთ, როგორ წარიმართება ჯაბა დვალის აზერბაიჯანული კარიერა და "ყარაბაღთან" ერთად ოქროს მედლებს თუ დაეუფლა, მაშინ მართლაც საამაყოდ ექნება საქმე: ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეოთხედ მოპოვება (თანაც, სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად) პატარა საქმე ნამდვილად არ იქნება!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული