ოქრიაშვილის აგენტი ბესო ჩიხრაძე: თორნიკესთვის "ჩერნომორეცი" კარგი სტიმულია

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი ოდესის "ჩერნომორეცთან" ერთად მეორე თურქულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც 30 იანვარს საკონტროლო მატჩშიც ითამაშა.

სერბულ "რადნიჩკისთან" ოქრიაშვილი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, შეხვედრა კი უგოლოდ დასრულდა.

ამასობაში, უკრაინულ ukrfootball.ua-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ "გაგრას" პრეზიდენტ ბესიკ ჩიხრაძესთან, რომელიც თორნიკეს აგენტია.

ჩიხრაძე თავისი კლიენტის ახალ კლუბში გადასვლის შესახებ საუბრობს.

- ბატონო ბესო, უწინ ამბობდით, რომ თორნიკეს დონეცკის "შახტარში" სურდა თამაში, მაგრამ ახლა ერთწლიანი იჯარით "ჩერნომორეცში" აღმოჩნდა. რატომ მოხდა ასე?
- ვითარება ისე წარიმართა, რომ მისტერ ლუჩესკუმ ("შახტარის" მთავარი მწვრთნელი) ჯერჯერობით არ მოინდომა თორნიკეს
თავის გუნდში აყვანა და თავის გამოჩენის საშუალება სხვა კოლექტივში მისცა. რომან გრიგორჩუკი ("ჩერნომორეცის" მთავარი მწვრთნელი) კი დიდი ხანია, ოქრიაშვილით დაინტერესებულია და "ჩერნომორეცის" ხელმძღვანელობამაც კონკრეტული წინადადებით მიმართა "შახტარს", რაზეც თანხმობა მიიღო.

- გამოდის, რომ ოქრიაშვილს ადრეც შეეძლო "მეზღვაურთა" ბანაკში მოხვედრა...
- დიახ, გრიგორჩუკს ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა მისი მიწვევა, მაგრამ მაშინ "ილიჩევეცის" ხელმძღვანელობამ თორნიკეს ძალიან სთხოვა დარჩენა. ამჯერად კი "ჩერნომორეცმა" იძალა და ოქრიაშვილი მარიუპოლის გუნდს ორმხრივი შეთანხმებით გამოეთხოვა.

თორნიკესთვის უმჯობესი იყო იქიდან წასვლა, რადგან "ილიჩევეცში" სპორტული მოტივაცია აღარ ჰქონდა.

- თორნიკეს არ უთქვამს, მოსწონს თუ არა "ჩერნომორეცი"? კომფორტულია მისთვის იქ ყოფნა?
- ბუნებრივია, ამ საკითხზე ვილაპარაკეთ. მიამბო კლუბზე, კოლექტივში არსებულ ატმოსფეროზე, გრიგორჩუკის მოთხოვნებზე. თანაც, "ჩერნომორეცი" შემტევი სტილის მიმდევარია, რომელსაც სერიოზული სატურნირო ამოცანები გააჩნია. ეს კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის კარგი სტიმულია მომავალი ზრდისთვის.

- ოქრიაშვილის გადასვლა ერთმნიშვნელოვნად ოდესელთა თავკაცის მონდომებით მოხდა?
- დიახ. გრიგორჩუკმა ამასწინანდელ ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ სჯერა თორნიკესი და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული