ლეგიონის უქმეები: ბენზემა? ვან პერსი? არა, კაშია! [VIDEO]

AutoSharing Option
როცა ქართველს "ფეიენოორდის" კარში გოლი გააქვს, მაინც სხვანაირი შეგრძნებაა. ეს იმის მიუხედავად, რომ 1981 წლის ცნობილი ნახევარფინალის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და იმავე "ფეიენოორდში" ქართველ ფეხბურთელსაც უთამაშია (გიორგი დემეტრაძე).

ამიტომაც არნემის "ვიტესის" კაპიტნის, გურამ კაშიას შედეგიანი თავური როტერდამულ "დე კუიპზე" ორმაგად სასიხარულო იყო.

კარგად დაგამახსოვრდებათ ჩემი სახელი...
როტერდამში "ფეიენოორდი"-"ვიტესის" თამაშს 47 ათასი მაყურებელი დაესწრო. "ვიტესმა" ქულები დაკარგა (1:1), მაგრამ უშუალო კონკურენტ "ფეიენოორდთან" მარცხი მთლად კატასტროფა იქნებოდა, რომლის მოხდენასაც ხელი ქართველმა მცველმა შეუშალა.

26 წლის გურამ კაშიამ მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით
მულდერის კარში მიუჩინა ადგილი, თანაც, არცთუ ახლო მანძილიდან. ეს თამაშის 57-ე წუთზე, 0:1-ზე მოხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ეს კაშიას პირველი გოლია ამ სეზონში და მე-9 მის ერედივიზიულ კარიერაში. კაშიამ პირველად გაიტანა რომელიმე ჰოლანდიური გრანდის (პსვ, "აიაქსი", "ფეიენოორდი") კარში.

ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო, ხოლო გიორგი ჭანტურია განაცხადშიც ვერ მოხვდა.

"დე კუიპზე" ძალიან აგრესიული ატმოსფერო იყო, ისინი მიყვიროდნენ კიდევაც გოლის გატანის შემდეგ. ძალიანაც კარგი - კარგად დაამახსოვრდებათ ჩემი სახელი, - განაცხადა მატჩის შემდეგ კაშიამ. - არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გავიტანდი, თუმცა გავიფიქრე, რომ ცდად ღირდა.

წამების განმავლობაში თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მეგონა, საოცარი შეგრძნება იყო.

ვარჯიშებზე ხშირად გოლებს სახელებს ვარქმევთ - "ბენზემა", "ვან პერსი" ან რაიმე მსგავსი. გოლი რომ გავიტანე, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და ვიყვირე: "კაშიაა".


კობის გარეშე
ბუნდესლიგის მე-19 ტურში ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" "ნიურნბერგს" უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ბერლინელებს მარცხენა მცველი ჰყავდათ შესაცვლელი, მწვრთნელმა მოედანზე ლევან კობიაშვილი არ გაიყვანა, "ჰერტა" კი 1:3 დამარცხდა.

მე-3 ბუნდესლიგაში ლუკას ჰუფნაგელის "უნტერჰახინგი" "დარმშტადს" ეწვია და 1:3 დამარცხდა. 20 წლის ქართველი სათადარიგო იყო. "უნტერჰახინგი" 31 ქულით მე-11 ადგილზეა.

სერია B-ში ქართველთა "ემპოლი" 3 თებერვალს მასპინძლობს "პალერმოს". პირველ-მეორეადგილოსანთა თამაში, ბუნებრივია, ტურის ცენტრალური დაპირისპირებაა.

ფრანგულ დივიზიონ ნასიონალში მოულოდნელად შინ დამარცხდა "ლუზენაკი" ("ლა პუასთან" - 0:1). ამირან სანაიამ მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა.

არველაძის კრიზისი
ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" ჩემპიონატის ლიდერ "ბენფიკას" უმასპინძლა და ორი ქულა დააკარგვინა - 1:1. ამ მატჩის მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა, ჩვენებური კი შესვენებაზე შეცვალეს. "ჟილ ვისენტე" 19 ქულით მე-11 ადგილზეა.

თურქეთში ქართული დაპირისპირება ვიხილეთ - შოთა არველაძე ყოფილი კლუბისა და ყოფილი შეგირდის, ზურაბ ხიზანიშვილის წინააღმდეგ - "ქაისერიმ" "ქასიმფაშას" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა.

მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა (გაფრთხილება).

"ქაისერის" მინდა მივულოცო კარგი თამაში. ჩვენი გუნდის დაცვისა და მეკარის თამაშით კმაყოფილი ვარ, ისევე, როგორც ქულის აღებით ამ შეხვედრაში"
, - განაცხადა მატჩის შემდეგ არველაძემ.

ხიზანიშვილის გუნდი 13 ქულით ბოლოსწინაა თურქულ სუპერლიგაში, ხოლო არველაძის გუნდი 30 ქულით უკვე მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა. კრიზისი სახეზეა - ქართველი მწვრთნელის გუნდს ზედიზედ 8 თამაშია, არ მოუგია.

სამხრეთ აფრიკის პრემიერლიგაში "მოროკა" შინ 0:2 დამარცხდა "კაიზერ ჩიფსთან". მასპინძელთა რიგებში 56-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ნერგაძემ.

სირბილაძის გოლი და საგოლე პასი
ფინეთში საფეხბურთო სეზონი ლიგის თასის გათამაშებით დაიწყო. ტურკუს "ინტერმა" უკვე მეორე შეხვედრა ჩაატარა, სტუმრად ტიპს-ს 4:2 მოუგო.

გამარჯვებულთა რიგებში სრულად ითამაშა ირაკლი სირბილაძემ, რომელმაც 86-ე წუთზე გოლი გაიტანა. მანამდე მის ანგარიშზე საგოლე პასია. "ინტერი" A ჯგუფში 6 ქულით ლიდერობს.

კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "ახნასი". ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ფამაგუსტელთა ნახევარმცველ შოთა გრიგალაშვილს, ის სათადარიგო იყო.

ლევან მაღრაძის "ერმისი" კი სტუმრად აპოელ-თან 0:3 დამარცხდა. ვეტერანმა ქართველმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა.

დვალის და კასრაძის მარცხიანი დებიუტები, ცხადაძის გამარჯვება
40-დღიანი ზამთრის პაუზის შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატი განახლდა, სადაც უკვე 7 ქართველი ლეგიონერი ირჯება, ორ გუნდს კი ქართველი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ. ახალ ასპარეზზე მარცხიანი დებიუტი გამოუვიდა ჯაბა დვალს, რომლის "ყარაბაღიც" მოულოდნელად დამარცხდა შინ "ხაზართან" - 0:1.

მასპინძელთა რიგებში ტრავმის გამო არ უთამაშია ნიკოლოზ გელაშვილს, დვალი კი მოედანზე 69-ე წუთზე გამოვიდა, მაგრამ თავის გამოჩენა ვერ შეძლო. ამ მარცხის შემდეგ "ყარაბაღი" პირველიდან მესამე ადგილზე დაეშვა.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" მე-60 წუთამდე გაუძლო "ნეფთჩის" შეტევებს, შემდეგ კი სამი გოლი გაუშვა - 0:3.

აზალ-თან თამაშში კახა ცხადაძემ სამი ქართველი სასტარტოში დააყენა: ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე იაშვილი და ბაჩანა ცხადაძე (მეორე ტაიმში შეცვალეს), გიორგი ლომაია სათადარიგო იყო.

აზალ-ში დებიუტი ჰქონდა ლაშა კასრაძეს. "ინტერმა" 2:1 მოიგო და 30 ქულით მე-4 ადგილზეა, აზალ-ი 24 ქულით მე-7 ადგილზეა.

მივიდა, ნახა, გაიმარჯვა!
ამიერიდან, მალტაში სამი ქართველი ლეგიონერი გვეყოლება. აქედან ორს დებიუტი უკვე ჰქონდა კუნძულის ჩემპიონატში - ნუკრი რევიშვილი კარში იდგა, ხოლო ნიგერიული წარმოშობის აბაიომი ოვონიკოკო სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა (ბოლო წუთზე შეცვალეს) ლიდერ "ბირკირკარასთან" მატჩში.

მერაბ ჟორდანიას ახალ კლუბს მხოლოდ ირაკლი მაისურაძე აკლდა, რომელიც არც განაცხადში იყო.

"ვალეტამ" 2:1 იმარჯვა გუნდთან, რომელსაც 15-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, ხოლო სექტემბრის მერე საერთოდ არ წაეგო. რევიშვილმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, ისიც პენალტით.

საკონტროლო მატჩები
დანიურმა "ორჰუსმა" "სეზონისწინა თასის" გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და ამ ამხანაგური ტურნირის ფინალში გავიდა. ტურნირზე 45-წუთიანი მატჩები იყო: "ორჰუსმა" 1:0 აჯობა "სილკებორგს" (დავით სხირტლაძემ ითამაშა), 0:0 ეთამაშა სამოყვარულო "ორჰუსს" (სხირტლაძემ და მათე ვაწაძემ ითამაშეს) და პენალტების სერიაში წააგო ფინალი "მოზერუელთან" (ვაწაძემ ითამაშა) - 1:4.

* * *
ვარშავის "ლეგიამ" ზაბკის "დოლჩანს" 3:2 მოუგო, ლადო დვალიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

* * *
პოლონურმა "იაგელონიამ" ერთ დღეში ორი თამაში გამართა - ჯერ "ფახთაქორთან" 0:1 წააგო, შემდეგ "ვორსკლას" 0:0 დაუზავდა. პირველ თამაშში მხოლოდ ერთი ქართველი იყო მოედანზე, ისიც ფახთაქორელი კახა მახარაძე (გუნდის კაპიტანი), რომელიც 83-ე წუთზე შეცვალეს. "იაგელონიას" რიგებში არც მეორე მატჩში გამოჩენილან გიორგი ფოფხაძე და ნიკა ძალამიძე.

* * *
გიორგი ილურიძემ მცირე ტრავმის გამო გამოტოვა "ჰაიდუკისა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება.

* * *
"ზორიამ" თურქულ შეკრებაზე "ასტანა" 5:1 დაამარცხა. ჯაბა ლიპარტიამ უკრაინულ კლუბში პირველი ტაიმი ითამაშა.

* * *
ოდესის "ჩერნომორეცი" "ბანიკს" 1:1 დაუზავდა. თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

* * *
ბელეკში მათე ღვინიანიძემ 90 წუთი ითამაშა "სევასტოპოლის" შემადგენლობაში, რომელიც "ვოლგას" 0:0 დაუზავდა.

* * *
ლვოვის "კარპატიმ" პოლონურ "რუხს" 2:0 მოუგო. ბუბა დაუშვილმა გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული