დავით თარგამაძე: რუსეთის პრემიერლიგა სულ სხვა დონეა

AutoSharing Option
არც ოდესის "ჩერნომორეცი" და არც მარიუპოლის "ილიჩევეცი" - დავით თარგამაძე კარიერას ეკატერინბურგის "ურალში" გააგრძელებს. ასეთი ინფორმაცია გაავრცელეს 4 თებერვალს, გვიან ღამით რუსულმა სააგენტოებმა, რაც მკითხველს "ლელომაც" ამცნო.

თარგამაძის სატრანსფერო უფლებები დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის, რომელმაც სეზონის ბოლომდე ის იჯარით გაუშვა. "ურალი" კი რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერია, ბოლოდან მეორე, მე-15 ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დგას.

შეგახსენებთ, რომ მანამდე იყო ლაპარაკი თარგამაძის ოდესის "ჩერნომორეცში" გადასვლაზე, მაგრამ ირიბად, ხელი უახლოესმა მეგობარმა "შეუშალა" - ოდესელთა მთავარი მწვრთნელის, რომან გრიგორჩუკის თქმით, არჩევანს თარგამაძესა და
თორნიკე ოქრიაშვილს
შორის აკეთებდა და საბოლოოდ, ეს უკანასკნელი ამჯობინა.

მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გვითხრეს - "ურალში" თარგამაძის გადასვლა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რადგან 6 გუნდი ტრანსფერზე ელაპარაკებაო. ამ 6-დან სამი გარკვეულია - რუსეთის პრემიერლიგელი "კრასნოდარი", ხოლო უკრაინაში დონეცკის "მეტალურგი" და "სევასტოპოლი". დარჩენას მას "ილიჩევეცის" მწვრთნელიც სთავაზობდა. დანარჩენი ორი გუნდის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია.

ვითარებაში გასარკვევად თავად თარგამაძეს დავუკავშირდით.

- "ურალში" თქვენი გადასვლა გადაწყვეტილია თუ სხვა ვარიანტებიც გაქვთ?
- რუსულ და უკრაინულ კლუბებთან მოლაპარაკება მართლაც მქონდა, მაგრამ "ურალი" ყველაზე საინტერესო ვარიანტი აღმოჩნდა და საბოლოოდ, ამაზე შევჩერდი.

- კონტრაქტი უკვე გააფორმეთ?
- დიახ, გავაფორმე და "ურალის" ფეხბურთელი გავხდი. საკითხი გარკვეულია, თუ არ ჩავთვლით სხვა იურიდიულ ფორმალობებს, მაგრამ, როგორც მითხრეს, ესეც მოგვარდა.

- კარგია, რომ უგუნდობას წერტილი დაესვა...
- ძალიან მიხარია, რომ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ვითამაშებ. მადლობა "ილიჩევეცს". თავის დროზე, ამ გუნდში გადასვლა ცუდი ვარიანტი არ იყო, მაგრამ ახლა სხვაგან თამაში მირჩევნია. რუსეთის პრემიერლიგა სულ სხვა დონეა, იქ ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა.

- ახლა სად ვარჯიშობთ?
- ერთი კვირაა, ფორმის აღსადგენად "ილიჩევეცის" დუბლებში ვემზადები. "ურალი" უკვე შეკრებაზეა და არ მინდა, რომ გუნდს ფორმიდან ამოვარდნილი შევუერთდე. მაგრამ არაფერია, წინ ორი შეკრებაა და დარწმუნებული ვარ, დაკარგულს ავინაზღაურებ.

- "ურალის" მეორე ქართველ ფეხბურთელ ლაშა გვალიას თუ იცნობთ?
- სამწუხაროდ, არ ვიცნობ, მაგრამ ყველასგან მესმის, რომ გვალია კარგი ფეხბურთელია. ძალიან მიხარია, რომ გვერდით ქართველიც მეყოლება.

- გვალია რუსეთის ვიზას მთელი ნახევარი წელი ელოდა. თქვენ თუ მოაგვარეთ ეს საკითხი?
- მითხრეს, რომ ვიზას მალე მომცემენ. საკითხი დონეცკის "შახტარის" დონეზე წყდება და მეეჭვება, პრობლემები შეიქმნას.

* * *
5 თებერვალს, გვიან ღამით, გერმანულმა ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტმა" დავით თარგამაძის ტრანსფერი დარეგისტრირებულად გამოაცხადა.

"ურალი" თარგამაძისთვის მეოთხე კლუბი იქნება. 24 წლის ფეხბურთელს აქამდე გერმანულ "ფრაიბურგში", უკრაინულ "ოლექსანდრიასა" და მარიუპოლის "ილიჩევეცში" უთამაშია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტრანსფერი დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის, დონბასელთა ფორმა ოფიციალურ მატჩებში დღემდე არ მოურგია.

რაც შეეხება გვალიას, შეგახსენებთ, რომ გორის "დილას" ყოფილმა ფეხბურთელმა "ურალთან" ხელშეკრულება შარშან ზაფხულში გააფორმა. 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი გუნდს მხოლოდ ახლა შეუერთდება. "ურალის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ქართველები გუნდს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარებიან, რაც საკმაოდ რთული მისია ჩანს.

იმედია, თარგამაძეს სავიზო საკითხებს დროულად მოუგვარებენ და გვალიასავით ნახევარწლიანი ლოდინი არ დასჭირდება.

საინტერესოა, რომ დონეცკის "შახტარმა" თარგამაძის ტრანსფერი "ოლექსანდრიიდან" 1,012 მილიონ ევროდ გამოისყიდა, მაგრამ რა პირობებზე შეუთანხმდნენ რუსები დონბასელებს, ეს ჯერჯერობით უცნობია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
chemi azrit saertod yvelgan unda aikrdzalos iseti fexburtelis transferi,tundac arendit romelsac tavis klubshi 1 oficialuri matchi minc arutamashia...
irakli
15:23 06-02-2014
0
რატომღაც რუსულ წყაროებიდან ვერ დასტურდება ეს ტრანსფერი ,ღმერთით მართალი იყოს რასაც თარგამაძე ამბობს
vitom?
20:19 06-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული