ლეგიონის უქმეები: ალექსანდრე იაშვილის ზღაპრული გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილმა ბერლინის "ჰერტას" ჰამბურგში უკაპიტნა, დაცვის ბურჯად მოგვევლინა და 3:0 მოაგებინა; ალექსანდრე იაშვილმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა - მოკლედ, კიდევ ერთხელ გამართლდა გამონათქვამი: ბებერი ხარისა რქებიც ხნავენო...

დაცვის ბურჯი
ლევან კობიაშვილი იშვიათად თამაშობს, მაგრამ როცა თამაშობს, ყურადღების ცენტრშია - ბერლინის "ჰერტა" ღრმა კრიზისში მყოფ "ჰამბურგს" ეწვია და 3:0 მოიგო.

სწორედ ამ შეხვედრაში გამოჩნდა კობი ბერლინელთა სასტარტო შემადგენლობაში, დაცვის ცენტრში და... კაპიტნის სამკლავურით!

"შპორტალმა" ჩვენებურს საშუალო შეფასება დაუწერა - 3,5 ბალი: "კობი ბურთს მხოლოდ 24-ჯერ შეეხო. ეს
კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა უსუსურია დღეს "ჰამბურგი". მან თავისი საქმე ნორმალურად შეასრულა, თუმცა დიდწილად ეს დაცვის ცენტრში მისი პარტნიორის ბრწყინვალე თამაშის დამსახურებაცაა".

იაშვილის სუპერგოლი
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-20 ტურში კახა ცხადაძის "ინტერი" "რევანს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა - გოლი კი ერთ რამედ ღირდა, ალექსანდრე იაშვილმა საჯარიმოს მისადგომიდან ისე დაარტყა, რომ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ეს 36 წლის ვეტერანის მესამე გოლი იყო აზერბაიჯანის ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იაშვილის გარდა, ითამაშა ლაშა სალუქვაძემ, გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ბაჩანა ცხადაძე - დისკვალიფიცირებული.

აგდამის "ყარაბაღმა" სტუმრად 1:0 მოუგო "გაბალას". გამარჯვებულთა რიგებში ჯაბა დვალი მეორე ტაიმში შევიდა, ხოლო ნიკოლოზ გელაშვილი კვლავ ტრავმირებულია.

აზალ-ის რიგებში ითამაშა ლაშა კასრაძემ (90 წუთი), მისი გუნდი კი სტუმრად "სუმგაითს" დაუზავდა - 2:2.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" შინ 0:1 დამარცხდა "ბაქისთან".

ღრმა კრიზისში
თურქეთის სუპერლიგაში კიდევ უფრო გაღრმავდა შოთა არველაძის "ქასიმფაშას" კრიზისი - ქართველის გუნდს მეცხრე ტურია, არ მოუგია - ამჯერად, სტამბულელები შინ "კონიასთან" 1:3 დამარცხდნენ. ქართველი მწვრთნელის გუნდი 30 ქულით მეექვსე ადგილზეა.

ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერი" სტუმრად "ელაზიღსპორთან" დამარცხდა - 0:3, ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი უკანასკნელ ადგილზეა.

მოუკლო იტალიაში მოასპარეზე "ემპოლიმაც", რომელიც სტუმრად "ტრაპანის" 0:0-ს ეთამაშა. ამ შეხვედრაში "ემპოლის" რიგებში ბოლო 10 წუთი ითამაშა ლევან მჭედლიძემ, რომელსაც წინა დღეებში ზურგი სტკიოდა; ხოლო ირაკლი შეყილაძე განაცხადში არ ყოფილა.

მაისურაძის დებიუტი
მალტის ჩემპიონატში კვლავ იმარჯვა ქართველთა "ვალეტამ", რომელმაც ამჯერად "ბალცანს" 1:0 მოუგო. ნუკრი რევიშვილისა და აბაიომი ოვონიკოკოს გარდა, გამოჩნდა ჩვენი მესამე ლეგიონერიც - ირაკლი მაისურაძე, რომელიც მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა.

"ვალეტა" 50 ქულით მეორე ადგილზეა.

ხორვატიაში ტრავმირებული გიორგი ილურიძის გარეშე შედგა სპლიტის დერბი, რომელშიც "ჰაიდუკმა" 2:1 მოუგო "სპლიტს".

კვიპროსში შოთა გრიგალაშვილის "ანორთოსისი" სტუმრად "პარალიმნისთან" 0:4 შერცხვა. ქართველი ნახევარმცველი შესვენებაზე შეცვალეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აზერბაიჯანში და საქართველოში გატანილი გოლები თუ სუპერგოლებია და მაშინ აღარ ვიცი.ჩვენს ჟურნალისტებს მაგარი გაემოვნება და შეფასებები აქვთ.
roma
10 თებერვალი 2014 15:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული