სიცრუის ტყვეობაში: ქართველები აზერბაიჯანული მედიის სამიზნეში

AutoSharing Option
...ყოველთვის ძნელია კოლეგების (თუგინდ - სხვა ქვეყნის) საქმიანობის შეფასება, მაგრამ როცა ქრონიკულ სიცრუეს საზღვარი არ აქვს, აი, მაშინ კი დუმილი უკვე მართლაც აღარ შეიძლება!

ჰო, არახალი ამბავია, რომ აზერბაიჯანული მედიის ზოგიერთი ინტერნეტ-გამოცემა ზედმეტ ტენდენციურობას ავლენს ხოლმე ამ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატში მომუშავე ქართველი მწვრთნელებისა თუ ჩვენებური ფეხბურთელების მიმართ.

კონკრეტული ფაქტები, რამდენიც გნებავთ, იმდენი იყო (და დღესდღეობითაც გრძელდება) და ზოგიერთზე ქვემოთ ვისაუბრებთ...

მანამდე კი რამდენიმე იმ მართლაც კურიოზული (რბილად ნათქვამია) სიტუაციის გახსენება გვინდა, ზოგიერთი აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა ("აზერისპორტი", "აზერიფუტბოლი") აშკარად მცდარ ინფორმაციას რომ
ავრცელებდა ქართველებთან მიმართებაში.

აი, თუნდაც სამი წლის წინანდელი ამბავი რად ღირს, როცა ზაქათალის "სიმურგმა" და ბოლნისის "სიონმა" ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და აზერბაიჯანულმა ვებგვერდებმაც "სიამაყით" ამცნეს თანამემამულეებს, რომ ეს შეხვედრა "სიმურგის" გამარჯვებით დამთავრდა! არადა, სინამდვილეში... ფრედ დასრულდა ის მატჩი.

თუმცა ეს კიდევ არაფერი: ასევე რამდენიმე წლის წინათ იყო, როცა აზერბაიჯანში სტუმრად მყოფი თბილისის "დინამო" თურმე ერთ-ერთ იქაურ გუნდთან დამარცხებულა! ამ შემთხვევაშიც ზოგიერთი იქაური ჩვენი კოლეგის ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა: იმ დროს, როცა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბი აზერბაიჯანში "მარცხდებოდა", სინამდვილეში თბილისში იმყოფებოდა და საქართველოს ჩემპიონატის მორიგი კალენდარული მატჩისათვის ემზადებოდა!

ასეთი მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ისე, როგორც ბოლო წლებში მომრავლებული ტენდენციური და, ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციების გავრცელება ორ აზერბაიჯანულ კლუბში, ბაქოს "ინტერსა" და ზაქათალის "სიმურგში" დასაქმებულ ქართველ მწვრთნელთა თუ ფეხბურთელთა შესახებ.

ჰო, ეტყობა, ჩვენს სამეზობლოში ზოგიერთი ჟურნალისტი ვერაფრით შეეგუა იმ ფაქტს, რომ "ინტერის" მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს და "სიმურგის" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჩიხრაძეს თავიანთი კლუბის ხელმძღვანელებისგან ნდობის უსაზღვრო მანდატი აქვთ!

არადა, ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის ყველა აზერბაიჯანულ კლუბში ლამის ყოველი 5-6 ტურის მერე ცვლიან მწვრთნელებს - უცხოელებსაც თუ ადგილობრივებსაც (ერთადერთი გამონაკლისი "ყარაბაღის" თავკაცი ყურბან ყურბანოვი გახლავთ), სახელიანსაც თუ შედარებით უცნობსაც; აი, ცხადაძისა და ჩიხრაძის მიმართ გამოხატული ნდობა კი, ეტყობა, მართლაც აღიზიანებთ ზოგიერთებს.

თანაც, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ აზერბაიჯანის ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული კლუბი "ინტერი" ბიუჯეტით, სულ მცირე, ხუთ გუნდს ("ნეფთჩის", "ხაზარს", "ბაქის", "ყარაბაღს", "გაბალას") სოლიდურად ჩამორჩება. თუმცა, ამის მიუხედავად, ცხადაძის ხელმძღვანელობით "ინტერი" აზერბაიჯანის ჩემპიონიც გახდა, "თანამეგობრობის თასიც მოიგო, ორჯერ მესამე ადგილზე გავიდა, ერთხელ - თასის ფინალში (სადაც პენალტებით დამარცხდა) და ყველაზე "უარესი" შედეგი ჯერჯერობით IV ადგილია (2010-11 წლების სეზონი).

ახლა პირადი რეკორდები? ცხადაძე ერთადერთი მწვრთნელია, ზედიზედ მეხუთედ რომ გაჰყავს თავისი გუნდი აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალში, ასევე რეკორდსმენია ლეგიონერ-მწვრთნელებს შორის ჩატარებული მატჩებისა თუ მოგებების რაოდენობითაც.

იმავეს თქმა შეიძლება გიორგი ჩიხრაძეზეც, რომლის ასევე მოკრძალებულბიუჯეტიანი "სიმურგი" (პერიფერიაში მდებარე ქალაქს, ზაქათალას რომ წარმოადგენს) მწირი ფინანსური თუ ადამიანური რესურსის მიუხედავად, მუდამ პირველი ექვსეულის გარშემო რომ "ტრიალებს".

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველივე ზემოთქმული, ალბათ, ბევრს აღიზიანებს და დროდადრო იწყება ხოლმე ბინძური კამპანიაც! შარშან, ნოემბრის თვეში აზერბაიჯანულმა ინტერნეტ-გამოცემებმა ლამის სიხარულით აუწყეს თავიანთ მკითხველს, რომ გიორგი ჩიხრაძეს თავისი კლუბის ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წაუყენა: უახლოეს ორ თამაშს თუ არ მოიგებ, თანამდებობას დატოვებო!

სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეს ინფორმაცია... ქართულმა მედიამაც აიტაცა, არადა, "სიმურგმა" ის ორი მატჩი კი მოიგო, მაგრამ არანაირი ულტიმატუმი არ ყოფილა და ეს ყველაფერი მოგვიანებით ჩიხრაძემ "ლელოსთან" ინტერვიუშიც დაასაბუთა.

ახლა კიდევ აუგორეს ჩიხრაძეს მორიგი "შავი პიარი": დიდბიუჯეტიან "ბაქისთან" (რომლის პრეზიდენტიც ფრანგული "ლანსის" მფლობელიც არის!) მარცხის მერე, თურმე, "მთელი" ზაქათალა მის გათავისუფლებას ითხოვსო!

არადა, იმდენად მცდარი ინფორმაცია გამოდგა, რომ თვით "აზერისპორტმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ "სიმურგის" პრეზიდენტ ანარ ბექიროვთან, რომელმაც საჯაროდ გამოუცხადა უდიდესი ნდობა ქართველ სპეციალისტს და ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩიხრაძის გათავისუფლება ერთი წამითაც არ გვიფიქრიაო!

...არც ფეხბურთელებს სწყალობენ
ჰო, ალბათ, მართლაც ბევრი ღიზიანდება ჩვენს სამეზობლოში, მოკრძალებული ფინანსების მიუხედავად, ქართველი მწვრთნელები შედეგებით რომ ამართლებენ საკუთარი კლუბის ხელმძღვანელთა ნდობას. თანაც, რა გგონიათ, მხოლოდ ცხადაძე-ჩიხრაძეზე აქვთ "გართულება"?

კარგად გვახსოვს, ერთ-ერთი იქაური გამოცემა როგორ ცინიკურად იუწყებოდა, "ინტერში" კიდევ ერთი ქართველი მწვრთნელი მივიდაო; არადა, იცით, ვისზეა ლაპარაკი? ვისზე და... ზაურ სვანაძეზე, 1981 წლის დიუსელდორფის ერთ-ერთ ტრიუმფატორზე!

თუმცა, არანაკლები "ეპითეტებით" მოიხსენიებენ ხოლმე თითქმის ყველა ქართველ ახალწვეულს და მათ შორის, ალექსანდრე იაშვილსაც: ამ სეზონის დაწყების წინ "ინტერმა" კიდევ ერთი პენსიონერი გაიფორმაო.

აბა, ამას რომ დაწერენ, პროტესტის განცდა ქართველ კაცს როგორ არ უნდა გაუჩნდეს. ჰო, იმ "იაშკაზეა" ლაპარაკი, 17 (!) წელიწადი რომ გამოდიოდა პირველ თუ მეორე ბუნდესლიგაში და დღესდღეობითაც რომ პროფესიონალიზმის მაგალითს აძლევს თავის პარტნიორებს.

ისე, ყველას ვურჩევდით, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, "რევანის" კარში გატანილი მისი დიდოსტატური გოლი ნახოს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

...ამ სეზონის დაწყების წინ "ყარაბაღში" საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი ჩაირიცხა და... იქიდან მოყოლებული, კრიტიკაც არ მოჰკლებია!

მოგეხსენებათ, "ყარაბაღი" დღესდღეობით ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატია. თუ რომელიმე მატჩში "ფეხი დაუცდა", ამის მიზეზი, თურმე, "ყოვლად გაუმართლებელი გელაშვილის ტრანსფერი" ყოფილა.

მოგეხსენებათ, რომ ახლახან "ყარაბაღში" კიდევ ერთი ჩვენებური, ბოლო წლების საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი და ფორვარდი ჯაბა დვალი ჩაირიცხა. ჰოდა, ამ ტრანსფერსაც "წარუმატებლად" მიიჩნევენ და იგივე "აზერიფუტბოლმა" ისიც კი დაწერა, რომ "ყარაბაღმა" რატომ მიიწვია ისეთი ფეხბურთელი, ბოლო ოფიციალური მატჩი... 2013 წლის მაისში რომ ჩაატარაო და საერთოდაც, თბილისის "დინამოში" სულ რაღაც ათამდე შეხვედრაში მიუღია მონაწილეობაო!

ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეს არ შეეფერება, ისე, როგორც ჯაბა დვალის "ინტერვიუც", სადაც ქართველი ფორვარდი "ტკბილად იხსენებს თბილისის "დინამოში"... ნიკოლოზ გელაშვილთან ერთად ასპარეზობას".

არადა, ქართველმა გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ დვალი და გელაშვილი ერთად (თანაც, საკმაოდ წარმატებულადაც) მხოლოდ და მხოლოდ "ზესტაფონში" გამოდიოდნენ, თანაც, გელაშვილს "დინამოში" არასდროს უთამაშია!..

...აზერბაიჯანში სხვა არანაკლებ პოპულარული ინტერნეტ-გამოცემებიც არის, სადაც არც ობიექტურობის გრძნობა ღალატობთ და, სხვათა შორის, ქართველი მწვრთნელებისა თუ ფეხბურთელების მიმართ სიმპათიაც გააჩნიათ - მაგალითად, იგივე "ესქტრატაიმი" თუ "აპასპორტი".

თუმცა, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, საპირისპირო შემთხვევებიც ხშირად გვხვდება და კიდევ ერთი მაგალითი სულ ახლახან მოხდა; კერძოდ - "ინტერი"-"რევანის" მართლაც დრამატული მატჩის მიწურულს, როცა ბოლო წამზე გაშვებული გოლის გამო მოედანზე თუ სათადარიგოთა სკამზე ემოციებმა იმძლავრეს.

ანუ ფაქტია, რომ "ინტერის" ქართველ მცველს, ყოველთვის კორექტული თამაშით, მუდამ გაწონასწორებული ხასიათით გამორჩეულ ლაშა სალუქვაძესა და "რევანის" ერთ-ერთ მწვრთნელს შორის ინციდენტი მოხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ინციდენტი, უფრო ზუსტად, გარკვეული გაუგებრობა მატჩის შემდეგვე აღმოიფხვრა და ქართველ მცველსაც არანაირი დისკვალიფიკაცია არ ემუქრება, როგორც ამას სიხარულით გვამცნობდა ზოგიერთი აზერბაიჯანული გამოცემა.
იხილეთ: ქართველები ცუდ დღეში: მამედოვმა ლაშა სალუქვაძის გასალახად გაიწია [VIDEO]

ამ დროს კი, იმავე ტურში, "ხაზარი"-"ნეფთჩის" უპრინციპულეს დაპირისპირებას, როგორც უკვე ტრადიციად იქცა, დიდი სკანდალი მოჰყვა: ჯერ იყო და "ნეფთჩის" ავტობუსს "ხაზარის" ქომაგებმა მინები ჩაუმსხვრიეს; თამაშის დროს ხომ არაერთი ინციდენტი მოხდა სტუმართა ერთ-ერთ ფეხბურთელს და ლენქორანელ ქომაგებს შორის, მატჩის მიწურულს კი ლამის გუნდი-გუნდზე ჩხუბიც იყო და შეხვედრის არბიტრმაც "ნეფთჩის" 3 ფეხბურთელი, მასპინძლებს კი - ერთი მოთამაშე გაუძევა!

თანაც, თითქმის კი არა, უარესი სიტუაცია იყო შარშანდელი სეზონის ბოლოს, აზერბაიჯანის თასის ფინალშიც, როცა ეს გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ, თურმე, სალუქვაძისა და "რევანის" ერთ-ერთი მწვრთნელის ინციდენტი უფრო "ხმაურიანი" ყოფილა, ვიდრე "ხაზარი"-"ნეფთჩის" მატჩ(ებ)ის დროს დასისხლიანებული (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ფეხბურთელების ერთმანეთთან "საქმის გარჩევა"!..

ყველა ტყუილს ხომ შეფუთვაც სჭირდება...
დაბოლოს, კიდევ ერთი ცილისწამებაც, რომელიც ასევე ბაქოს "ინტერს" უკავშირდება: როგორც "აზერი ფუტბოლი" იუწყება გერმანულ ტაბლოიდ "შპორტ ბილდზე" დაყრდნობით, თურმე იანვარში, თურქულ შეკრებაზე მყოფ "ინტერს" გარიგებული... საკონტროლო მატჩი უთამაშია გერმანულ "ალემანიასთან" და იმ "მოგებულ" შეხვედრაში თურქ მსაჯებს გერმანელთა კარში საეჭვო პენალტი დაუნიშნავთ.

"ინტერი" იანვარში მართლაც იმყოფებოდა ანტალიაში, ჰოლანდიური "ასტენის", ყაზახური "აქტობესა" და ბრაზილიური "უნიაოს" გარდა, მართლაც ჩაატარა სამი სპარინგ-მატჩი გერმანულ კლუბებთან, მაგრამ "აზერიფუტბოლს" ეტყობა, "დაავიწყდა", რომ "კილთან" დამარცხდა (0:3), ბილეფელდის "არმინიასთან" ფრედ (2:2) ითამაშა, ხოლო რეგიონალური ლიგის "ზაიცს" 2:0 მოუგო. ანუ ჩვენებურთა გუნდს "ალემანიასთან" საერთოდ არ უთამაშია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
geidar sadikhov, შეეშვი რა, რას ელაპარაკები, მაინც მსოფლიოში პირველები გონიათ თავიანთი თავი. ქართველი სუპერ, დანარჩენები მეორე ხარისხოვანი. ჟაბა იოსელინმა, რომელსაც ქართველები "დიდი პროფესორად და კაცად" მიიჩნევენ და პირველი კაცი გახადეს, იაპონიიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა: იაპონელებს კარგი ქვეყანა კი აუშენებიათ, მაგრამ ჩვენთან შედარებით მოკლე ფეხები აქვთო" ანუ დასცინა. აი ესენი არიან ქართველები. შეეშვი რა, კბენარები არ გადმოგდონ.
mesut irzimli
15:29 18-02-2014
0
რომელს გესმიტ პეხბურთი თითკოს მაგარი ფეხბურტელები მაინც გყავდეტ რა ტკვენ საცოდავებო
t-t 1111
17:26 17-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული