აფხაზავას ჩვენი გულშემატკივარი არ იცნობს. ის 1991 წლის 30 აპრილს თბილისში დაიბადა, ამპლუით თავდამსხმელია. 2009-10 წლებში თბილისის "ლოკომოტივში" 12 მატჩი ჩაატარა, 2012-13 წლებში ფოთის "კოლხეთში" წავიდა, სადაც მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ესპანურ სინჯებზე ის მენეჯერმა სერგო ქუთათელაძემ წაიყვანა. აფხაზავამ კონტრაქტი უკვე გააფორმა, სამუშაო ვიზის მიღებას კი დიდხანს ელოდა... და ჰა, პირველი მატჩიც - კვირას ის "ლოგრონიესის" წინააღმდეგ ათამაშეს. აფხაზავა
რაც შეეხება სეგუნდა B-ს, აქ უკვე 24 ტური ჩატარდა. "ლეონესა" 30 ქულით მე-11 ადგილზეა და სეგუნდა დივიზიონში გადამსვლელ ოთხეულს 8 ქულით ჩამორჩება.
აფხაზავას გვარი ესპანურ პრესაში სხვა კონტექსტშიც გაჟღერდა: ინტერნეტ-გამოცემა diariodeleon.es წერს, რომ ეს "ლეონესასა" და ქართულ მხარეს შორის ურთიერთობის დასაწყისია. საქმე ისაა, რომ ესპანელები საქართველოში საფეხბურთო სკოლის დაფუძნებას გეგმავენ.
კლუბის მენეჯერი ფელიპე ლამასარესი, "ლეონესას" უმსხვილეს აქციონერ ადოლფო ლოპესთან ერთად, საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა და თბილისში პროექტებიც შეათანხმა.
"დავიწყეთ მოლაპარაკებები საქართველოს სხვადასხვა კომპანიასა და სპორტულ ორგანიზაციასთან ეკონომიკური და სპორტული მიმართულებით, რათა საბჭოთა კავშირის ამ ყოფილ რესპუბლიკაში გავხსნათ წარმოებები.
შემოსავლებით კი მომავალი წლის გაზაფხულზე საფეხბურთო სკოლას დავაფუძნებთ.
პროექტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვა "ლეონესას" ტექნიკური პერსონალი, რათა საფეხბურთო სკოლის ესპანური მართვის მოდელი საქართველოში დანერგოს.
პროექტის განხორციელების ერთ-ერთი ინიციატორია იაკობ აფხაზავას მამა.
ეს პროექტი გახდება გარანტია იმისი, რომ კლუბი ნიჭიერი მოთამაშეებით მომარაგდება და მისი წარმატებებისა და სტაბილური არსებობის გარანტიაც გახდება", - განაცხადა ლამასარესმა diariodeleon.es-თან ინტერვიუში, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ ქართულ კომპანიებთან და სპორტულ ორგანიზაციებთან გამართა მოლაპარაკებები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"