ლეგიონის უქმეები: ყაზაიშვილმა ნაკრებში გამოძახება გოლით აღნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
კლასმა ასაკი არ იცის
შაბათს 36 წლის ლევან კობიაშვილმა, ვინც ბერლინის "ჰერტას" კაპიტნის სამკლავური მოირგო და დაცვის ცენტრში ითამაშა, "შტუტგარტთან" მატჩის დასაწყისში მარჯვენა ფეხით ანგარიში გახსნა - ფრაზა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, სულ მცირე, უცნაურად გაიჟღერებდა, არადა, სიმართლეს შეეფერება.

სამაგალითო ქართველი ლეგიონერის კარიერაში მართლაც იყო დრო, როცა გერმანელებმაც მიივიწყეს და ქართველებმაც. საბედნიეროდ, ეს დრო წარსულს ჩაბარდა და კობი კარიერის ფინიშის სწორს თავაწეული ეგებება.

ჰო, მართლა, სათაურში გამოტანილი ფრაზა "ჰერტას" ოფიციალური ვებ-გვერდის სათაურია.

გოლი 2 წლისა და 100 დღის მერე
ბუნდესლიგის
22-ე ტურში "ჰერტა" გადარჩენისთვის მებრძოლ "შტუტგარტს" ეწვია და 2:1 მოუგო. ლევან კობიაშვილმა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა, ხოლო მე-5 წუთზე კობიმ საჯარიმოში ადრიან რამოსის პასი მისთვის უხერხულ მარჯვენა ფეხზე მოირგო და მეკარე ულრაიხს დაბალ კუთხეში გაუტანა.

ქართველმა ვეტერანმა "ჰერტას" მაისურით ბოლოს მაისში გაიტანა, მაგრამ ეს იყო II ბუნდესლიგის მატჩი "კიოლნის" წინააღმდეგ. აი, ელიტაში მისი ბოლო გოლი 2011 წლის 11 ოქტომბრით თარიღდება. მაშინ მან "ვოლფსბურგს" პენალტი გაუტანა.

კობი "ჰერტას" ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდა. მან ამჟამინდელი მენეჯერის, მიხაელ პრეეტცის რეკორდი დაამხო, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს ამ ეპიზოდს. ორ წელიწადზე მეტია, ევროპის ტოპ-5 ლიგებში ქართველ ფეხბურთელს გოლი არ გაუტანია. საფეხბურთო ევროპას თავი ისევ კობიაშვილის წყალობით შევახსენეთ.

344 მატჩი ბუნდესლიგაში, 32 გოლი - ასეთია ჩვენებურის მიღწევა. მის პირველსა და ბოლო გოლებს შორის ზუსტად 5 551 დღე გავიდა!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ყველა გოლი მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ეს გოლი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ლამაზი გოლი გავიტანე. ვერ ვითამაშეთ საუკეთესოდ, თუმცა გამარჯვებით გახარებულები ვართ - შინ 3 ქულით ვბრუნდებით",
- აღნიშნა "ჰერტას" ვებ-გვერდთან საუბარში ქართველმა ლეგიონერმა.

ოფიციალურმა საიტმა კობი ხარისხიან ღვინოს შეადარა, რომელიც დროის გასვლის მერე სულ უფრო უკეთესი ხდება.

"შპორტალმა" ლევანს "ჰერტას" რიგებში საუკეთესო შეფასება (რამოსთან და ჩიგერჩისთან ერთად) - 3 ბალი - დაუწერა: "უკვე მე-5 წუთზე გაიბრწყინა, როცა რამოსის პასით შორეულ კუთხეში გაიტანა. თანამეწყვილე ლანგკამპთან ერთად, მეტოქის წინახაზელებს ბევრი არაფერი გააბედინა. მატჩის დასკვნით ფაზაში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა".

ნაკრებში გამოძახება გოლით აღნიშნა
არნემის "ვიტესში" ქართველთა რიცხვი კლებულობს: ჯერ პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია წავიდა, შემდეგ გიორგი ჭანტურიამ მიაშურა რუმინულ "კლუჟს". ასე რომ, საგულშემატკივრო "ხელრდომზე" გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი დაგვრჩნენ.

"ვიტესს" კარგა ხანი იყო, არ მოეგო. ამიტომაც პეტერ ბოშმა "ვაალვეიკთან" მატჩის შესვენებაზე (0:1-ზე) ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართა, კაპიტან კაშიასა და ტრაორეს, იბარა და ყაზაიშვილი არჩია და არც უნანია: 52-ე წუთზე, როცა ყაზაიშვილმა დააწინაურა გუნდი და ფაქტობრივად, გამარჯვების გოლი შეაგდო, მისი ასისტენტი ეკვადორელი ფორვარდი იყო.

დიახ, 21 წლის ქართველმა ეროვნულ ნაკრებში პირველი მიწვევა სეზონში მე-4 გოლის გატანით აღნიშნა. "ვიტესმა" 3:1 მოიგო და ლიდერთა ჯგუფში რჩება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შოთამ ამოხეთქა
სერია B-ში ქართველთა "ემპოლიმ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "პადოვა", თუმცა ქართველთა გარეშე - ირაკლი შეყილაძე სათადარიგო იყო, ლევან მჭედლიძე - დისკვალიფიცირებული. "ემპოლი" 45 ქულით მეორეა და ელიტაში ასვლის რეალური კანდიდატია.

ტრავმირებული გიორგი ილურიძის გარეშე სპლიტის "ჰაიდუკმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა ზაგრების "ლოკომოტივა".

კვიპროსში შოთა გრიგალაშვილის "ანორთოსისი" სტუმრად დამარცხდა აეკ-თან. ჩვენებურმა მეორე ტაიმი ითამაშა. ლევან მაღრაძის "ერმისი" 24 თებერვალს თამაშობს.

განახლდა დანიის ჩემპიონატი, სადაც "ორჰუსი" ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. 23 თებერვალს ქართული ტრიოს გუნდმა "კოპენჰაგენს" უმასპინძლა.

დავით სხირტლაძე სასტარტოში იყო, დავით დევდარიანი 70-ე წუთზე შევიდა, ხოლო მათე ვაწაძე ტრავმირებულია. მატჩი 1:1 მორჩა.

პოლონეთში ლიდერმა "ლეგიამ" "გორნიკს" დისკვალიფიცირებული ლადო დვალიშვილის გარეშე მოუგო - 2:0.

ამ ქვეყნის ჩემპიონატში ჩვენებს დისციპლინასთან პრობლემები გაუჩნდათ - ამ ტურში გიორგი ფოფხაძის გაძევების დრო მოვიდა.

"იაგელონია" "პოდბესკიძიეს" მასპინძლობდა და მას მერე დაკარგა სამი ქულა, რაც 67-ე წუთზე ქართველი მცველი გაუძევეს - 2:2. ამ შეხვედრაში ტრავმის მერე დაბრუნება საგოლე პასით აღნიშნა ნიკა ძალამიძემ, რომელიც 78-ე წუთზე შეცვალეს, როცა "იაგელონია" ჯერ კიდევ იგებდა.

ფოფხაძეს პირდაპირ წითელი ბარათი მისცეს, ეს კიდევ 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას ნიშნავს. "იაგელონია" 30 ქულით მე-8 ადგილზეა.

პორტუგალიაში "ჟილ ვისენტე" ესტუმრა "ოლანენშეს" და 1:2 დამარცხდა. 63-ე წუთზე სტუმართა რიგებში ავთო ებრალიძე გამოჩნდა.

შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" ერთბაშად იფეთქა - ხანგრძლივი მოუგებელი სერია "სივასის" დარბევით დაასრულა - 6:2. ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერი" კი "ტრაბზონს" ესტუმრა. ჩვენებურს არ უთამაშია.

იაშვილის საგოლე პასი, ჩიხრაძის გმირობა
სანამ აზერბაიჯანის ჩემპიონატის 23-ე ტურზე მოგითხრობთ, ვიტყვით, რომ შუა კვირაში გამართული ტურის სიმბოლურ ნაკრებში ქართველი მცველი ლაშა სალუქვაძე მოხვდა, რომელმაც "ნეფთჩის" კარში გოლი გაიტანა.

23-ე ტურში კახა ცხადაძის გუნდს კიდევ ერთი დერბი ელოდა, ამჯერად, "ბაქისთან", რომელიც 1:1 დასრულდა. ცხადაძემ კვლავ ათამაშა სამეული: სალუქვაძე, ალექსანდრე იაშვილი და ბაჩანა ცხადაძე და კვლავ სკამზე დატოვა გიორგი ლომაია. 26-ე წუთზე კაპიტანმა ჯავადოვმა იაშვილის პასით გაიტანა. მეორე ტაიმში კახა ცხადაძემ იაშვილიც შეცვალა და თავისი ვაჟიც.

მატჩის შემდეგ "ბაქის" მწვრთნელმა მილინკო პანტიჩმა მეტოქე გააკრიტიკა და აღნიშნა, "ინტერი" ფეხბურთს არ თამაშობდაო.

"ხაზართან" 2:2-ით დასრულებულ მატჩში შეცვლაზე ითამაშა აზალ-ის ახალწვეულმა ლაშა კასრაძემ.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინა, სტუმრად ლიდერ "ყარაბაღს" დაუზავდა - 0:0. ნიკოლოზ გელაშვილი ლიდერთა შეტევებს ხელმძღვანელობდა, თუმცა ქართველმა თავი ვერ გამოიჩინა. ჯაბა დვალს არ უთამაშია.

"საინტერესო თამაში გამოვიდა. შეგვეძლო როგორც მოგება, ისე წაგება. ასე რომ, საშუალედო შედეგით კმაყოფილი ვარ. მეტოქეს კარგი ფეხბურთელები ჰყავს", - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

"ყარაბაღი" 46 ქულით ლიდერია, "ინტერი" 38 ქულით მე-5 ადგილზეა, "სიმურგი" 27-ით - მე-7, ხოლო აზალ-ი (26) - მერვეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქეცბას მერე , ორივე ფეხს ასე კარგად ხმარობდეს ქართველი ფეხბურთელი არ მახსოვს, არადა ვაკო მემარჯვენეა და აიაქსსაც და წინა ტურში დუბლებშიც მარცხენათი გაუტანა, ყველაფერი აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ, უნდა იშრომოს ბევრი და ცოტა მეტი უნდა იმოძრაოს მინდორზე,ანუ მეტი სამუშაო უნდა შეასრულოს.
Lasha
14:37 24-02-2014
0
ყაზაიშვილს ოქროს ცაცია აქვს. იმედია ნაკრებისთვისაც გაისვრის. რამდენი შანსი მიეცა იმდენი გაისროლა

nodarichi123
12:47 24-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული