ლევან კობიაშვილი: ოლივერ კანს 20 მეტრიდან რომ გავუტანე...

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა რუსულმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესმა" ბუნდესლიგის 22-ე ტურის გმირად ბერლინის "ჰერტას" ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი დაასახელა.

ბერლინელებმა, რომლებიც ევროთასების საგზურზე ფიქრობენ, შტუტგარტში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს ("ჰერტამ" ანგარიშით 2:1 მოიგო). სტუმართა შორის ყველაზე გამორჩეული კი სწორედ კობიაშვილი იყო და ეს მხოლოდ ჩვენი სუბიექტური აზრი არ გახლავთ - მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ის თვით "კიკერმა" დაასახელა.

ლევანმა, რომელიც ამ მატჩში ცენტრალური მცველის პოზიციაზე ირჯებოდა, არამხოლოდ დაცვა შეადუღაბა, "შტუტგარტის" კარის ბადეში ბურთიც გაახვია.

და კიდევ, კობიაშვილი, რომელიც მატჩის დღეს 36 წლისა და 227 დღის
იყო, "ჰერტას" ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ბუნდესლიგაში ოდესმე გაუტანია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- შაბათს ამ სეზონში პირველი გოლი შეაგდეთ. როგორი გრძნობა დაგეუფლათ?
- გატანა ყოველთვის კარგია, მაგრამ როდესაც ამას მცველი ახერხებ, ეს კიდევ უფრო სასიამოვნოა. მაგრამ რაც მთავარია, გუნდმა მოიგო.

- ბუნდესლიგის მატჩებში 32 გოლი გაგიტანიათ. სულ პირველი გახსოვთ?
- რა თქმა უნდა. ეს იყო 1998 წლის დეკემბერში, როდესაც "ფრაიბურგში" ვთამაშობდი. საჯარიმოდან გავუტანე "ნიურნბერგს" და მაშინ ჩემმა გუნდმა იმ გოლით მოიგო - 1:0.

- მაშინ უფრო გიხაროდათ თუ დღეს?
- ფეხბურთელისთვის თითოეული გოლი სასიამოვნოა. არც კი მინდა შევადარო...

- თქვენი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი ბუნდესლიგაში მაინც რომელი იყო?
- "შალკეში" ვთამაშობდი. 2006 წლის ბოლო იყო და "ბაიერნს" ვმასპინძლობდით. სტადიონზე არანორმალური ვითარება იყო - იქამდე ზედიზედ რამდენიმე მატჩი წაგებული გვქონდა, გულშემატკივრები ჩვენზე გაბრაზებულები იყვნენ და დემონსტრაციულად არ გვიჭერდნენ მხარს.

მაშინ ოლივერ კანს 20 მეტრი მანძილიდან გავუტანე და ანგარიში 2:0 გახდა, მაგრამ სამწუხაროდ, უპირატესობა გავფლანგეთ და საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა.

- ბუნდესლიგაში 344 შეხვედრა ჩაატარეთ. ამაზე მეტით უცხოელთაგან მხოლოდ პისარო ("ბაიერნი") ამაყობს - 362. პერუელის შედეგის გაუმჯობესებაზე ფიქრობთ?
- მგონია, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება. თუ გამოვა - ხომ კარგი და თუ არა - არა უშავს. ბუნდესლიგაში მე ისედაც ბევრი ვითამაშე და ამის გამო მოხარული ვარ, ხოლო ის, თუ კარიერის დასრულების შემდეგ რომელ ადგილზე ვიქნები ჩატარებული მატჩებით ლეგიონერთა შორის, ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა.

- მომავალ სეზონში კიდევ ითამაშებთ?
- ზუსტად ჯერ არ ვიცი. ამაზე კონკრეტული პასუხი რამდენიმე თვის შემდეგ მექნება, ახლა კი თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ და გუნდისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებ.

- "ჰერტა" ჯერ კიდევ წინა სეზონში მეორე ლიგაში თამაშობდა, ახლა კი ევროთასებისთვის იბრძვის. რამ განაპირობა ასეთი პროგრესი?
- მას შემდეგ, რაც ბუნდესლიგიდან გავვარდით, გუნდში ბევრი რამ შეიცვალა და რაც ყველაზე მთავარია, ახალი მწვრთნელი იოს ლუჰუკაი მოვიდა, ვისი ხელმძღვანელობითაც "ჰერტა" უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა კიდეც.

ვფიქრობ, ის ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია - გუნდში კარგი სამუშაო განწყობაა, ყველა კმაყოფილია.

- ამ სეზონში 14 ბურთი ადრიან რამოსმა გაიტანა, რომელიც ლევანდოვსკისთან ერთად ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია. ამბობენ, როცა პოლონელი "ბაიერნში" გადავა, "დორტმუნდში" მას სწორედ რამოსი შეცვლისო. რამოსი დღეს "ჰერტას" ლიდერია?

- დიახ, ადრიანი მაგარია - "ჰერტას" ბევრი ქულა მოუტანა და ბუნდესლიგის ამ სეზონში ის საუკეთესო ბომბარდირთა შორისაა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ახლა კარგად ვთამაშობთ, გუნდში რამოსის ყოფნაა. ყველა გუნდს სჭირდება ისეთი თავდამსხმელი, რომელიც სეზონში 15-20 გოლს გაიტანს.

- ჯერჯერობით კი რამოსი "ბორუსიაში" არაა, რომელიც 25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ზენიტს" სტუმრად დაუპირისპირდება. რა შანსი აქვთ "პიტერელებს"?
- ვფიქრობ, მაღალი. რა თქმა უნდა, დორტმუნდელებს კარგი მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ დღეს "ბორუსია" ის არაა, შარშან რომ იყო. მისთვის სეზონი არცთუ კარგად წარიმართა - ფეხბურთელებს ტრავმები აქვთ. ბოლო ტურში "ბორუსიამ" მოულოდნელად სულაც "ჰამბურგთან" წააგო. როგორც ჩანს, პრობლემები მხოლოდ ტრავმებში არ უნდა იყოს და გუნდშიც მთლად ყველაფერი რიგზე არაა.

ამრიგად, "ზენიტს" სერიოზული შანსი აქვს, შემდეგ ეტაპზე გავიდეს.

- სანკტ-პეტერბურგში გასამართი მატჩის პროგნოზს გააკეთებთ?
- თამაშს სიამოვნებით ვუყურებ, პროგნოზის გაკეთება კი გამიჭირდება, რადგან არ ვიცი, როგორ ფორმაშია დღეს "ზენიტი". თუმცა ის კი ნათელია, რომ "პიტერელებს", რომლებისთვისაც სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ამ მხრივ გაუჭირდებათ. მგონია, რომ შანსები მაინც 50-50-ზეა.

Sportall.Ge

- ლევანდოვსკის წინააღმდეგ გითამაშიათ. როგორ უნდა შევაჩეროთ ის?
- დანამდვილებით იმას გეტყვით, რომ ეს იოლი არაა. პოლონელი დღეს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. შეთხვევითი არაა, რომ ის "ბაიერნმა" გადაიბირა და უკვე ზაფხულში მის რიგებს შეუერთდება.

მგონია, რომ მიმდინარე სეზონში ეს ფორვარდი ისეთივე წარმატებული არაა, როგორიც წინაში იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ლევანდოვსკი იმდენად ძლიერია, რომ "ზენიტის" მცველებს მასთან გამკლავება გაუჭირდებათ.

ისე კი, "პიტერელთა" დაცვის რგოლში საკმარისად კვალიფიციური ფეხბურთელები არიან, რომლებისთვის რჩევის მიცემა არ ღირს.

ასევე იხილეთ:
"ევროსპორტმა" ზედიზედ მეორედ ლევან კობიაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა
ლეგიონის უქმეები: ყაზაიშვილმა ნაკრებში გამოძახება გოლით აღნიშნა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას Eხვეწება ამისულაშვილს ქეცბაია Mოიწვიოს კობიაშVილი. Gამაგიჟებს Eს ხალხი.
Odala
03:05 26-02-2014
0
თხოვნით მივმართავ sportall.ges რედაქციას. ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე ტარდება გამოკითხვა ტურის საუკეთესო მოთამაშე, სადაც ექვს კანდიდატთა შორის ერთ-ერთი კობიაშვილია. ამ წუთისთვის კობი მეორე ადგილზეა და ოდნავ ჩამორჩება ნიურნბერგის მეკარეს. გამოკითხვა გრძელდება 26 თებერვლის (თბილისის დროით) საღამოს 9 საათამდე. გთხოვთ გამოაქვეყნოთ ტეგი ამასთან დაკავშირებით, რათა ქართველმა გულშემატკივარმა ხმა მისცეს კობის.
ეს შემდეგნაირადაა შესაძლებელი: bundsliga.de -> Fanzone -> Spieler des Spieltages -> დააწკაპუნეთ კობიზე. გავუკეთოთ ეს მცირე საჩუქარი ფეხბურთელს რომელმაც 20 წლის მანძილზე მრავალი სიამოვნება მიანიჭა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს. გმადლობთ წინასწარ.
kartveli
01:56 26-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული