
ზედიზედ მეოთხედ
36 წლის ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგის ბოლო 4 ტურში ზედიზედ ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში და ამდენჯერვე უკაპიტნა ბერლინის "ჰერტას". ამ ოთხი ტურიდან ერთში კობი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის მიხედვით).
ამჯერად, ჩვენებურმა 90 წუთი დაჰყო ყოფილი გუნდის, "ფრაიბურგის" წინააღმდეგ შეხვედრაში, რომელიც 0:0 დასრულდა. "შპორტალმა" კობიაშვილის გარჯა 3,5 ბალით შეაფასა. ეს იყო მისი 345-ე მატჩი ბუნდესლიგაში.
II ბუნდესლიგაში ლევან
III ლიგაში ლუკას ჰუფნაგელის "უნტერჰახინგი" "ჰალეშერთან" 2:4 დამარცხდა. აქაც ჩვენებური სათადარიგო იყო.
არველაძის ზავი
იტალიის სერია B-ში ქართველთა "ემპოლი" სტუმრად დაუზავდა "სიენას". ლევან მჭედლიძე, რომელმაც სანაკრებო თამაშის წინ მორიგი ტრავმა მიიღო, "ემპოლის" დააკლდა, ხოლო ირაკლი შეყილაძე სათადარიგო იყო. "ემპოლი" 44 ქულით მე-2 ადგილზეა.
რანგით მესამე ფრანგულ დივიზიონ ნასიონალში ამირან სანაიას "ლუზენაკი" მოულოდნელად სტუმრად "რედ სტართან" დამარცხდა - 2:4. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. "ლუზენაკი" 42 ქულით მეორე ადგილზეა.
როგორც იქნა, "ჟილ ვისენტემ" იმარჯვა: "სეტუბალი" 1:0 დაამარცხა. ავთო ებრალიძემ მარცხენა შემტევად შეუცვლელად ითამაშა.
ხორვატიაში "ჰაიდუკმა" "ბელუპო" 3:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა რიგებში კვლავ არ ჩანს ტრავმირებული გიორგი ილურიძე.
თურქული სუპერლიგის 23-ე ტურში შოთა არველაძის "ქასიმფაშა" "ესქიშეჰირს" ეწვია და 0:0 დაუზავდა. ქართველი სპეციალისტის გუნდი ევროზონას 2 ქულით ჩამორჩება.
ქალაქ ქაისერის დერბიში 0:4 განადგურდა ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორი", რომელიც 16 ქულით უკანასკნელია და ალბათ, გავარდება კიდევაც. ქართველი მცველი სასტარტოში იყო და ის მწვრთნელმა შესვენებაზე შეცვალა.
კაპიტანი ისევ ხელშეუხებელია
ჰოლანდიის ჩემპიონატში "ვიტესმა" "როდა" გაანადგურა - 3:0. გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ ამჯერად შეუცვლელად ითამაშა 90 წუთი (I ტაიმში გაფრთხილება მიიღო). ვაკო ყაზაიშვილი, "ვიტესის" წინა ტურის ერთ-ერთი გმირი, 64-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. "როდამ" ტაიმ-ნახევარი 10 კაცით ითამაშა.
ამიერიდან, რუმინეთის ლიგა 1 ჩვენთვის საინტერესო ჩემპიონატია: "კლუჟის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ექსვიტესელ გიორგი ჭანტურიას. "კლუჟი" ესტუმრა "კონსტანტას" და 1:1 დაუზავდა. ჭანტურიამ ამ შეხვედრის ბოლო 15 წუთი ითამაშა.
ჩაიშალა
დანიის სუპერლიგაში ქართული ტრიოს "ორჰუსმა" მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა, სტუმრად "სონდერისკე" 2:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ჩვენებურიც არ ყოფილა. 77-ე წუთზე ჩაერთო თამაშში დავით დევდარიანი, დავით სხირტლაძე სათადარიგო იყო, მათე ვაწაძე კვლავ ტრავმირებულია.
პოლონურ ექსტრაკლასაში "ლეგიასა" და "იაგელონიას" მატჩში აქეთ-იქით ორი ქართველი იყო დისკვალიფიცირებული - ლადო დვალიშვილი და გიორგი ფოფხაძე. სასტარტოში იყო ნიკა ძალამიძე (იაგელონია), თუმცა ამ შეხვედრას 2 მარტს დასრულება არ ეწერა. მატჩი ტრიბუნებზე არეულობის გამო, 0:0-ზე შეწყდა.
ნაკრებში გოლით
აზერბაიჯანის ჩემპიონატში 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. კახა ცხადაძის "ინტერი" ლენქორანში "ხაზარს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. ცხადაძემ სასტარტოში გიორგი ლომაია დააბრუნა. ასევე ძირითადში იყვნენ ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე.
31-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა ბაჩანა ცხადაძემ პენალტით ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში გოლის ავტორი ალექსანდრე იაშვილმა შეცვალა. ბაჩანა ცხადაძემ ჩემპიონატში მე-6 გოლი გაიტანა.
"ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. მეორე ტაიმში მეტოქე დაიღალა და ჩვენ შანსები მოგვეცა. ლენქორანში ფრე არ არის ურიგო შედეგი, მაგრამ მეტოქის კარში პენალტი იყო დასანიშნი და თან არაერთი", - განაცხადა კახა ცხადაძემ.
გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" ქულები დააკარგვინა ლიდერის მდევარ "გაბალას" - 0:0. მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა თქვა:
"საინტერესო და სწრაფი მატჩი იყო, რომელშიც ორივე გუნდს მოგება სურდა. ჩვენ რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, რომელთა რეალიზება, სამწუხაროდ, ვერ შევძელით".
ჩემპიონატის ლიდერმა "ყარაბაღმა" სტუმრად 4:1 გაანადგურა "ნეფთჩი". ნიკოლოზ გელაშვილი ტრავმირებულია, არ უთამაშია არც ჯაბა დვალს.
"რავანისა" და აზალ-ის მატჩში (1:0) სტუმართა რიგებში 83-ე წუთამდე ითამაშა ლაშა კასრაძემ.
დებიუტიც ასეთი უნდა
განახლდა სომხეთის პირველობა, რომლის მე-15 ტურში 2 ქართული გოლი გავიდა - "ბანანცმა" 2:1 მოუგო "არარატს". ამ მატჩში გამარჯვების გოლი უჩა გოგოლაძემ გაიტანა.
ქართველ ფორვარდს დებიუტი ჰქონდა "ბანანცის" რიგებში, სადაც ის ბელორუსული ბრესტის "დინამოდან" აღმოჩნდა. 23 წლის გოგოლაძემ 81-ე წუთზე გაიტანა.
კვირას "განძასარს" "შირაქთან" ფრე შოთა ჯიქიას გოლმა მოუტანა - 1:1. ეს 29 წლის ფორვარდის მესამე გოლია სეზონში.
რუსეთში ფეხბურთი განახლდა
რუსეთის თასის მერვედფინალში პრემიერლიგის "ტერეკს" ეწვია აკაკი ხუბუტიას "მორდოვია" და 2:3 დამარცხდა. ბევრისთვის მოულოდნელად, ჩვენებური არ იყო სასტარტო შემადგენლობაში და არც შეცვლაზე შესულა.
ჯანო ანანიძის "როსტოვს" 3:0 მოგება ჩაეთვალა, რადგან გოჩა ხოჯავას "ალანია" დაიშალა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"