ლუკასმა დინამო დაამარცხა
სერია A-ს მე-11 ტურში ისე წარიმართა მატჩი "ემპოლსა" და "ლაციოს" შორის (მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ), რომ თითქმის გამოირიცხა ლევან მჭედლიძის შესვლა მოედანზე. ასეც მოხდა, მწვრთნელმა სარიმ ფორვარდი აღარ ჩართო თამაშში. ასე რომ, სანაკრებო მატჩის წინ ლევანმა სათამაშო პრაქტიკა ვერ მიიღო. ირაკლი შეყილაძე, რა თქმა უნდა, არ ყოფილა "ემპოლის" განაცხადში.
ლუკა კიკაბიძის "ბასტიამ" 2:0 დაამარცხა "მონპელიე". ქართველი ლეგიონერი კვლავ არ ყოფილა მატჩის განაცხადში. "ბასტიამ" თავი დააღწია
პორტუგალიის პრიმეირა დივიზიონში ცუდ დღეშია "ჟილ ვისენტე", რომელიც სტუმრად "ბრაგასთან" 0:2 დამარცხდა. კიდევ უფრო ბუნდოვანია გუნდში ქართველი ავთო ებრალიძის სტატუსი, რომელიც ვერ მოხვდა მატჩის განაცხადში. "ჟილ ვისენტე" 3 ქულით უკანასკნელია და გავარდნის უპირველესი კანდიდატია.
მართალია, გერმანიაში მხოლოდ III ბუნდესლიგაში გვყავს ლეგიონერი, მაგრამ ამ უქმეებზე სწორედ მან გაგვახარა - ლუკას ჰუფნაგელის "უნტერჰახინგმა" დრეზდენის "დინამო" 3:0 დაამარცხა. ჩვენებურმა 77-ე წუთზე გაიტანა. ეს მისი მხოლოდ მეორე გოლია პროფესიულ კარიერაში.
წაგებული მოგებულ სიტუაციაში
ჯანო ანანიძე, მართალია, "სპარტაკის" პირველ გუნდში დააბრუნეს, მაგრამ მისთვის ტულის "არსენალთან" მატჩის განაცხადში ადგილი არ მოიძებნა. ისე, ამ პოზიტიურმა გადაწყვეტილებამ საქართველოს ნაკრები აზარალა, რადგან ჯანოს ის სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა, რასაც დუბლებში იღებდა. ყაზანის "რუბინი" "კრასნოდარს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში თათრული კლუბის რიგებში შეუცვლელად გაისარჯა საბა კვირკველია (6,5 ბალი "ჩემპიონატისგან"), მამუკა კობახიძე კი სათადარიგო იყო.
I დივიზიონში მე-18 ტურის თამაშები გაიმართა. ქართველთა "ტოსნომ" სტუმრად იმარჯვა დერბიში პეტერბურგის "დინამოსთან" - 3:1 და 31 ქულით მე-5 ადგილზეა. ნუკრი რევიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ნავალოვსკი 61-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ხოლო მიხაილ გორელიშვილი 83-ეზე გამოჩნდა. ოთარ მარცვალაძეს დიდი ხანია, არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა "ტოსნომ", ფაქტობრივად, უმწვრთნელოდ მოიგო - გუნდს 34 წლის კირილ გაშიჩევი დროებით წვრთნის.
"ვოლგარმა" "სიბირს" თემურ ბუკიას დუბლით მოუგო - 2:0. "ჩემპიონატი" 20 წლის ფეხბურთელის გასწვრივ ორივე ქვეყნის დროშას უთითებს.
გიორგი შელიას "ბალტიკა" შინ 2:3 დამარცხდა "ანჟისთან". შელიას კარში სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს.
ხაბაროვსკში "სკა-ენერგია" "სახალინთან" დამარცხდა - 0:1. მასპინძელთა რიგებში სასტარტოში იყვნენ გუჯა რუხაია და კახა ალადაშვილი (ორივე შეცვალეს), გოგიტა გოგუა კი ტრავმირებულია, ლაშა იმედაშვილი - სათადარიგო. გამარჯვებულთა რიგებში ითამაშეს გოჩა ხოჯავამ და ზურაბ არზიანმა, ლევან ჯღარკავა სათადარიგო იყო, გიორგი კახელიშვილი კი - ტრავმირებული.
კობახიძემ მახარაძეს გაუტანა
უკრაინაში სანდრო კობახიძის "ვოლინმა" დონეცკის "ოლიმპიკი" გაანადგურა - 4:0. ჩვენებურმა ბოლო წამებზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - მან ზაურ მახარაძის კარში გაიტანა. ეს კობახიძის პირველი გოლია ჩემპიონატში. აქამდე ერთი გოლი "ვოლინმა" სანდროს დარტყმულზე დამატების შემდეგ გაიტანა. "ზორიამ" 3:0 მოუგო ზაპოროჟიეს "მეტალურგს". გამარჯვებულთა რიგებში 77-ე წუთზე გამოჩნდა ჯაბა ლიპარტია.
ლვოვში "დნიპრო" "შახტარს" ჩემპიონატის ლიდერის რანგში "ესტუმრა" და 0:0 დაუზავდა. "დნიპრომ" თამაში 10 კაცით დაასრულა, ჯაბა კანკავამ კი შეუცვლელად ითამაშა.
უკრაინული პრემიერლიგის აუტსაიდერმა ლვოვის "კარპატიმ" გმირულ ფრეს (0:0) მიაღწია კიევის "დინამოსთან" გასვლით მატჩში. სტუმართა შორის ბუბა დაუშვილმა სრულად ითამაშა.
კაპიტანი სასტარტოს დაუბრუნდა
"ფეიენოორდთან" შეხვედრაში "ვიტესის" სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და პირველივე ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო. არნემული შეხვედრა 0:0 მორჩა. შოთა არველაძის "ქასიმფაშა" შინ 2:2 დაუზავდა "გენჩლერბირლიგის".
საბერძნეთის სუპერლიგაში კრეტული ოფი სტუმრად "ქსანთისთან" დამარცხდა - 1:2. საბედნიეროდ, გიორგი ლორიას ტრავმა არ გამოდგა სერიოზული და მან ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. მოედანზე იყო გიორგი მერებაშვილიც, რომელიც ასევე გამოიძახეს ნაკრებში. ორივე ჩვენებური გააფრთხილეს.
რუმინეთში "კლუჟმა" სტუმრად აჯობა "ბოტოსანის". გიორგი ჭანტურია სათადარიგო იყო. პოლონეთში "რუხთან" საგარეო მატჩში განადგურდა ნიკა ძალამიძის "იაგელონია" - 2:5. ქართველი ნახევარმცველი 65-ე წუთზე შეცვალეს, მან მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა.
დანიაში ლადო დვალიშვილის "ოდენსე" სტუმრად "სონდერისკესთან" 1:2 დამარცხდა. ჩვენებური 73-ე წუთზე შეცვალეს.
უნგრეთში "დიორი ეტომ" სტუმრად 3:0 დაამარცხა "პეჩი". გამარჯვებულთა რიგებში სათადარიგო იყო გიორგი ქვილითაია.
ჩეხეთში არ შედგა ლევან ყენიას დებიუტი - პრაღის დერბიში "სლავია" "დუკლას" დაუზავდა - 2:2, ხოლო ქართველი ახალწვეული სათადარიგო იყო.
გელაშვილი გააძევეს
კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" შინ 0:0 დაუზავდა "ახნასს". ირაკლი მაისურაძე (75-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი აბურჯანია მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. "ერმისმა" "ოთელოსი" 1:0 დაამარცხა. გასაგები მიზეზების გამო სტუმართა მეკარე როინ კვასხვაძეს არ უთამაშია, ლევან ხმალაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი (87-ე წუთზე შეცვალეს) კი სასტარტოში იყვნენ. "ომონია" დღეს თამაშობს.
ალბანეთში ორი ტურის შემდეგ პირველად გამოჩნდა ნიკოლოზ გელაშვილი, თუმცა ის 37-ე წუთზე გააძევეს, ქართველი ლეგიონერის "ფლამურტარი" კი "აპოლონიას" დაუზავდა - 1:1.
ლატვიურ ვირშლიგაში გავიდა ქართული გოლი - "იურმალა" "დაუგავპილსთან" 2:4 დამარცხდა წაგებულთა ერთი გოლი ბესარიონ ხარძიანის ანგარიშზეა.
ესტონეთში ჩემპიონატი დასრულდა, "ფლორა" დამარცხდა სტუმრად "სილამაესთან". წაგებულთა ერთი გოლი ზაქარია ბეგლარიშვილის ანგარიშზეა.
ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "გენკმა" "სტანდარდს" უქართველებოდ უმასპინძლა. თორნიკე ოქრიაშვილის ამბავი კარგად მოგეხსენებათ. განაცხადში არც ლუკა ზარანდია ყოფილა.
ნორვეგიის ტიპელიგის (უმაღლესი) ბოლო ტურში "სტაბეკი" სტუმრად "სოგნდალს" შეხვდა და უკვე გავარდნილ მეტოქეს ორი "მშრალი" გოლი ბოლო წუთებში გაუტანა. სტუმართა შემადგენლობაში 79-ე წუთამდე ითამაშა ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ. "სტაბეკმა" ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"