მოსკოვის "ლოკომოტივი" მზადაა, მოსკოვის "სპარტაკისგან" ჯანო ანანიძე და მისი მეგობარი არტიომ ძიუბა შეიძინოს. ამის შესახებ ცნობას გაზეთი "იზვესტია" ავრცელებს, რომელსაც შესაძლო ტრანსფერებზე აგენტი ვლადიმირ აბრამოვი ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ძიუბასთან ერთად შარშან "როსტოვში" იყო განათხოვრებული. თუმცა "სპარტაკში" დაბრუნების შემდეგ არც მას და არც მის მეგობარს გუნდში საქმეები სახარბიელოდ არ წაუვიდათ. კარგა ხანია, გამოითქმის ვარაუდი, რომ ორივე ფეხბურთელი მოსკოვურ კლუბს ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს.
როგორც ირკვევა, "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობას ჯანოს და ძიუბას გადაბირებას გუნდის ამჟამინდელი თავკაცი მიოდრაგ ბოჟოვიჩი ურჩევს, რომელმაც სწორედ ამ ფეხბურთელებთან ერთად მოიგო "როსტოვში" რუსეთის თასი.
"ისინი (ჯანო და ძიუბა) ვარსკვლავები "როსტოვში" გახდნენ და "ლოკომოტივის" მწვრთნელი მათ კარგად იცნობს. თუკი ტრანსფერები განხორციელდება, ამ მოთამაშეებისთვის სამართლიანობა იზეიმებს", - დასძენს აგენტი, რომელიც ამბობს, რომ ჩერნოგორიელ სპეციალისტს სწორედ ჯანომ და ძიუბამ მოუტანეს აღიარება რუსულ ფეხბურთში.
რუსეთის პრემიერლიგის 13 ტურის შემდეგ, მოსკოვის "ლოკომოტივი" 22 ქულით სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს. ამდენივე ქულა აქვს "სპარტაკსაც", რომელიც ცხრილში მერვეა.