გიორგი ფოფხაძე: ჩემი ბრალია, "ვისლასთვის" იმხელა თანხა არ უნდა მომეთხოვა

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივარი გიორგი ფოფხაძეს კარგად იცნობს. 28 წლის ფეხბურთელს აქამდე "თბილისის", "ოლიმპიაკოსის", "ვიბორგის", "ზესტაფონის", "შტურმის", "ბაქისა" და "სიონის" ღირსება დაუცავს.

ის ქართველ ფეხბურთელთა შორის გამორჩეულია ერუდიციით, ნაკითხობით, ხასიათით... 2006 წლიდან მას საქართველოს ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

ფოფხაძემ სეზონი "სიონში" დაასრულა. რა იქნება შემდეგ? ამ და სხვა კითხვებზე "ლელოს" თავად ფეხბურთელმა უპასუხა:

- თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მადლობა გადავუხადო ლადო ბურდულს. ორი თვე "სიონში" ვიყავი და სათამაშო პრაქტიკა მქონდა. ყველანაირად დამიდგა გვერდში.

- საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს 2011 წელს ითამაშეთ "ზესტაფონში".
მას შემდეგ წინსვლას ამჩნევთ თუ რეგრესი გვაქვს?

- როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება მაშინდელისგან დღევანდელი სიტუაცია. გაუარესება აშკარაა. ეს ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, ყველამ გაიზიაროს.

- მაინც რა კომპონენტებში ამჩნევთ უკუსვლას?
- ყველაფერზე რომ ვილაპარაკო, ორი დღეც არ მეყოფა. როცა ფეხბურთელი თამაშის მერე ვერ დაიბანს და ისე იმგზავრებს, რაღა უნდა ვთქვა?

მოედნები, სავარჯიშო მინდვრები, ფინანსები - ერთი ამოსუნთქვით რაც ჩამოითვლება, ესაა. კვება, ვიტამინები, აღდგენა - ფეხბურთს ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ.

- ევროპაში დაბრუნების იმედი თუ გაქვთ?
- დაიწყო ამაზე მუშაობა და ვნახოთ... იმედი მაქვს, თუნდაც პოლონეთში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში შევძლებ გადასვლას.

წინა ზამთარს, პრაქტიკულად, გადასული ვიყავი "იაგელონიიდან" "ვისლაში". კონტრაქტი რომ ჩაიშალა, საკუთარ თავს ვაბრალებ. იყო "ლეგიას" რეალური ვარიანტიც, თუმცა საბოლოოდ არაფერი გამოვიდა.

- და რატომ ჩაიშალა "ვისლასთან" კონტრაქტი? რა არის თქვენი ბრალეულობა?
- არ უნდა მომეთხოვა ის თანხა, რაც მოვითხოვე. ფული პირველ ადგილზე არასდროს მდგარა ჩემთვის, მაგრამ იმდენსაც არ იხდიდნენ, რამდენსაც "იაგელონიაში" ვიღებდი.

"ვისლა" კარგი გუნდია, დიდი ტრადიციები აქვს. უკეთესი იქნებოდა, დავთანხმებოდი. ჩემი უარის შემდეგ პოლონელი ბავშვი აიყვანეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული