გიორგი ჭანტურია: ეს მართლაც დაუჯერებელი იყო...

AutoSharing Option
საქართველოს დღეს არ ჰყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი, თამაშის მსვლელობისას სკამიდან რამდენჯერმე რომ წამოგახტუნებს. ერთ-ერთი ასეთი გიორგი ჭანტურიაა - ნიჭიერი, ტექნიკური, თამამი, ფინტების მოყვარული, მეტოქის კარზე დაგეშილი.

21 წლის ჭანტურიამ უკვე რამდენიმე გუნდი გამოიცვალა - "ბარსელონის" აკადემიიდან ჰოლანდიურ (არნემი) "ვიტესში" მივიდა, მერე იყო ვლადიკავკაზის "ალანია" და რუმინული "კლუჟი". ამ ზაფხულს გიორგი იტალიურ "ვერონაში" ვარჯიშობდა, თუმცა საბოლოოდ ისევ "კლუჟს" დაუბრუნდა, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინ ქრონიკულ უსახსრობას გამოექცა.

გიორგის საკლუბო მომავალი მალე უნდა გაირკვეს. მანამდე კი ჭანტურიას ინტერვიუს ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.

-
გიორგი, საინტერესოა, როდის შემოვიდა პირველად ფეხბურთი თქვენს ცხოვრებაში?

- პირველად დედამ წამიყვანა ფეხბურთზე, "ირაოზე". მაშინ 5 წლის ვიყავი. იმის შემდეგ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და მის გარეშე თავი ვერ წარმომიდგენია.

- ვინ იყო თქვენი ბავშვობის კერპი?
- ერთადერთი კერპი მყავდა ბავშვობაში - ანდრეი შევჩენკო.

- თქვენი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი...
- ალექსანდრე ჩივაძე. მისი თამაშის ცქერა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

- რა როლი შეასრულა ოჯახმა თქვენს ფეხბურთელად და პიროვნებად ჩამოყალიბებაში?
- უდიდესი! ოჯახის როლს ვერ შევაფასებ. იმიტომ, რომ ის უბრალოდ შეუფასებელია.

- ახერხებდით თუ არა სპორტული ცხოვრებისა და სწავლის შეთავსებას?
- სიმართლე გითხრათ, ვერ ვახერხებდი. აქცენტი თავიდანვე ფეხბურთელობაზე გადავიტანე. მეექვსე კლასიდან გამოვედი სკოლიდან.

- ვინ შეასრულა ყველაზე დიდი როლი იმაში, რომ დღეს ფეხბურთელი ხართ?
- დედამ და მამამ.

- რას ნიშნავს თქვენთვის "ბარსელონას" ფენომენი?
- "ბარსელონა" უდიდესი კლუბია. დაუსრულებლად შემიძლია, მის შესახებ ვილაპარაკო. მოკლედ ასე ვიტყვი: "ბარსელონას" წვლილი უდიდესია იმაში, რომ მე დღეს პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ.

- გაიხსენეთ ის დრო, როცა "ბარსელონას" ძირითად გუნდში ვარჯიშობდით....
- ორი კვირა ვივარჯიშე და ის დრო მართლაც დაუვიწყარია ჩემთვის. თუ დამიჯერებთ, ყოველი წამი მახსოვს. ეს მართლაც დაუჯერებელი იყო.

- ვინ არის თქვენთვის ლიონელ მესი?
- ის ჩემთვის უნიკალური ფეხბურთელია.

- "ალანიაში" ყოფნის დროს მოსკოვის "დინამოსთან" მატჩში მომხდარ ჩხუბში თქვენ იყავით მთავარი მოქმედი პირი...
- მაშინ კოკორინი არასწორად მოიქცა. არ მინდა დეტალებზე ლაპარაკი. სამწუხაროდ, მეც ვერ შევიკავე თავი. ეს კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის.

- არნემის "ვიტესი" რას ნიშნავდა თქვენთვის?
- ჩემი პროფესიული კარიერა სწორედ "ვიტესში" დაიწყო. ბევრი კარგი მახსენდება და ბევრიც - ცუდი. საერთო ჯამში არნემში მაინც კარგი იყო.

- რა ხდება "ვერონასთან" დაკავშირებით?
- მე ხელი არაფერზე მაქვს მოწერილი. არსებობს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება. ამიტომ, ჯერ არ ვიცი, სად გავაგრძელებ თამაშს.

- "კლუჟში" არსებულ ფინანსურ კრიზისზე ლეგენდებს ჰყვებიან. რა ხდება სინამდვილეში?
- ცხრა თვეა ზუსტად, რაც ხელფასი არ ამიღია. ცხადია, ასე ვეღარ გაგრძელდება. იანვარში ძალიან ბევრი ფეხბურთელი დატოვებს გუნდს, ისევე, როგორც მე, მაგრამ გუნდის მონაგარი მაინც წარმატებულია - მეორე ადგილზეა რუმინეთის ჩემპიონატში და თასის ნახევარფინალშიცაა გასული.

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი საფეხბურთო ოცნება?
- ვითამაშო საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე. ასევე, ძალიან მინდა ჩემპიონთა ლიგაში თამაში.

- გაიხსენეთ თქვენ მიერ გატანილი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი...
- ასეთად "ნაიმეგენთან" დერბიში გატანილ გოლს დავასახელებდი. "ვიტესს" ამ გუნდთან 12 წელი არ ჰქონდა მოგებული და სწორედ ჩემი გოლის წყალობით გაიმარჯვა. გოლიც ლამაზი გამოვიდა, თუმცა... (იხილეთ ვიდეო)

- რა მოხდა?
- იმ თამაშში წითელი ბარათიც მივიღე...

- სად გააგრძელებს კარიერას გიორგი ჭანტურია?
- არის რამდენიმე საინტერესო ვარიანტი, მაგრამ არ მინდა წინასწარ ლაპარაკი. გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებთან ერთად მივიღებ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ოთო ძაან ბევრი იცი პროფესიონალიზმზე? სერხიო რამოსმა რომ სკოლის დიპლომი ეხლა აიღო თვალები ხომ არ დაგიბრმავდა?
ზვიად
20:31 29-12-2014
0
მიხეილ მესხი
გარდასულ ფეხბურთს ახლაც გვაგონებს
გათელილი აქვს ბუცით მინდორი,
მიხეილ მესხი ბურთს კვლავ აგორებს
შუბლზე აცხია უფლის მირონი.
ქარიშხალივით დაქრის მინდორზე
მას ხომ ფეხბურთის ღმერთი აბოდებს
მიხეილ მესხი იბრძვის დიდგორზე
მისი თამაში ელვას გვაგონებს.
დაიქუხებს და ელვარებს მეხი
მოედანი კი ბრჭყინავს ცის სწორზე,
გარღვევაზეა მიხეილ მესხი
მცველები ყველა ყრია მინდორზე.
ხმა ეროსისა ჟრუანტელს მოგგვრის
გულშემატკივართ ზღვა ხმა ღელდება,
შეტევაზეა მიხეილ მესხი
და მისი გოლი ბადეს ეხვევა.
სიმღერა,ცკვა,ცეცხლი ქართულად
მისთვის აქ არის ახლა დიდგორი
მეტოქეები მიწას გართხმულან
დაგლეჯილი აქვთ ბუცით მინდორი.
ისმის გუგუნი,ფინტავს მესხურად
ფინტების,ფინტთა,ფინტის მესია
მცველები ბურთის ძებნით დაღლილან-
ფინტების მეფე,მეფე მესხია.
ისევ ფინტები და კვლავ შეტევა
მეტოქის გუნდი არევაზეა,
გული საგულეს აღარ ეტევა
მიხეილ მესხი გარღვევაზეა.

ნიკოლოზ ბასილაძე
nikoloz basilaze
00:39 29-12-2014
0

სიახლეები პოპულარული