ზაურთან დაკავშირების სურვილი ჯერ ამან განაპირობა და მეორე ფაქტორმაც - დონეცკის ფეხბურთის აღზრდილი "ოლიმპიკის" კარს იცავს. ინტერვიუში თავად თქვა, რომ "შახტარში" არაერთხელ ეპატიჟებოდნენ, მაგრამ უარს ამბობდა იმ მოტივით, რომ დარწმუნებული იყო, იჯარით მაინც სხვაგან გაუშვებდნენ, არადა, სკამზე ჯდომა კი არა, თამაში სურდა.
ახლა კი, უკრაინელი კოლეგისგან შევიტყვეთ, რომ მახარაძეს "შახტარში" გადაყვანას უპირებენ. ირაკლი ლილუაშვილი, რომელიც უკრაინაში
მახარაძეს უკრაინაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ:
- ვიცით, რომ უკრაინაში დაიბადეთ. როდის წავიდა მამა საქართველოდან?
- ახალგაზრდა იყო, აქ სასწავლებლად რომ ჩამოვიდა და დარჩა. გურულები ვართ. მამა ჩოხატაურელია. იქ დღემდე ცხოვრობენ ჩემი ბებია, ბაბუა, ბიძა და ნათესავები.
- ქართულად ვერ ლაპარაკობთ, მაგრამ თუ გესმით მშობლიური ენა?
- არა და, სიმართლე გითხრათ, ამის გამო მრცხვენია. მამა ბავშვობაში მასწავლიდა ქართულს, მაგრამ ლაპარაკი მიჭირდა. უკრაინაში ქართულად დამლაპარაკებელი არავინ მყავს, მამაჩემის გარდა და რაც ვიცოდი, ის სიტყვებიც მავიწყდება.
თუმცა არა უშავს, ამას მოევლება. ასაკოვანი ხალხი სწავლობს ინგლისურს და მშობლიური ენა როგორ ვერ უნდა ავითვისო? ეს ჩემთვის ერთგვარი მიზანიცაა - ქართველმა საკუთარი ენა აუცილებლად უნდა იცოდეს.
ისე, ქართულ სამზარეულოში უკეთ ვერკვევი.
- მერე? მოგწონს?
- ძალიან. მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი სამზარეულო ქართველებს გვაქვს.
- საქართველოში ბოლოს როდის იყავით?
- ხუთი წლის წინათ. მამაჩემი ხშირად ჩამოდის. მარტო შარშან რამდენჯერმე იყო საქართველოში. მე კი, სამწუხაროდ, ბევრჯერ მსურდა ჩამოსვლა, მაგრამ შეკრებების გამო ვერ ვახერხებდი. მინდა დრო წლეულს მაინც გამოვნახო. საქართველოში ხალხიც კარგია, ბუნებაც... მოკლედ, მაქაურობა ძალიან მიყვარს.
- დაახლოებით, მსგავსი ისტორია აქვს მიხეილ ფოცხვერიასაც, რომელიც დონეცკის "შახტარისა" და უკრაინული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა...
- მიშას ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ.
- თქვენი ასაკის გათვალისწინებით, ბევრს მიაღწიეთ - უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში პატარა ამბავი არ არის...
- კი, მქონდა ეს ბედნიერება. მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის უფლება აღარ მაქვს.
- შემდეგი სამიზნე ეროვნული ნაკრები უნდა იყოს. ფოცხვერიამ არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა და ყველა სიკეთეზე უარი თქვა. რა დასამალია და, ამის იმედად დაგიკავშირდით. თქვენც იმავეს ხომ არ იტყვით?
- ქართველი ვარ... მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს მოვერიდები...
- საქართველოს ნაკრებში მიწვევის მიზნით ფეხბურთის ფედერაციიდან არავინ დაგკავშირებიათ?
- არავინ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ასეთ გადაწყვეტილებას ერთ და ორ დღეში ვერ მივიღებ. დასაფიქრებელია.
- და მაინც, წინადადებით რომ მოგმართონ, მართლა დაფიქრდებოდით?
- ახლა ვერაფერს ვიტყვი. როცა წინადადება იქნება, მერე ვილაპარაკოთ. ვიფიქრებ, დავთანხმდე თუ არა.
- მაღალ დონეზე თამაშის შანსი უკრაინის პრემიერლიგის მესამეადგილოსანი გუნდისა და ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრს უფრო აქვს, ვიდრე - საქართველოს ნაკრების მოთამაშეს. ასეთია დღევანდელი რეალობა. ძნელია, ადამიანს შესთავაზო იმ ქვეყნის ნაკრებში თამაში, რომელიც ფიფას რეიტინგში 126-ე ადგილზეა. მაგრამ ქართველი ხართ და, შეიძლება, გქონდეთ ამის სურვილი...
- მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ადგილზეა შენი ქვეყნის ნაკრები. ხომ გითხარით, ეს რთული თემაა. თუმცა, ვიმეორებ - ქართველი რომ ვარ, არასოდეს დამვიწყებია.
- ამბობენ, ზაურ მახარაძეს დონეცკის "შახტარში" იწვევენო...
- ამგვარი საკითხებით "ოლიმპიკის" ხელმძღვანელობაა დაკავებული და ისინი გადაწყვეტენ, დავრჩები თუ სხვა გუნდში გამიშვებენ. ჩემთვის, პირადად, არავის უთქვამს, ესა და ეს გუნდი გიწვევსო.
- უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებული შეხვედრებიდან განსაკუთრებით რომელი დაგამახსოვრდათ?
- ბევრი არც მითამაშია, ერთ ამხანაგურ მატჩში და ერთ ტურნირში მივიღე მონაწილეობა. მერე ტრავმა მივიღე და გუნდს ვეღარ დავეხმარე. სხვათა შორის, ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავდა. ყველა მატჩი კარგად მახსოვს.
- სხვათა შორის, "თანამეგობრობის თასზე" უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში სამმა ქართველმა ითამაშა - აქუბარდიამ, იაშვილმა და მესხიამ...
- ისინი წინა თაობის ნაკრებში იყვნენ. კარგი ბიჭები არიან. საერთოდ, უკრაინაში ბევრი ქართველია.
- რომელიმე მათგანთან თუ ურთიერთობთ?
- რაც უნდა უცნაური იყოს, სამწუხაროდ, ახლო ურთიერთობა არავისთან მქონია - ვერ ხერხდება. ისე, მათ შორის საკმაოდ საინტერესო მოთამაშეებიც არიან. მაგალითად, "დნიპროსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკავა მომწონს, ღირსეული მოთამაშე და ადამიანია.
- ქართველი მეკარეების თამაში თუ გინახავთ?
- კი, რევიშვილისაც და ლორიასიც. საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ.
- რომელი მეკარეები მოგწონთ?
- გამორჩეულად მომწონს კასილიასი, დე ხეაც. პიროვნულად კი, კასილიასს ყველაზე მაღლა ვაყენებ - უბრალო ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია.
- ცნობილი ამბების გამო, თქვენი გუნდი კიევში ვარჯიშობს. დონეცკში სახლი დატოვეთ?
- დონეცკში სახლი არც მქონია. მამა თავიდანვე ოდესაში ცხოვრობდა და ოჯახი, მშობლები და ჩემი და დღემდე ამ ქალაქში არიან. მადლობა ღმერთს, ოდესას ომი არ შეხებია. მაგრამ უკრაინის ამბებს ძალიან განვიცდი. ქვეყანაც კარგია და ხალხიც. ძალიან მინდა, აქ მშვიდობამ დაისადგუროს. იმავეს ვუსურვებ საქართველოსაც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"