გიორგი ალავერდაშვილი: ზაბჟეს "გურნიკში" ჩემი საკითხი ოთხშაბათს გადაწყდება

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი თავდამსხმელი, 27 წლის გიორგი ალავერდაშვილი პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში, ზაბჟეს "გურნიკში" ვარჯიშობს. საშემოდგომო ეტაპზე გამართულ 19 შეხვედრაში "გურნიკმა" 28 ქულა დააგროვა და პოლონეთის 16-გუნდიან ექსტრაკლასაში მე-6 ადგილზეა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, პოლონეთის ნაკრებისა და "ევერტონის" ყოფილი ნახევარმცველი რობერტ ვარჟიხაა, რომელმაც ქართველ ფეხბურთელზე კომენტარი გამოცემა "კატოვიცესპორტთან" ინტერვიუში გააკეთა:

"ალავერდაშვილმა საკონტროლო შეხვედრაში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა, ინდივიდუალურადაც კარგად გამოიყურებოდა. ის კონტრაქტის გაფორმებას უახლოვდება. კარგია, რომ ქართველი ფეხბურთელის საბუთები მალე ხელთ გვექნება".

ამ კომენტარს რომ გავეცანით,
თავად ალავერდაშვილთან დაკავშირება გადავწყვიტეთ. აი, რა გვითხრა მან:

"პოლონეთში ჩემ გადასვლაზე ლაპარაკი იმ დროს დაიწყო, როცა რუმინული "გაზ მეთანიდან" წამოვედი. სამწუხაროდ, მაშინ ეს ვერ მოხერხდა და სათამაშოდ რუსთავის "მეტალურგში" გადავედი. მადლობა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიასა და ყოფილ თანაგუნდელებს...

ჩემს ტრანსფერზე მოლაპარაკება ამ ზამთარს განახლდა. თავიდან ჩემით ლეჩნას "გურნიკი" დაინტერესდა, რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასაში წლეულს გადმოვიდა, მაგრამ მერე ზაბჟელები დაინტერესდნენ და წამოვედი, რადგან პოლონეთის 14-გზის ჩემპიონი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია.

მართალია, "პოლონიასთან" საკონტროლო შეხვედრაში გოლი არ გამიტანია, მაგრამ კარგად ვითამაშე და ვარჟიხამაც დადებითად შემაფასა. ოთხშაბათს მეორე სპარინგია და ჩემი საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება", - ამბობს ალავერდაშვილი.

ლეჩნას "გურნიკში" მან წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი ზურაბ ცისკარიძე გაიცნო და ორიოდ სიტყვა მასზეც გვითხრა:

"სხვათა შორის, ზურა ძალიან კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა. რუსეთის პრემიერლიგაში, ამერიკასა და კანადაში უთამაშია, ძალიან კარგი მცველი და საყრდენი ნახევარმცველია.

მე ვინ მეკითხება, მაგრამ მგონია, რომ ჩვენს ნაკრებს ასეთი ფეხბურთელი არ აწყენდა. მშობლიური ენა არ იცის, მაგრამ ამის მიუხედავად, ქართველობს და დღემდე ქართული პასპორტი აქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული