გურამ კაშია: დღევანდელ "ვიტესს" ვილფრიდ ბონი აკლია

AutoSharing Option
ფოტოზე: ვილფრიდ ბონი, გიორგი ჭანტურია და გურამ კაშია "ვიტესში"

ჰოლანდიის ჩემპიონატი ლიდერ "პსვ ეინდჰოვენთან" 0:1 მარცხით განაახლა ქართველთა "ვიტესმა". ამ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.

მატჩის შემდეგ კაპიტანი კაშია gelderlander.nl-ს ესაუბრა.

"ლიდერის წინააღმდეგ ვითამაშეთ და საკმაო რაოდენობის საგოლე შანსიც შევქმენით. სულ მცირე, ქულას მაინც ვიმსახურებდით. პსვ-ს გოლის გატანისთვის ნახევარი შანსიც კი ეყო. აი, ეს არის კლასი. ამიტომაც არის პსვ პირველ ადგილზე.

დევი პრიოპერმა ფორვარდად ითამაშა და ის კარგადაც გაისარჯა. რატომაც არა - თუ გახსოვთ, 2012 წლის
ევროპის ჩემპიონატზე სესკ ფაბრეგასმა ფორვარდად ითამაშა, ხოლო ფერნანდო ტორესი, ძირითადად, სკამზე იჯდა. ესპანეთი ფაბრეგასთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

ასე რომ, ყველაფერი კლასზეა დამოკიდებული და არა პოზიციაზე.

ჩვენ გვყავს საკმაო რაოდენობის ფეხბურთელები, რომელთაც გოლების გატანა შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ აღარ გვყავს ვილფრიდ ბონი, ვისთვისაც სანახევრო შანსი საკმარისი იყო თავის გამოსაჩენად.

პსვ-სთან მოედანზე ბონი რომ გვყოლოდა, ის ამ დაპირისპირებას საჩვენოდ გადაწყვეტდა", - განაცხადა ქართველმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ ვილფრიდ ბონი "ვიტესის" ფეხბურთელი იყო და თავდასხმაში გიორგი ჭანტურიას უწევდა კონკურენციას, სანამ ინგლისში გადავიდოდა.

ახლახან აფრიკელი "სუონსიდან" 28 მილიონ გირვანქად ინგლისის ჩემპიონ "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული