მანამდე კახა მახარაძე თბილისის "დინამოს", "ლოკომოტივის", ბათუმის "დინამოს", "ჩიხურასა" და ტაშკენტის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. ის ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, მალხაზ მახარაძის ვაჟია.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ მახარაძეს რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა სხვა გუნდში გადასასვლელად, თუმცა მან ისევ "ფახთაქორში" დარჩენა არჩია.
"ლელო" კახას თურქეთში დაუკავშირდა, სადაც ტაშკენტურ გუნდთან ერთად შეკრებაზეა...
- რატომ გადაწყვიტეთ "ფახთაქორში" დარჩენა?
- უკვე 5 წელიწადია,
- გქონდათ თუ არა სხვა გუნდში გადასვლის ვარიანტები?
- კი, იყო შემოთავაზებები, მაგრამ "ფახთაქორში" დარჩენა ვამჯობინე.
- რას იტყვით უზბეკეთის ჩემპიონატზე?
- საშუალო დონის პირველობაა. აქაურები ფეხბურთს დიდ ყურადღებას აქცევენ. უნდათ, რომ სპორტის ეს სახეობა განვითარდეს. ხალხიც ბლომად დადის სტადიონზე.
- რამდენი ხნით გააგრძელეთ კონტრაქტი "ფახთაქორთან"?
- ერთი წლით.
- კარგა ხანია, არ გითამაშიათ საქართველოში. როგორ შეიცვალა კახა მახარაძე მას შემდეგ?
- გავიზარდე. ერთი სიტყვით ასე შემიძლია დავახასიათო საკუთარი თავი. ყველაფერი იცვლება ქვეყანაზე; წლები გადის, შენც იცვლები...
- ახლა სად ხართ შეკრებაზე?
- ანტალიაში ვართ. ბევრს ვვარჯიშობთ.
- საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. ვიცით, რომ თქვენით ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელი კახა ცხადაძეა დაინტერესებული. ხომ არავინ დაგკავშირებიათ?
- არა, ჯერ არავინ შემხმიანებია. ახალი მწვრთნელი დაინტერესებული რომაა, არც ვიცოდი. ძალიან გამახარეთ, სტიმული მომიმატეთ...
- მართალია თუ არა, რომ თავის დროზე "ფახთაქორმა" საქართველოს ნაკრებში თქვენი გამოშვება დაბლოკა?
- "დაბლოკვას" ნუ დავარქმევთ. მაშინ არ იყო ეგრეთ წოდებული უეფას დღე და "ფახთაქორს" ჩემპიონატის თამაში ჰქონდა. ჩვენმა მწვრთნელმა დაურეკა თემურ ქეცბაიას და სთხოვა - დარჩესო. მათ ილაპარაკეს და ალბათ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.
- ახლა რომ გიხმონ საქართველოს ნაკრებში?
- რას ამბობთ?! ულაპარაკოდ ჩამოვალ! დიდი ხანია, ამ შანსს ველოდები.
- რომელია თქვენი ოპტიმალური სათამაშო ამპლუა?
- ვთამაშობ საყრდენ ნახევარმცველად. შემიძლია, ცოტა წინაც ვითამაშო.
- თქვენს თაობაში გამორჩეული იყავით. ბევრს უთქვამს - კახა მახარაძე ნიჭიერია, მაგრამ ცოტა უდისციპლინოო. ეს ადრე იყო. ახლა?
- გეთანხმებით. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებდი. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. შევქმენი ოჯახი, ვცხოვრობ მათთვის, ვემსახურები ჩემს პროფესიას...
- რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ მალხაზ მახარაძის შვილი?
- ფეხბურთელი რომ ვარ, მისი დამსახურებაა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"