გაგიგიათ "ლოკომოტივ გრუზია"? უკრაინულ-ქართული გუნდი კიევში

AutoSharing Option
ფოტოზე: "ლოკომოტივ გრუზია". ზედა რიგში მარცხნიდან პირველი გიორგი აბზიანიძე

კიევში ოლეგ მაკაროვის ტრადიციული მემორიალი ტარდება. მთავარი პრიზისთვის 23 გუნდი იბრძვის - კიევის "დინამოს" I ლიგის გუნდი, "შახტარის" ასაკობრივი გუნდი, უკრაინის თავისუფალი აგენტების ნაკრები (რომლის მიზანიც ამ ფეხბურთელებით გუნდების დაინტერესებაა) და ასე შემდეგ.

საინტერესოა, რომ B ჯგუფში თამაშობს "ლოკომოტივ გრუზია", რომელმაც უკვე სამი შეხვედრა გამართა: პირველი "ჩერნიგოვთან" 1:1 დაასრულა (გოლი კოშაძემ გაიტანა); მეორე ტურში ჩერკასკის "ლეგიასთან" 0:2 დამარცხდა, ხოლო შემდეგ კიევის საფეხბურთო სკოლას 2:0 მოუგო (გოლები: გაფრინდაშვილი, ტვილდიანი).

6-გუნდიან ჯგუფში "ლოკომოტივი-საქართველო"
მე-3 ადგილზეა.

როგორც შევიტყვეთ, ამ გუნდის მწვრთნელი ახალგაზრდა ქართველი კაცი, 31 წლის გიორგი აბზიანიძეა. მას უკრაინაში დავუკავშირდით:

"საქართველოში სპორტის აკადემიაში ვსწავლობდი. მერე სწავლა გერმანიაში, ლაიპციგის უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტზე გავაგრძელე. იქიდან 2006 წელს სტაჟირებაზე უკრაინაში გამგზავნეს და ჯერ კიევის პერსონალის მართვის უნივერსიტეტის ასპირანტურა დავამთავრე, ხოლო შემდეგ - კიევის სპორტის ნაციონალური უნივერსიტეტი. ასე შემოვრჩი უკრაინას და საფეხბურთო მენეჯერობას მივყავი ხელი.

ეს სფერო მაინტერესებდა. ინტერესი იმანაც გამიღვივა, რომ უკრაინაში უამრავი ქართველი ახალგაზრდა ჩამოდიოდა, რომელთაც, ნიჭის მიუხედავად, თავის დამკვიდრება უჭირდათ. შევეცადე, მათთვის ხელი შემეწყო და გუნდებში დამესაქმებინა. საბოლოოდ, მივხვდი, რომ საუკეთესო გამოსავალი უკრაინულ-ქართული გუნდის ჩამოყალიბება იქნებოდა.

ჩემი მეგობარი კიევის "ლოკომოტივის" მწვრთნელია. გუნდი კიევის ჩემპიონატის მონაწილეა. "ლოკომოტივს" კიევის ცენტრში საკმაოდ კარგი ბაზა აქვს და შევთანხმდით, რომ გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელებით დავაკომპლექტებდით, მათ შორის კი, ბევრი ქართველი იქნებოდა", - ამბობს აბზიანიძე.

მისივე თქმით, მაკაროვის მემორიალზე "ლოკომოტივ გრუზიას" სახელით სწორედ ეს გუნდი მონაწილეობს:

"ერთი წელია, რაც გუნდი უკრაინულ-ქართულია. ჩვენთან 12 ქართველი თამაშობს. ორი მათგანი 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია: გიორგი ქობულაძე და თორნიკე გაფრინდაშვილი;

ჩამოვიდა პირველი ლიგის "ზოოვეტის" თავდამსხმელი გოჩა ტვილდიანი და "ლოკომოტივის" გაზრდილი გერასიმე რეზესიძე. ჩვენთანაა 1997 წელს დაბადებული ლევან მაჭარაშვილი, რომელიც 5 წელია, უკრაინაში თამაშობს".

ამ გუნდის წევრია გიორგი დევდარიანის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილი მარცხენაფლანგელი ლევან კოშაძეც. აბზიანიძე მის პერსპექტივაზეც გველაპარაკა:

Sportall.Ge
ფოტოზე: ლევან კოშაძე და გიორგი აბზიანიძე

"მეორე ლიგაში ლეგიონერის თამაში ძნელია. ლევანი უკრაინაში ერთი წლის წინ ჩამოვიდა და კონტრაქტი პასპორტის გამო ვერ გააფორმა. მხოლოდ ამიტომ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და უკრაინის პასპორტი აიღო.

სხვათა შორის, ის ტურნირზე ისე მოეწონათ, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები დაინტერესდა, II ლიგის ლიდერ ჩერკასკის "დნიპროში" კი უკვე მიიწვიეს.

აქ დიდი ხელფასები არაა, 1000 დოლარამდე თუ იხდიან და პრემიას დაუნიშნავენ. სამწუხარო ისაა, რომ საქართველოში ასეთი პირობები უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდშიც კი სანატრელია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ გიო ძალიან მახარებს შენი წარმატებები შენ ხარ მართლა პატრიოტი.ქართულ საქმეს აკეთბ ისე როგორც შეგიძლია.მიბაძეთ მეგობრებო კრიტიკა(დაცინვა) ადვილია საქმის კეთებაა ძნელი.
lali
17:56 01-02-2015
0
შენს პატრონს არავინ ეხება და თავი შეიკავე,ან არადა დაიბლოკები საკუთარ პატრონთან ერთად...................
gio-ს
10:16 22-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული