"შესაძლოა, საქართველოს შემდეგ კვიპროსში დამკვიდრება იოლი არც ყოფილიყო. მაგრამ მე "ანორთოსისთან" შეგუება არ გამჭირვებია. ჯერ მარტო იმიტომ, რომ გუნდში ორი ქართველი ვართ და გიორგი აბურჯანიას გვერდით თამაში ძალიან მეხმარება.
მეორე მომენტი ისაა, რომ "ანორთოსისის" მწვრთნელი ანდრე პაუსი და სპორტული დირექტორი ტედ ვან ლუვენი კარგად მიცნობენ. მათთან მალტურ "ვალეტაში" ვთამაშობდი, მენდობიან და მათი მოთხოვნებიც კარგად ვიცი", - ამბობს მაისურაძე.
26 წლის
"ამაზე მწვრთნელებს სულ გაურკვევლობა ჰქონდათ. სად არ მითამაშია, მარჯვენა თუ მარცხენა ფლანგებზე, გამთამაშებლადაც კი. უკვე ერთი წელია, რაც მალტასა და კვიპროსში ანდრე პაუსის ხელმძღვანელობით ვთამაშობ. ის საყრდენად მათამაშებს, რადგან ჩემი შესაძლებლობები კარგად იცის. რეალურად, სწორედ ესაა ჩემი პოზიცია.
ამან სტაბილურობა შემძინა. პაუსი კი ყველა ფეხბურთელს დავალებების მკაცრად შესრულებას სთხოვს და თუ ჩააგდე, მეორე შეხვედრაში სკამზე დაგსვამს.
დღეს ფეხბურთში მუდამ დროის მწვავე დეფიციტია და მთავარი ამოცანაა, მოედანზე სწრაფად იმოქმედო და თამაშის ტემპი არ დააგდო. საყრდენს კი გუნდში ძალიან მნიშვნელოვვანი ფუნქცია ენიჭება.
კვიპროსში რომ საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია, ევროთასებზე ამ ქვეყნის გუნდების ბოლო წლების გამოსვლაც მეტყველებს, ჩემპიონთა და ევროპის ლიგების მუდმივი მონაწილეები გახდნენ. ამიტომაც მიხარია, აქაურობას რომ შევეგუე. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ და უფრო ათლეტურიც გავხდი, რადგან აქ მოსამზადებლად ყველანაირი პირობებია".
მაისურაძის თქმით, მისი თანაგუნდელი გიორგი აბურჯანია "ანორთოსისში" შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა:
"გიორგი ჩამოიყვანეს როგორც პერსპექტიული ფეხბურთელი. მაგრამ იმდენად კარგად ათამაშდა, გამოცდილი ურუგვაელი კონკურენტი სკამზე "დასვა" და გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ ჩამოყალიდა. 19 წლის ბიჭს ასე რომ აღიქვამენ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
აბურჯანია ძალიან ძლიერ მოთამაშედ ყალიბდება და ეს მახარებს, რადგან საქართველოს ნაკრებს მისნაირი ფეხბურთელი აუცილებლად წაადგება".
"ანორთოსისის" ლეგიონერი მიიჩნევს, რომ მალტასა და კვიპროსში თამაშით ევროპულ ფეხბურთს შეეჩვია:
"მალტაში კიდევ ისეთი დონე არაა, როგორიც კვიპროსში. აქ საშუალო ევროპული დონის გუნდებია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ კვიპროსში თამაშმა არა მხოლოდ ფიზიკურად და თეორიულად, ფსიქოლოგიურადაც საკმაოდ გამზარდა და გამოცდილებაც შევიძინე.
ვფიქრობ, გავიზარდე და ნაკრებში მოხვედრის არა მხოლოდ სურვილი მაქვს, არამედ ახლა მეტი მოტივაცია და იმედი გამიჩნდა - ჩემი თავის უფრო მეიმედება. კვიპროსის ჩემპიონატის დონე საკმარისია საიმისოდ, აქედან ფეხბურთელი ნაკრებში გამოიძახო.
აქ ბევრი ქართველი თამაშობს, თითქმის ყველა მათგანი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, ნაკრებს ბევრი გამოადგება კიდეც".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"