ლეგიონის უქმეები: ქართველების "ვიტესი" "აიაქსს" მაინც უგებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტოზე: ვაკო ყაზაიშვილი ამსტერდამელთა გარემოცვაში

პარასკევიდან საქმეში აზერბაიჯანში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებიც ჩაერთვნენ. სამწუხაროდ, გასულ უქმეებზე ჩვენებურებს ოფიციალურ მატჩებში გოლი არ გაუტანიათ...

ფრანგულ ლიგა 1-ში კვლავ არ ჩანს ლუკა კიკაბიძე, რომელიც "ბასტიაში" ირიცხება. ის "ლანსთან" მატჩის (1:1) განაცხადში არ ყოფილა.

საფრანგეთის "ლიგა ნასიონალში" მოასპარეზე "პარიზის" რიგებში შედგა ამირან სანაიას დებიუტი. დივიზიონის ლიდერი სტუმრად "სტრასბურთან" დამარცხდა - 1:2. სანაია 63-ე წუთზე შევიდა მოედანზე. წაგების მიუხედავად, "პარიზი" პირველ ადგილზე დარჩა.

გერმანიაში ლუკას ჰუფნაგელის "უნტერჰახინგის" თამაში უამინდობის გამო გადაიდო.

როგორც ვწერდით, "რომასთან" მატჩის სასტარტოში
ადგილი დაკარგა ლევან მჭედლიძემ. ის 74-ე წუთზე შევიდა მოედანზე. ქართველმა ფორვარდმა ვერაფერი მოასწრო, "ემპოლიმ" კი, ბევრისთვის მოულოდნელად, არ წააგო "ოლიმპიკოზე" - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ერთი რანგით დაბლა (სერია B), "ლატინამ" 3:2 აჯობა "ლივორნოს", თუმცა ირაკლი შეყილაძეს არ უთამაშია - სათადარიგო იყო.

რაც უნდა ცუდ სიტუაციაში იყოს "ვიტესი", ბოლო დროს "აიაქსთან" მაინც ყოჩაღობს. გუშინაც არნემელებმა ჰოლანდიურ გრანდს 1:0 მოუგეს. ვაკო ყაზაიშვილი 83-ე წუთზე შეცვალეს (გოლი ამის მერე გავიდა), ხოლო გურამ კაშიას დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

ბელგიაში ქართველთა "გენკი" სტუმრად დამარცხდა (0:1) "შარლერუასთან", რომელიც ბოლოს 10 კაცით დარჩა. სტუმართა შორის 81-ე წუთზე შეცვალეს თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო ლუკა ზარანდია სათადარიგო იყო.

თურქულ სუპერლიგაში დამარცხდა შოთა არველაძის "ქასიმფაშა" - 0:1 შინ, "ბესაქშეჰირთან".

პორტუგალიაში "ჟილ ვისენტემ" 1:1 ითამაშა "სეტუბალთან", ოღონდ ავთო ებრალიძის გარეშე. ჩვენებური ისევ ტრავმირებულია.

გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" კი სტუმრად დაუზავდა (0:0) "ოლიანენშეს".

ძალიან ცუდად არის ოფი-ს საქმე. კრეტული კლუბი კიდევ ერთხელ დასაჯეს და ახლა 4 ქულა დააკლეს (მანამდე - 6). მას არც თამაშის ნება მიეცა და ამბობენ, რომ გიორგი მერებაშვილისა და გიორგი ლორიას გუნდს რანგით მესამე დივიზიონში დააქვეითებენ მძიმე ფინანსური პრობლემების გამო.

კვიპროსის პირველობაზე "ნეა სალამინა" შინ 0:1 დამარცხდა აპოელ-თან. ამ შეხვედრაში შედგა თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი პაპავას დებიუტი. მან შეუცვლელად ითამაშა. "ნეა სალამინაში" არ ყოფილა შოთა გრიგალაშვილი.

"ომონიამ" 4:2 დაამარცხა "დოქსა". მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშა უჩა ლობჟანიძემ.

ჩვენთვის საინტერესო დაპირისპირება იყო "ოთელოსსა" და "ანორთოსისს" შორის, რომელიც სტუმრებმა 2:0 მოიგეს. დამარცხებულთა კარს როინ კვასხვაძე იცავდა, შეუცვლელად ითამაშეს ელგუჯა გრიგალაშვილმა და ლევან ხმალაძემ. გამარჯვებულებში გიორგი აბურჯანია 70-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი მაისურაძეს თამაში დისკვალიფიკაციის გამო გაუცდა.

ალბანეთის პირველობაზე "ფლამურტარი" "ტირანას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. "ფლამურტარის" რიგებში საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი ირიცხება, მაგრამ მას ტრავმა აქვს. "ფლამურტარი" მხოლოდ მე-6 ადგილზეა.

ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა პირველობა აზერბაიჯანში, სადაც ჩვენს ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ნაკრების თავკაცის, კახა ცხადაძის "ინტერი" იმსახურებს. "ინტერმა" წარუმატებლად განაახლა სეზონი - შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ "სუმგაითს" ვერ მოუგო - 0:0. ცხადაძის გუნდი 30 ქულით მე-2 ადგილზე რჩება.

ლაშა სალუქვაძემ 90 წუთი ითამაშა, ბაჩანა ცხადაძე 72-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ალეკო ამისულაშვილს არ უთამაშია.

კიდევ უფრო მოულოდნელი იყო აზალ-ის გამარჯვება "ნეფთჩისთან" - 2:1. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლაშა კასრაძემ.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" 2:0 მოუგო "ხაზარს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული