დუშან უჰრინს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მინსკის "დინამოში" მიჰყავს

AutoSharing Option
თუ სასწაული არ მოხდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის მცველი გიორგი ფოფხაძე კარიერას ბელორუსის ყველაზე ტრადიციულ გუნდში, მინსკის "დინამოში" გააგრძელებს. გიორგი თურქეთში იყო, სადაც შეკრებაზე მყოფ "დინამოს" ხელმძღვანელობას ესაუბრა. ტრანსფერს წინ თითქმის არაფერი უდგას.

მინსკელებს თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი დუშან უჰრინი-უმცროსი წვრთნის. მან ფოფხაძის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია პოლონური "იაგელონიას" ხელმძღვანელობისგან მოიპოვა. საქმე ისაა, თურქულ შეკრებაზე "იაგელონია" და მინსკის "დინამო" ერთ სასტუმროში ცხოვრობდნენ და ცხადია, ერთმანეთში კონტაქტიც არ უჭირდათ.

შეგახსენებთ, რომ ფოფხაძე "იაგელონიაში" სულ ცოტა ხნის წინათ თამაშობდა. პოლონური კლუბიდან წამოსვლის
შემდეგ გიორგიმ მცირე ხნით ბოლნისის "სიონში" გააგორა ბურთი.

ახლა საქმე ასეა: ამ დღეებში ის მინსკში უნდა ჩავიდეს, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო ამის შემდეგ კონტრაქტსაც მოაწერს ხელს. როგორც გავიგეთ, მინსკის "დინამო" ქართველს ფინანსურად ნორმალურ პირობებს სთავაზობს.

მართალია, ფოფხაძე "დინამოში" იმდენს ვერ აიღებს, რამდენსაც "იაგელონიაში" უხდიდნენ, ან თუნდაც აზერბაიჯანულ "ბაქიში", მაგრამ გიორგი უყოყმანოდ დათანხმდა მინსკელთა შეთავაზებას. მისთვის ახლა ყველაზე ძვირფასი სათამაშო პრაქტიკაა, რაც საქართველოს ნაკრებში დამკვიდრების შანსს მისცემს. თან, კლუბის ხელმძღვანელებმა ფოფხაძეს პირდაპირ უთხრეს, რომ ბელორუსის მომავალ ჩემპიონატში "დინამო" მხოლოდ ოქროს მედლებისთვის აპირებს ბრძოლას.

მეორეც - მინსკელები ბოლო დროს წარმატებით თამაშობენ ევროტურნირებზე და ევროპალიგის მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზეც მოსინჯეს ძალა.

როგორც ზემოთ გვეწერა, ფოფხაძე უკვე იყო თურქეთში, მინსკელთა შეკრებაზე. იქ მან ბელორუსული გუნდის შემადგენლობაში ერთ ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშა - მინსკელები კორეულ "პოანგს" დაუპირისპირდნენ. ჩვენებურმა კი 45 წუთი დაჰყო მინდორზე.

ახლა დროა, უფრო ახლოს გავიცნოთ მინსკის "დინამო". ტრადიციებით მდიდარმა გუნდმა ბელორუსის დასრულებულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და საბოლოო ჯამში, მხოლოდ უკანასკნელ წლებში მუდმივ კონკურენტად ქცეულ ბორისოვოს ბატე-ს ჩამორჩა.

გუნდში მრავლად არიან როგორც ლეგიონერები, ისე ბელორუსის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები. უცხოელთაგან უნდა გამოვყოთ უკრაინელი დმიტრი ვორონკოვი, ასევე, ნიგერიელი, ბულგარული პასპორტის მქონე ჩიგოზი უდოჯი, სიერალეონელი უმარუ ბანგურა, ბოსნიელი ნუსმირ ფაიჩი, ჩერნოგორიელი ფატოშ ბეჩირაი და ხორვატი ნენად ადამოვიჩი.

ფაიჩი და ბეჩირაი "დინამომ" ახლახან დაიმატა. ფაიჩი სლოვენიური "მარიბორის" ერთ-ერთი ლიდერი იყო, ბეჩირაი კი ჩინეთში გადასვლამდე ზაგრების "დინამოს" ძირითადი თავდამსხმელი გახლდათ. ამით იმის თქმა გვსურს, რომ მინსკელთა მიზანი საშუალოევროპული დონის გუნდის ჩამოყალიბებაა.

ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ტრანსფერი ბოლომდე მივა და გიორგი ფოფხაძე წარმატებით გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ მინსკის "დინამო" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, დავით თარგამაძის გადაბირებითაა დაინტერესებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩიჩებს ძე ეკლდათ
sdfghjkl
15:54 11-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული