შოთა არველაძე: თვალი კიდევ ერთ ახალგაზრდა ქართველს დავადგი

AutoSharing Option
22 თებერვალს შოთა არველაძე 42 წლის გახდა. სიმბოლურია, რომ შოთას გაწვრთნილმა სტამბოლის "ქასიმფაშამ" სწორედ იმ დღეს უმასპინძლა "ტრაბზონსპორს" - კლუბს, სადაც შოთა და მისი ტყუპისცალი მთელმა თურქეთმა შეიყვარა.

Sportall.Ge
"ტრაბზონსფორთან" მატჩის წინ

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ "ქასიმფაშაში" წარმატებული დებიუტი ჰქონდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრ ლაშა დვალს...

მოკლედ, შოთა არველაძესთან დარეკვის მიზეზი საკმარისად გვქონდა და ინტერვიუც, ტრადიციულად, საინტერესო გამოვიდა:

- შეიძლება, "ტრაბზონთან" მაინცდამაინც ჩემს დაბადების დღეზე შეხვედრას სიმბოლური დამთხვევაც ვუწოდოთ, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც ერთი ჩვეულებრივი მატჩია, საკუთარ დაბადების დღეზე
კი აქამდეც არაერთხელ მითამაშია...

უფრო მნიშვნელოვანია, რომ ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, წინა ტურში (ინტერვიუ ჩაწერილია 20 თებერვალს - ავტ.) სტუმრად ფრე ვითამაშეთ "ქარაბუქთან". რა სჭირს "ქასიმფაშას"? - რამდენიმე მოთამაშე მოვისაკლისეთ და არც იღბალი იყო ჩვენს მხარეს...

მაგალითად, "ფენერბაჰჩესთან" 0:3 წაგებული მატჩის სტატისტიკას თუ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ თანაბარი თამაში იყო. მერე 6 ბურთი გავუშვით "მერსინისგან" და ა.შ. ასეთი მატჩების შემდეგ კი ძნელია მობილიზება...

- სწორედ "ქარაბუქთან" მატჩში შედგა ლაშა დვალის დებიუტი...
- ლაშა ნიჭიერი და ჭკვიანი ფეხბურთელია. თურქეთის სუპერლიგა რთული ლიგაა და დიდ ფიზიკურ მომზადებასაც მოითხოვს, მაგრამ სადაც ფიზიკურად უჭირს, დვალს იქ ორიენტაციის კარგი უნარი, საფეხბურთო ინტელექტი ეხმარება. იცის, რომ ხერხი სჯობია ღონესა! მისი გარჯით უკმაყოფილო რომ დავრჩენილიყავი, სადებიუტო შეხვედრაში შეუცვლელად ხომ არ ვათამაშებდი?! მჯერა, მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოუმატებს, რადგან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ლაშა მაღალი დონის პროფესიონალია და კარგად იცის, რომ კონკურენციის დასაძლევად ბევრი შრომა მოუწევს.

- ქართველი ფეხბურთელებისგან უკვე ისე გადავეჩვიეთ ძლიერ ლიგაში გადასვლას, ლაშას ამბავმა ძალიან გაგვახარა...
- ვცდილობ, ჩემს გუნდში სულ იყოს ქართველი ფეხბურთელი. იმედი მაქვს, ლაშას და ოთო გოშაძის გარდა, "ქასიმფაშა" მალე დაიმატებს კიდევ ერთ ჩვენებურს. მით უმეტეს, თვალი კიდევ ერთ ახალგაზრდა ქართველს დავადგი...

- მის ვინაობას ჯერ ვერ გაგვიმხელ?
- 19 წლის არის და თბილისის "დინამოშია" - ამ ეტაპზე, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია!

- ტყუპისცალზე გკითხავ - ეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ აჩი არველაძე შოთაზე ნიჭიერი იყო და გაუთავებელი ტრავმები რომ არა, ბევრად მეტს მიაღწევდა?
- რა თქმა უნდა! აჩი 16 წლის იყო, პირველად რომ გაიკეთა ჯვარედინი იოგის ოპერაცია. მას შემდეგ კიდევ ცხრა ოპერაცია დასჭირდა და რაღა უნდა ეთამაშა?! არადა, ქინქლაძესავით ნიჭიერი იყო, ოღონდ - მემარჯვენე! პროფესიონალიზმით კი გიოს ბევრად სჯობდა. ქინქი ცოტათი ზარმაცი იყო...

- ცოტათი?!
- მართლა არ იყო ისეთი ზარმაცი, როგორც ხატავენ. ამას წინათ ვნახე სტატისტიკა და გავვოცდი - ქინქლაძეს 600-მდე ოფიციალური თამაში აქვს ნათამაშები! ზარმაცი რომ ყოფილიყო, ამდენს ვერ მოაგროვებდა! შესაძლოა, ბოლომდე არ დახარჯულიყო, კვირაში მხოლოდ ორი დღე ევარჯიშა (თუმცა, მაინც ყველაზე მაგრად თამაშობდა!), მაგრამ სტატისტიკა ნამდვილად არ დაეწუნება...

- ვინ იყო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვის გვერდითაც გითამაშია?
- ყველაზე "გემრიელი" თამაში აჩისთან, გიოსა და ჯამარასთან ერთად გამომდიოდა! მე სხვანაირ ფეხბურთს ვთამაშობდი, ისინი კი საოცრად ტექნიკურები იყვნენ, მაგრამ მათი ყურებაც და პარტნიორობაც ერთი სიამოვნება იყო!

უცხოელებიდან, ალბათ, მაინც ლაუდრუპს და იბრაჰიმოვიჩს გამოვყოფდი! ისე, საქართველოში რომ მეუბნებოდნენ, თამაშის დროს ნუ ჯაჯღანებ, თორემ წახვალ უცხოურ კლუბში და ნახავ, ამის გამო თუ არ გამოგაგდონო, "აიაქსში" ჩემზე უარესი ჯაჯღანები დამხვდნენ (იცინის).

- ვინ იყო ყველაზე ჯაჯღანა?
- ძმები დე ბურები! თამაში იყო თუ ვარჯიში, სულ მათი ხმა ისმოდა - კაცი აიყვანე, უკან ჩამოდი და ა.შ. ნიჭზე რომ მკითხეთ - რაც პირადად მინახავს, ყველაზე მაგარ საჯარიმოებს რეზი ასრულებდა!

ერთხელ ჩეხეთში ვიყავით შეკრებაზე და ერთ მატჩში ოთხი ჯარიმა გაიტანა... ბევრმა არც იცის - 1993 წელს "ტრაბზონი" რეზის ეპატიჟებოდა და მასთან ერთად ან მე უნდა წავსულიყავი, ან აჩი. თუმცა რეზიმ უარი უთხრა - ტყუპი არ გაიყოფა, ან ორივეს წაიყვანთ, ან - არც ერთსო!

- თავად რატომ ვერ ითამაშა უმცროსი ძმების დონეზე?
- "კიოლნიდან" მისი წამოსვლა შეცდომა იყო. კი, მე და აჩიც წამოვედით "ტრაბზონიდან", მაგრამ თურქებს ჩვენ მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ და უკან დაბრუნება ნებისმიერ წუთს შეგვეძლო! რეზომ კი ბუნდესლიგის კლუბი მიატოვა და თბილისში წამოვიდა, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად თბილისის "დინამოს" ევროთასებზე უნდა ეთამაშა! წამოვიდა და მას შემდეგ ვეღარც ააწყო კარიერა...

თავს ნამდვილად არავის ვაყვედრით, მაგრამ ცუდია, ყველას რომ დაავიწყდა - მშობლიური კლუბის დასახმარებლად სამივე ძმამ არა მხოლოდ მატერიალური მხარე გადავდეთ გვერდზე, კარიერაც რისკის ქვეშ დავაყენეთ...

- საქართველოს ნაკრებს უკვე ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი. რას ფიქრობ, რა შეიცვლება გუნდში კახა ცხადაძის მისვლის შემდეგ?
- არ მიყვარს "ახალ ეტაპებზე" და "ახალი ფურცლიდან დაწყებაზე" ლაპარაკი. საინტერესოა, აქამდე ფეხბურთელებს ვინმე ხელს უშლიდა კარგად თამაშში ან "ახალი ფურცლიდან" დაწყებაში?!

სამწუხაროდ, ნაკრებში ისე იყო ვითარება დაძაბული, რაც კარგი იყო, ისიც კი აღარ ჩანდა. კახას მისვლის შემდეგ კი ასე ნამდვილად აღარ იქნება. თემურს უკვე ამოწურული ჰქონდა შემტევი თამაშის ყველანაირი კრედიტი, შექმნილი ვითარების ერთგვარი მძევალი იყო; ახალი მწვრთნელი კი ამ მხრივ გაცილებით წინ არის.

- თუმცა მასაც იგივე კონტინგენტი დახვდება, რაც თემურს ჰყავდა...
- იმედია, ფეხბურთელებიც გაითავისებენ, რომ ყველა ჯერზე მწვრთნელს ვეღარ დააბრალებენ მარცხს! კი ბატონო, ახალგაზრდა ფეხბურთელი კარგად თამაშობს პოსტსაბჭოთა ქვეყნის რომელიმე კლუბში ან თუნდაც ბელგია-ჰოლანდიაში, ორი მეტოქე მოუტყუებია, გოლიც გაუტანია, მაგრამ თბილისის აეროპორტში დროშებით რომ დახვდები, რაც უნდა ბევრი ელაპარაკო დიდგორზე, თუ ბავშვობიდან არ ვასწავლეთ, გაუჭირდება გაგება, რა კავშირია დიდგორსა და მომავალ მატჩს შორის! მაგრამ ტრიბუნებზე მსხდომთ არა აქვთ ასეთი განცდა და 20 წლის ბიჭს საიდან ექნება?! პატარაობიდან უნდა ვასწავლოთ, რომ მისი წილი ომი იქ არის, სადაც მუშაობს ან თამაშობს!

სამწუხაროდ, მხოლოდ თამაშამდე ორი დღით ადრე გვახსენდება, რომ "ჩვენ უკან საქართველოა"...

- ერთხელ მითხარი, ქართველი ფეხბურთელები Facebook-ში რომ შედიან, იმდენჯერ მოედანზე რომ გადიოდნენ, რაღა გვიჭირდაო...
- ეს ვინმეს გასაღიზიანებლად ნამდვილად არ მითქვამს. თავად არა ვარ დარეგისტრირებული, მაგრამ სოციალური ქსელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. წლების განმავლობაში ვიცხოვრე ამსტერდამში, ღამის კლუბიც ბევრი მინახავს და გასართობიც, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს! თუ შენი საქმე არ დააყენე პირველ ადგილზე, თუ ფეხბურთით არ იცხოვრე, რას მიაღწევ? მით უმეტეს, როცა ამბობ, ამ საქმეში ყველაზე მაგარი ვარო! თუ არადა, თქვი და ჩვენც გვეცოდინება, რომ მაგარი მოცეკვავე ხარ ან კარგ ფოტოებს იღებ...

- ერთ თვეში, პირველი შეხვედრიდან ზუსტად მეოცე წლისთავზე, საქართველოს ნაკრები ისევ გერმანიას ეთამაშება. როგორ გაიხსენებ 1995 წლის 29 მარტს?
- "დინამოზე" ამდენი ხალხი არასდროს მინახავს - კარს უკანაც კი მაყურებლები იდგნენ! მეტოქეზე კი ახალი რა უნდა ვთქვა? უძლიერესი გუნდი იყო. კლინსმანი ისე მაღლა ახტა, "აირზენას" თვითმფრინავი მეგონა (იცინის).

- იმ მატჩში ორივე ბურთი მან გაგვიტანა, მაგრამ გოლამდე ჩვენც სულ ცოტა დაგვაკლდა...
- რომ გაგვეტანა, გერმანული მანქანა უფრო მაგრად ამუშავდებოდა და, ალბათ, მაინც მოგვიგებდნენ, მაგრამ ის ბურთი რომ გაგვეტანა, ვინ იცის, რა მოხდებოდა! 20 წუთი კი "დავუჭირეთ ბურთი", მაგრამ... სამწუხაროდ, ჩვენი თაობა არასწორად იზრდებოდა.

იმდენს გვიკიჟინებდნენ, არ დარბიხართ, არაფერს აკეთებთ და ერთ საათში დაიღლებითო, თავადაც ვიჯერებდით. მახსოვს, ჰიმნზე რომ ვიდექით, გერმანელების სათადარიგო მოთამაშეებს გავხედე (თადარიგში, არც მეტი, არც ნაკლები - ჰესლერი, კანი, კირსტენი, ფროინდი და სხვები ჰყავდათ!) და ჯამარას ვუთხარი, ამათ რომ შემოუშვებენ, მერე რაღა გვეშველება, ერთ საათში დავიღლებით-მეთქი.

არადა, გადი რა და ითამაშე! არ გვითამაშია თუ რა?! ბულგარეთსა და უელსს ჩვენ არ მოვუგეთ?

- წლევანდელი 29 მარტისგან რას ელი?
- მაშინ გერმანიას უფრო ძალისმიერი გუნდი ჰყავდა. ამჟამინდელი ნაკრები კი, მთლიანობაში, უკეთესად თამაშობს და გაცილებით დაუნდობელია! თუმცა, შანსი ყოველთვის არსებობს და კახა ცხადაძესა და მის გუნდს წარმატებას ვუსურვებ!

ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
შოთი შენ მაინც ამოიგე ხმა რაც ხდება ფეხბურტში არდაინდო ზმები შენი დაგუპეს ფეხბურთი და ზალიან ცუდათ დაამთავრებენ
dato
20:18 25-02-2015
0
საერთოდ არასწორია როდესაც იძახიან რომ ფეხბურთელები არ გვყავს და წარუმატებლობასაც ამას რომ აბრალებენ აგერ ბარსელონას ხომ ყავს ფეხბურთელები და ვერაფერს აკეტებს იმიტომ რომ მწვრთნელი არ ყავს...უბრალოდ ანალიტიკური აზროვნება არ გვაქვს ქვეყანაში როგორც ფეხბურთში ისე პოლიტიკაში ანუ მწვრთნელები არ გვყავს!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული