გიორგი ფოფხაძე: ჩემი კარიერის მთავარი მიზანიც ეს არის...

AutoSharing Option
გიორგი ფოფხაძე უახლოეს დღეებში მინსკის "დინამოსთან" გააფორმებს კონტრაქტს. 28 წლის მცველი ბელორუსულ კლუბთან ერთად თურქულ შეკრებაზეა.

უკანასკნელ წამს მისი გადაბირება ყოფილმა კლუბმა, პოლონური ექსტრაკლასას ბინადარმა "იაგელონიამ" მოიწადინა, თუმცა ფოფხაძემ "დინამოში" დარჩენა არჩია.

"გადავწყვიტე, მინსკის "დინამოში" დავრჩე. ორიოდ დღეში მინსკში ჩავალ, სამედიცინო შემოწმებას გავივლი და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კონტრაქტზეც მოვაწერ ხელს", - გვითხრა 23 თებერვალს ფოფხაძემ, რომელსაც თურქეთში დავუკავშირდით.

ის უკვე ესაუბრა "დინამოს" ხელმძღვანელობას:

"კლუბის ხელმძღვანელობას ველაპარაკე - მწვრთნელს, პრეზიდენტს, სპორტულ დირექტორს... მათ უნდათ, რომ "დინამოში" ვითამაშო".

ბელორუსულმა გრანდმა
მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და, მართალია, მთები არ გადაუბრუნებია, მაგრამ სამომავლო წარმატებისთვის აუცილებელი გამოცდილება კი მიიღო.

"მინსკის "დინამოზე" კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. აქ ძალიან სოლიდურადაა ყველაფერი. კარსმომდგარ სეზონში კი გუნდის მთავარი ამოცანა ბელორუსის ჩემპიონობისთვის ბრძოლა იქნება. ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც განაპირობა ჩემი არჩევანი, მინსკელთა ამბიციურობაა", - გვეუბნება ფოფხაძე.

მან მინსკის "დინამოსთან" კონტრაქტი 27 თებერვალს უნდა გააფორმოს. იმედია, ფოფხაძის კარიერა ისე აეწყობა, როგორც თავად მას და მის ქომაგებს სურთ. საბოლოო ჯამში კი, ეს ჩვენი ფეხბურთისთვისაც კარგი იქნება, რადგან საქართველოს დასაკარგავი მოთამაშეები არ ჰყავს, მით უმეტეს, რომ...

"ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში დაბრუნებაა. ამბიციურ, ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში გადასვლა სწორედ ამიტომ მინდა. ეს არის ჩემი კარიერის მთავარი მიზანი", - ამბობს ფოფხაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი გუნდი გააკეთა მინსკმა, ფიორესაც მოუგო გასვლაზე თუ გახსოვთ. სხვდასხვა ნაკრების ფეხბურთელები ყავთ. ერთი მარცხენა მცველი აკლიათ და 1 შემტევი ნახევარმცველი და კაკრაზ ფოფხაძე და თარგამაძე შეავსებენ
შაკო
15:40 24-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული