უცნობი ქართველი უკრაინაში: ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვედრაზე ვოცნებობ

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატში კიდევ ერთი უცნობი ქართველი ფეხბურთელი ვალერიან გვილია გამოჩნდა. 20 წლის ახალგაზრდა ზაპოროჟიეს "მეტალურგის" დუბლშემადგენლობაში ირიცხება და 28 თებერვალს, უჟგოროდის "ჰოვერლა-ზაკარპატიესთან" გასვლით მატჩში ჰეთ-თრიკიც შეასრულა.

"გვილიამ კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ჰეთ-თრიკით მეტოქის წინააღმდეგობა გატეხა და "მეტალურგის" დუბლშემადგენლობას გამარჯვება მოუტანა", - წერს ზაპოროჟიელთა ოფიციალური ვებგვერდი.

გვილიამ უკრაინის პრემიერლიგაშიც მოასწრო თამაში - "მეტალურგის" მთავარ გუნდში სადებიუტო შეხვედრა 2014 წლის 15 აგვისტოს, დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" წინააღმდეგ ჩაატარა. სულ კი პრემიერლიგაში სამჯერ ითამაშა.

აი, რას წერენ სოციალურ ქსელში გვილიაზე: "ეს ბიჭი უკრაინის პრემიერლიგის
გუნდში თამაშობს, 18-კაციან განაცხადშიც ხვდება და დუბლებშიც სისტემატურად მოედანზეა. საინტერესო მოთამაშეა და წესით, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს უნდა გამოადგეს. არადა, მასზე არც წერენ და ყურადღებასაც არ აქცევენ".

ვაკო გვალიას უკრაინაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ:

- ცხადია, ჯერ ის გვაინტერესებს, უკრაინაში გაიზარდეთ თუ საქართველოში?
- ზუგდიდელი ვარ. 6 წლიდან ზაურ ბულიასთან ვვარჯიშობდი. დღემდე ვამბობ, რომ ჩემს კარიერაში ყველაზე მეტად ბავშვობის მწვრთნელის მადლობელი ვარ. ამ კაცმა ფეხბურთის ანბანი მასწავლა და გზა გამიკვალა.

- უკრაინაში როგორ მოხვდით?
- 16 წლის ვიყავი, მამაჩემმა უკრაინაში რომ წამიყვანა. ხარკოვის "მეტალისტში" სინჯებზე მიმიწვიეს. მერე ამიყვანეს და მითხრეს, ერთ თვეში საბუთები მოაწესრიგე და ჩამოდიო. მაგრამ, მიზეზთა გამო, ნახევარი წელი საქართველოში დავრჩი. "მეტალისტში" მხოლოდ ამის შემდეგ წავედი და ხარკოველთა ასაკობრივ გუნდში წელიწად-ნახევარი ვითამაშე. მერე კი ზაპოროჟიეს "მეტალურგში" გადავედი.

- ხარკოვში არ დაგტოვეს თუ ზაპოროჟიეში უფრო ხელსაყრელი კონტრაქტი შემოგთავაზეს?
- უბრალოდ, ზაპოროჟიეში მეტი დაინტერესება ჰქონდათ. მითხრეს, "მეტალურგში" გელოდებიანო, მივედი და საბოლოოდ გუნდში დამტოვეს. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, რადგან მწვრთნელი მენდობა, მუდმივად მათამაშებს. აშკარაა, რომ ამ გუნდში ვიზრდები, როგორც ფეხბურთელი.

- რა პოზიციაზე თამაშობთ?
- ცენტრალური ნახევარმცველი ვარ.

- ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" კონტრაქტი როდემდე გაკავშირებთ?
- წელიწად-ნახევარში მიმთავრდება. მაგრამ სურვილი თუ ექნებათ, სიამოვნებით დავრჩები. მთავარ გუნდში სამი შეხვედრა ჩავატარე და ეს მაიმედებს. ერთხელ, ჩემპიონატში "დნიპროსთან" ვითამაშე, ორჯერ კი - თასზე. ვფიქრობ, "მეტალურგში" ჩემი იმედი აქვთ. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ მთავარ გუნდში ვვარჯიშობ, დუბლებში კი იმიტომ ვთამაშობ, ფორმაში რომ ვიყო.

- საქართველოს რომელიმე ასაკობრივი ნაკრები თქვენით არ დაინტერესებულა?
- ნახევარი წელი საქართველოში რომ დავრჩი, ეს სწორედ ნაკრების გამო მოხდა. მაშინ საქართველოს 17-წლამდე, გუნდში კობა ჟორჟიკაშვილმა გამომიძახა. ხომ გახსოვთ, ამ ნაკრებმა თბილისში შვედეთი და პოლონეთი რომ დაამარცხა, ინგლისთან კი ფრედ ითამაშა. ჰოდა, მაშინ შეკრებაზე მეც ვიყავი მიწვეული...

მაგრამ მას მერე დიდი დრო გავიდა და, ალბათ, დამივიწყეს. რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს კი ვიცნობ. მაგალითად, ლუცკის "ვოლინთან" რომ ვითამაშეთ, სანდრო კობახიძე გავიცანი. მან მითხრა - შენზე თემურ ქეცბაია გვეკითხებოდაო...

- ქეცბაია? ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას გიპირებდათ?!
- არა, არა! ეს, ალბათ, ჩვეულებრივი ინტერესი იყო - ვინ ვიყავი და რა დონეზე ვთამაშობდი. ცხადია, ეროვნულ ნაკრებში ჩემს გამოძახებაზე ჯერ ლაპარაკი არც ყოფილა. თავი ისე არ გამომიჩენია, ასე რომ დამაფასონ.

ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვედრაზე ვოცნებობ. ასაკიც ხელს მიწყობს და ძალიან მინდა, ჩემი იმედი გამართლდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საერთოდ თუ არიან ჩვენთან ნამდვილი სელექციონერები და ფეხბურთის "ბოსები" რომლებსაც რაიმე სიკეთის გაკეთება შეუძლიათ,თუ მარტო ლაი-ლაი იციან.
მურთაზი
16:27 08-03-2015
0
წარმატებები :) ვინც იშრომებს ყველას დაუფასდება
emre
13:49 08-03-2015
0

სიახლეები პოპულარული