ვაკო ყაზაიშვილის ტვირთი - კაცი, რომელიც ხალხს სტადიონისკენ წაიყვანს

AutoSharing Option
22 წლის ვაკო ყაზაიშვილი გადამწყვეტი გოლების გატანას დაეჩვია. აქეთ "აიაქსი", იქით "ტვენტე" - მიმდინარე სეზონი "ვიტესის" ქართველი შემტევისთვის აშკარად საუკეთესოა კარიერაში.

ჩვენ ეს გვახარებს. გვახარებს, როგორც ერთი ნიჭიერი ბიჭის წარმატება. ახლა ვაკოს კარიერაში იქნებ გარდამტეხი პერიოდიც იდგეს - ერთიც ვნახოთ, ეს სიხარული, ერთი ნიჭიერი ქართველი ბიჭის სიხარული, მთელი ერის საერთო-სახალხო სიხარულადაც იქცეს...

ამას დრო, მაგარი ხასიათი და ჟინი სჭირდება. და კიდევ ნიჭი, რომლის გარეშეც ამ ქვეყანაზე დიდი არც არაფერი შექმნილა და არც შეიქმნება. ნიჭი არის. დანარჩენები უნდა იყოს. დანარჩენების გარეშე
მაგარი, საერთო-სახალხო ფეხბურთელი არ არსებობს.

არადა, როგორ აკლია დღეს საქართველოს ასეთები. მაგრად აკლია. სადავო, მაგრამ ჩემი პირადი აზრია - ქართულ ფეხბურთს დღეს ძალიან აკლია, აკლია კი არა, საერთოდ აღარ ჰყავს სახალხო ფეხბურთელები.

არადა, საქართველო ოდითგანვე ასეთების ქვეყანა იყო. ბაბუა მეტყოდა - ძველ დროში არ ვამბობდით, ფეხბურთზე წავიდეთო, ვამბობდით - წამო, ბორია ვნახოთო. მერე ბასაო, მიშაო, სლავაო, ყიფოო...

ჩემს თაობას ესენი არ მოესწრო. ჩემი თაობა მაინც ბედნიერია. ვინ იტყვის, რომ გიო, შოთი, ჯამარა და ასკა სახალხო ფეხბურთელები არ იყვნენ? ვინ იტყვის, რომ ხალხი მათ სანახავად არ დადიოდა სტადიონზე? ჩვენს თაობას სახლთან ახლოსაც ჰყავდა ლოკალური გმირები. დღემდე ვინახავ ზვიად ენდელაძის ავტოგრაფს და დღემდე მტკივა გული, რომ "ოქროს ბუცი" წაართვეს... დღეს აღარც ეს გმირებია და აღარც ის ოდინდელი ტკივილი. ფეხბურთიც აღარ არის.

ჩემს ჯეელობაში საქართველო ხშირად ვერ იგებდა, მწარე-მწარე წაგებებს კი წიწაკასავით ჩაგვჩრიდა პირში. სულ ვფიქრობდი, რომ ხუთი ბურთით წაგებას ერთი ბურთით მარცხი სჯობდა. ახლა სხვას ვფიქრობ. ჭირსაც წაუღია ანგარიში, ცეცხლშიც დამწვარა ტაბლო, ოღონდ გიოს ის გიჟური მარცხენა მაჩვენა, შოთას ეშმაკობები, ჯამარას გემრიელი ფეხბურთი, დემეს ფინტები და რა ვიცი, ათასი მაგარი, წარუშლელი მოგონება ჩემი ბავშვობიდან. ტკბილი ბავშვობიდან...

ბოლო რამდენიმე წელია, ჩემი თავი ერთ უცნაურობაში დავიჭირე. ადრე ბევრჯერ ყოფილა, საქართველოს ნაკრების წაგებას ისე გავუმწარებივარ, მეორე დღეს მაღალი ტემპერატურის გამო სკოლაში ვეღარ წავსულვარ. მომდევნო ერთი კვირა ხომ სულ კოშმარი იყო, ცხადში მოვლენილი აჩრდილივით დავდიოდი...

ახლა კი, თითქოს ზნე ვიცვალეო, მთლად არა და, მნიშვნელოვანწილად სულერთი გახდა ყველაფერი. როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა, აქ სამი მიზეზი შეიძლება იყოს - პროფესიამ შთანთქა ემოცია, მეორეა ინდიფერენტულობა და მესამე - ძველის ნოსტალგია.

მე უფრო მესამე მიზეზისკენ ვიხრები. რომელ თქვენგანს არ დაუჭერია თავი ასეთ რამეზე - ესა თუ ის გუნდი თქვენთვის რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელთან ასოცირდება. წავა ის ფეხბურთელი და იმ გუნდის თამაშს ძველებური მგზნებარებით აღარ უცქერით ხოლმე.
როცა საქართველოს ნაკრებს, როცა შენს ქვეყანას ეხება საქმე, ასე არ უნდა იყოს. ეს ბავშვმაც იცის. მეც ვიცი. ვიცი და საკუთარ თავს ვებრძვი. ვაგებ. ჩვენ ყველას გვაქვს პატარა სისუსტეების უფლება. ჩვენ ხომ არაფერი გვაქვს საერთო ღმერთებთან...

სტადიონზე რომ მიდიხარ, იქ შენი ჯილა უნდა გეგულებოდეს. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - ვის სანახავად უნდა მივიდეთ დღეს სტადიონზე? ზემოთ რამდენიმე ჩამოვთვალე. ყველა თაობას ჰქონდა ბედნიერება, "ვინმეზე" ევლო. ეს თაობა მეცოდება. დღეს საქართველოში ასეთი ფეხბურთელი არ ჩანს. ხალხიც ერიდება სტადიონს...

არადა, უნდა გამოჩნდეს. უნდა გამოიძერწოს კაცი, ვინც ამ ურთულეს ჟამს ხალხს სტადიონისკენ წაიყვანს. წაიყვანს რაღაც მაგიური ძალით. კახა ცხადაძის მომავალ, ჯერაც ვირტუალურ ნაკრებში ასეთი კაცი ვაკო ყაზაიშვილი მგონია. მგონია, მაგრამ ამ ჩემს "მგონიას" წინ მრავალი "მაგრამ" და გამოცდა უდგას.

...პირველად ვნახე "ცქიფოს" ნაკრებში. ის ნაკრები მართლა მაგარ ფეხბურთს თამაშობდა - ქართულს რომ ვეძახით ხოლმე. რატომ მაინცდამაინც "ქართულს"? ეს სხვა თემაა. პატარა გადახვევა - ერთხელ, საქართველოს ახალგაზრდული ეთამაშება უკრაინას. გვერდით მყოფი მიმტკიცებს, ამათ ბურთზე ფეხს არ დავაკარებინებთო. წამოიღო ის წყეული ბურთი არტიომ მილევსკიმ, მთელი გუნდი მოატყუა და გაგვიტანა. მაინც ქართველები ვართ ყველაზე ტექნიკურები! მაინც და მაინც!

ჰო, ის "ცქიფოს" ნაკრები მართლა კარგი გუნდი იყო. ლიდერით - გიორგი ჭანტურიათი, თანალიდერით - ვაკო ყაზაიშვილით. მაშინ ჭანტურია მარტო იგებდა თამაშებს და საფეხბურთო თემი ლამის ოდენ გიორგიზე აფრენდა. ჭანტურია თავისთავად და, ვაკოს თამაშმა დამატყვევა - ბურთს მაგრად ათვინიერებდა, "დაფარულ" პასებს რამდენიმე კაცში აძვრენდა, ატყუებდა, უტყამდა...

ვაკო და მისი თაობის ბიჭები ბედნიერნი არიან - მათ კარიერის დასაწყისშივე ნახეს ევროპა, სულ მალე კი "ბებერ კონტინენტზეც" დამკვიდრდნენ კიდეც. ყაზაიშვილს არ ვიცნობ პირადად. ერთი ინტერვიუ მახსოვს, უფრო სწორად - ტელეინტერვიუ. იქ ვაკო ყაზაიშვილი მშობლიურ გურიაში გატარებულ უღრუბლო დღეებზე ჰყვებოდა.

მინდა, რომ ჩვენს საშინელ დროში, დროში, როცა ადამიანი ხშირად გაუაზრებლად მიისწრაფის მეგაპოლისებისა და იმ მეგაპოლისების შესატყვისი გონებრივი გარდაქმნისკენ, ვაკო უბრალო გურულ ბიჭად დარჩეს. იყოს თუნდაც "ვიტესში" და იყოს უბრალო ბიჭი.

მისი მთავარი ტვირთიც, მთავარი გამოცდაც ეს მგონია. ხალხს უყვარს უბრალოები. უბრალოები მაგრად თამაშობენ ფეხბურთს. მათ არ რჩებათ დრო ათასი საცდურისთვის, ასე რომ მომრავლდა დღეს.

ზედმეტად პურიტანულად კი გამოვიდა, მაგრამ ეს ოხერი ფეხბურთი სხვანაირად რომ არ გამოდის?!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ინდივიდუალიზმი და უბრალოება შერწყმული გუნდურობასთან.

ადრე ქართველი ფეხბურთელი სრულყოფილებასთან ასოცირდებოდა, ამიტომაც გვიყვარდა სტადიონზე მისვლა.
გუჯა კახაძე
23:30 08-03-2015
0
კაი კაცი ჩანხარ ჯიგარო ! წარმატებები !
paata
23:00 08-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული