ლეგიონის უქმეები: ორი გოლი, ერთი ავტოგოლი და ორი გაძევება [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერებისთვის არც ისე კარგი უქმეები გამოდგა - პოზიტივმა ვერ იმარჯვა ნეგატივზე: ორი ქართული გოლი ამდენივე გაძევების წინააღმდეგ, იყო ერთი ავტოგოლიც...

გოლებით თავი გამოიჩინეს ჯაბა ლიპარტიამ და ელგუჯა გრიგალაშვილმა.

* * *
ზუსტად სამთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა რუსული პრემიერლიგა. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, რამდენად ენდობოდა "სპარტაკის" თავკაცი მურატ იაკინი ჯანო ანანიძეს.

ჩვენებურმა "კრასნოდართან" 1:3 წაგებულ შეხვედრაში ბოლო 10 წუთი ითამაშა, მან ხურადო შეცვალა. სწორედ მაშინ გაიტანა "სპარტაკმა" პრესტიჟის გოლი. სხვათა შორის, ჯანომ 14 ნოემბრის შემდეგ (პოლონეთის ნაკრებთან) პირველად ითამაშა ოფიციალურ შეხვედრაში.

ყაზანის "რუბინის" ქართველები - საბა კვირკველია და მამუკა კობახიძე რუსულ პრემიერლიგას დღეს, 9 მარტს განაახლებენ.

* * *
პორტუგალიაში ორთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა ავთო ებრალიძემ, ჯერ მხოლოდ შეცვლაზე.

* * *
შოთა არველაძის "ქასიმფაშა" 2:0-ს უგებდა რობერტო კარლოსის "აქჰისარს", მაგრამ ვერ შეინარჩუნა ეს უპირატესობა. 65-ე წუთზე საკუთარ კარში ბურთი თავით ლაშა დვალმა ჩაჭრა, შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ერთი გაუშვეს და გამარჯვება ხელიდან გაუშვეს - 2:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაშის შემდეგ თურქულ მედიაში ხმა დაირხა, შოთა არველაძე თანამდებობიდან გადადგაო.

"მე არ ვარ კლუბის მეპატრონე. კლუბს ჰყავს კარგი მეპატრონე და მენეჯერები, ჩვენ კი ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ არ უნდა ჩამოვუშვათ ხელები და გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა.

* * *
მარიუპოლის "ილიჩევეცისა" და ლუგანსკის "ზორიას" მატჩის 26-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ თავურით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ მარიუპოლელებმა 2:1 იმარჯვეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ეს გოლი 27 წლის ნახევარმცველისთვის უკრაინულ პრემიერლიგაში კარიერაში მეექვსეა, სეზონში კი - პირველი. ის კი არა, ბოლო გოლი მან 2,5 წლის წინ გაიტანა.

* * *
ქვედა ექვსეულში ქართველთა "ოთელოსი" დამარცხდა და გასავარდნ ზონაშია, მაგრამ აღვნიშნავთ ელგუჯა გრიგალაშვილის გოლს "ახნასის" კარში. ეს ქართველი ნახევარმცველის მესამე გოლია ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ჰოლანდიის ჩემპიონატში გურამ კაშიას დისკვალიფიკაცია დაემთხვა "ვიტესის" 6-მატჩიანი მოგებათა სერიის შეწყვეტას. არნემელები სტუმრად "ჰერაკლესს" დაუზავდნენ - 1:1. ვაკო ყაზაიშვილი მეორე ტაიმში შეცვალეს.

* * *
გიორგი მერებაშვილი აღარ აპირებდა ოფი-ს რიგებში თამაშს, თუმცა, როგორც ჩანს, გადაიფიქრა და სათასო მატჩისგან განსხვავებით, "ქსანთისთან" ისიც თამაშობდა და გიორგი ლორიაც.

თუმცა ქულების დაკლების მერე უიმედო აუტსაიდერად ქცეული ოფი 0:1 დამარცხდა.

* * *
უნგრეთის ჩემპიონატში მეტად უიღბლო დებიუტი გამოუვიდა ზურაბ არზიანს, მისმა "სპარტაკუსმა" სტუმრად 0:3 დათმო "ვიდეოტონთან", თავად ქართველი ნახევარმცველი კი მეორე ტაიმში გააძევეს.

* * *
კვიპროსში ტურნირი ზედა და ქვედა ექვსეულად გაიყო. ზედა ექვსეულში ქართველთა "ანორთოსისი" ფინკის აპოელ-თან 0:1 დამარცხდა.

სწორედ ამ შეხვედრაში გააძევეს ირაკლი მაისურაძე, რომელმაც 83-ე წუთისთვის ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო. წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი აბურჯანიამ.

* * *
ესტონეთის პირველობა ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" მოგებით დაიწყო ("ტულევიკთან" - 3:0). აღვნიშნავთ, რომ ამ შეხვედრაში გოლით გამოიჩინა თავი ირაკლი ლოგუამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული