კვიპროსი ტრამპლინად: აბურჯანიაზე, პაპავასა და გრიგალაშვილზე დიდი მოთხოვნაა

AutoSharing Option
ბოლო დროს, კვიპროსის ჩემპიონატში ბევრი ქართველი წავიდა: ფინალურ ექვსეულში მოხვედრილ ნიქოზიის "ომონიაში" უჩა ლობჟანიძე თამაშობს, ფამაგუსტას "ანორთოსისში" - გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე, იმავე ფამაგუსტას "ნეა სალამინაში" არიან შოთა გრიგალაშვილი და გიორგი პაპავა, ლარნაკის "ოთელოსში" - როინ კვასხვაძე, ლევან ხმალაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი.

ერთადერთი, ვინც კვიპროსიდან დაბრუნდა, გიორგი ილურიძეა, რომელიც ზაფხულში არადიპუს "ერმისში" ჩაირიცხა...

ამ ფეხბურთელების ტრანსფერებში კვიპროსში მცხოვრები 30 წლის მენეჯერი კოკა დარსანია მონაწილეობდა. თავის დროზე, ის საქართველოს 17, 19 და ახალგაზრდულ ნაკრებთა წევრი იყო და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ.
იყო თბილისის "მერანის" იმ ასაკობრივი გუნდის წევრიც, რომელიც უცხოეთში ხშირად დაჰყავდათ - ტალანტებით დაკომპლექტებულ ამ გუნდს ბევრი ცნობილი გუნდის დუბლშემადგენლობა დაუმარცხებია, მათ შორის - მოსკოვის ცსკა, რის შემდეგაც მოსკოველებმა ლამის ყველა მათგანის დატოვება მოისურვეს. ამ გუნდში კი გამორჩეულები ირაკლი მოდებაძე და კოკა დარსანია იყვნენ...

მაგრამ დარსანიას კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც თავად ისურვებდა - საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა 16 წლისამ ჩაატარა, მერე რამდენიმე კლუბში ითამაშა, მათ შორის - ბულგარულ (ვარნა) "ჩერნო მორესა" და კვიპროსის (პარალიმნი) "აია ნაპაში". კარიერა კი 24 წლისამ თბილისის "ლოკომოტივში", ტრავმის გამო დაასრულა.

შარშან დარსანია ფიფას აგენტი გახდა:

- ჯერ ის გვითხარით, კვიპროსში როგორ მოხვდით?
- მე ხომ პარალიმნის "აია ნაპაში" ვთამაშობდი. კარიერა ტრავმის გამო ნაადრევად დავასრულე და ვფიქრობდი, რა მექნა. დავრჩი კვიპროსში. ენა ვიცოდი, მამუკა ჯუღელი დამეხმარა და კლუბებთან ურთიერთობა ავაწყვე. სხვათა შორის, ბევრს ნიშნავს, რომ მოთამაშეებთან იყო მართალი, სიტყვა შეასრულო და საქმეც გამოვა.

- რომელ ტრანსფერებში მონაწილეობდით?
- კვიპროსში ქართველებიც ჩავიყვანე და სხვა მოთამაშეებიც. მაგრამ ნამდვილად არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი დამსახურებაა. ქეცბაიამ, წიტაიშვილმა, ქინქლაძემ და ქებაძემ აქ თავიანთი კვალი დატოვეს და ქართველებს დიდ პატივს სცემენ...

სხვათა შორის, ევროპის ლიგაზე გორის "დილამ" "ანორთოსისს" რომ მოუგო, ამანაც დიდი როლი ითამაშა. აქ იციან, რომ საქართველოში კარგი მოთამაშეები იზრდებიან.

- კვიპროსში ბევრი ქართველი თამაშობს და საინტერესოა, მათ როგორი სახელი აქვთ?
- ძალიან კარგი! ისე, ზოგადად, ჩვენებს სახელი ბოლო პერიოდში გაუტყდათ. მაგრამ დღეს ქართველები აქაურობას კარგად ეწყობიან. ჩვენებისთვის კვიპროსი იღბლიანი ქვეყანა გახდა.

- საინტერესოა, რატომ ხდება ასე?
- თბილი ხალხია, ჩვენ გვგვანან. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მართლმადიდებლური ქვეყანაა და, რაც მთავარია, ძალიან კარგი ჯგუფი ჩამოვიდა. ისეთი ფეხბურთელები არიან, რომელთაც სპორტული ჟინი და მოტივაცია აქვთ. უკვე კარგი პრესაც დაიმსახურეს. ასეთი რამ იშვიათად ხდება და ძალიან მიხარია.

- განსაკუთრებით რომელი მოსწონთ?
- გულწრფელად ვამბობ, რომ თითქმის ყველა - პაპავაც, კვასხვაძეც, ხმალაძეც, გრიგალაშვილიც, ლობჟანიძეც, მაისურაძეც...

- მარტო პრესას მოსწონს თუ გუნდებიც ინტერესდებიან?
- სერიოზული გუნდები დაინტერესდნენ. ახლა მათ ვერ დავასახელებ, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ არიან წამყვანი პოლონური, შვეიცარიული, ჰოლანდიური და თურქული კლუბები. განსაკუთრებული მოთხოვნაა აბურჯანიაზე, ელგუჯა გრიგალაშვილსა და პაპავაზე.

კვიპროსის ჩემპიონატის დონე და რეიტინგი ბოლო ხანს საკმაოდ გაიზარდა. თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" "სეზონი" გახსნა, მას შემდეგ კვიპროსის გუნდები ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ხშირი მონაწილეები არიან და ამას სენსაციად უკვე აღარავინ აღიქვამს. მარტო ეს ფაქტიც მეტყველებს, რა დონის ჩემპიონატია და მიმაჩნია, რომ საქართველოს პირველობის შემდეგ ასეთ დონეზე თამაში ჩვენი ბიჭებისთვის ძალიან სასურველია - ტრამპლინადაც გამოადგებათ.

- საინტერესოა, რა შეემთხვა "ერმისში" გიორგი ილურიძეს?
- მისი ბრალი არაფერი ყოფილა. უბრალოდ, გუნდმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გააღწია და რამდენიმე ლეგიონერის გაშვება გადაწყვიტეს. სხვათა შორის, გუნდიდან მთავარი მწვრთნელი გიორგიუს პანაიოტუ სწორედ ილურიძის გამო წავიდა.

მერე რამდენჯერმე დაიწერა, რომ ილურიძის გაშვება დიდი შეცდომა იყო, რადგან შვეიცარიულ "იანგ ბოიზთან" მცირე ხნით ათამაშეს, არადა, ძალიან კარგად გამოჩნდა იმ მატჩში...

გამეცინა, ქართულ კომენტარებში რომ წავიკითხე - ილურიძე კვიპროსში არ დაიტოვესო. ამ დროს კი შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ადრე თუ კვიპროსში პორტუგალიელებზე იყო ბუმი, ახლა მოთხოვნა ქართველებზე გაიზარდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ ასეთი მაგრები ხართ და თქვენზე "ქართველებზე" გაიზარდა მოთხოვნა,თქვენს საქართველოს გამოადექით, მაგრამ ნათქვამია,ძაღლი შინ არ ვაგოდა სანადიროდ გარბოდაო, კვიპროსიდან ძალიან ბევრი ვნახე უკან წამოსული ახალგაზრდა ფეხბურთელები რომლებმაც ვერ აიწყეს კარიერა და რატომ?! ხომ ვერ მეტყოდით?!
ert dros kviprosshi nacxovrebi
02:09 16-03-2015
0
Saqartveloshi vinga darcha?kvela tu garbis
dato
22:20 15-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული