ქართული ლეგიონი: FAIR PLAY, გადადგომა და უამრავი გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
ბოლო პარასკევი-კვირის ქართული ლეგიონის უხმოსავლიანობა მართლაც სასიხარულოა. ამ სეზონში მხოლოდ ერთი შემთხვევა გვახსენდება, როცა ლეგიონერებმა კიდევ უფრო მეტი გოლი გაიტანეს, თუმცა ამჯერად ხარისხი უკეთესია.

ერთადერთი, რაც გულს გვწყვეტს, შოთა არველაძის გადადგომაა.

მწვრთნელები
პარასკევს, 13 მარტს ბევრი საინტერესო რამ მოხდა ქართულ ლეგიონში. იყო წარმატება და წარუმატებლობაც. აზერბაიჯანში კახა ცხადაძის (ინტერი) და გიორგი ჩიხრაძის (სიმურგი) გუნდები ქვეყნის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდნენ და არც "ქართული" ფინალია გამორიცხული.

ლატვიის ჩემპიონატი წაგებით დაიწყო თამაზ პერტიას "სკონტომ", რომლის რიგებშიც სათადარიგო იყო ახალწვეული ლევან მახარაძე. ლატვიის ვიცე-ჩემპიონი სტუმრად
"ლიეპაიასთან" დამარცხდა - 2:3.

აი, თურქეთში კი უფრო სამწუხარო რამ მოხდა, "კონიასთან" 1:2 მარცხის მერე თანამდებობიდან გადადგა "ქასიმფაშას" თავკაცი შოთა არველაძე. ამ შეხვედრაში ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა.

მატჩის შემდეგ შოთამ განაცხადა: "სეზონის მეორე ნახევარი კარგად არ აგვეწყო. ბიჭებს მადლობა გადავუხადე და გადავდექი, რადგან კარგი შედეგები არ გვაქვს. კლუბში ყველას მადლობას ვუხდი. აქ სამი შესანიშნავი სეზონი გავატარე. "ქასიმფაშას" მომავალში წარმატებას ვუსურვებ".

ამ შეხვედრის ერთი ეპიზოდიც გავიხსენოთ - მე-19 წუთზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელის წაქცევის მიუხედავად, "ქასიმფაშას" ფეხბურთელებმა მეტოქეს ბურთი არ დაუბრუნეს და დონკმა გოლიც გაიტანა, მაგრამ ქართველი მწვრთნელის განკარგულებით, "ქასიმფაშამ" მეტოქეს უმალ გაატანინა საპასუხო გოლი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოლები
13 მარტს სამი ქართული გოლი გავიდა - ჰოლანდიაში ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა, ჩეხეთში - ლევან ყენიამ, უკრაინაში - სანდრო კობახიძემ. სასიხარულოა, რომ სამივე ეროვნული ნაკრების წევრია.

"ვიტესმა" "ალკმაარს" 3:1 მოუგო. ამ შეხვედრაში გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. ორივემ ძალიან კარგად ითამაშა, უკვე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ვაკომ მეტოქეს ბურთი აართვა, მოატყუა ერთი მცველი, საჯარიმოში შეიჭრა და მეკარეც მშრალზე დატოვა.

ეს ინდივიდუალური გოლი ამ ჩემპიონატში მისთვის მეექვსე გოლი იყო. დევი პრიოპერის შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასება მატჩში სწორედ ვაკომ მიიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სანდრო კობახიძის "ვოლინმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა ბუბა დაუშვილის (ტრავმა) "კარპატი" - 2:0. ჩვენებური მატჩის მიწურულს შეცვალეს. 24-ე წუთზე სანდროს საჯარიმოს მისადგომთან მიუვიდა ბურთი და ქართველმა ცაციით კარგი გოლი გაიტანა. ეს მისი მესამე გოლი იყო ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩეხეთში ლევან ყენიას "სლავიამ" "მლადა ბოლესლავთან" ვერ შეინარჩუნა 2-გოლიანი უპირატესობა და 3:4 წააგო. ქართველმა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, მეორეში კი ის შეცვალეს (3:3-ზე), მაგრამ მთავარი 37-ე წუთზე შესრულებული ჯარიმა იყო. ყენიამ ცაციით ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ეს მისი პირველი ოფიციალური გოლია "სლავიას" რიგებში.

ლევანმა ზუსტად 11-თვიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუმინული "კლუჟი" გასავარდნად განწირულია, თუმცა სასიხარულოა, რომ გოლით გამოირჩა გიორგი ჭანტურია. "ვიტორულთან" შეხვედრის 37-ე წუთზე მან მახვილი კუთხიდან იმდენად ოსტატურად დაარტყა საჯარიმო, რომ სტუმართა გოლკიპერს შეცდომა დააშვებინა. ეს ჭანტურიას მესამე გოლი იყო რუმინეთის პირველობაზე. "კლუჟმა" კი საბოლოოდ შეხვედრა 1:2 დათმო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ზორიას" ოდესის "ჩერნომორეცთან" ჯაბა ლიპარტიამ მოაგებინა. შეცვლაზე შესულმა ქართველმა ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

13 მარტს კიდევ ერთი ქართული გოლი გავიდა, "ფლორას" რიგებში თავი ირაკლი ლოგუამ გამოიჩინა, თუმცა ესტონეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერი რუსეთის მოქალაქეა.

ფინეთის თასის 1/32 ეტაპზე პირველი გოლები გაიტანა ახალი გუნდის, კუპს-ის მაისურით ირაკლი სირბილაძემ. კუპს-იმ სტუმრად 6:0 გაანადგურა "პეპო 1", ხოლო ჩვენებურმა დუბლი შეასრულა.

პასები
შაბათს "იაგელონიაში" გიორგი ფოფხაძის ხელახალი დებიუტი შედგა, რომელიც ფეხბედნიერი აღმოჩნდა კლუბისთვის, რომელმაც "ლეხნას" 2:1 მოუგო. მიხალ პრობიერჟმა ის მეორე ტაიმში შეცვალა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ფოფხაძის დამატება გუნდისთვის დიდი შენამატია.

რაც შეეხება ნიკა ძალამიძეს, ის პირველ ტაიმშივე გამოვიდა და გამარჯვების გოლის თანაავტორიც გახდა, სწორედ მისი პასით შეასრულა დუბლი პიატკოვსკიმ.

ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკის" სასტარტოში ითამაშა თავდამსხმელის უკანა პოზიციაზე. "ჩემპიონატმა" მისი თამაში 7 ბალით შეაფასა.

მოსკოვის დერბი "სპარტაკმა" "დინამოს" 1:0 მოუგო და იმ გოლში წვლილი ჯანოსაც მიუძღვის - სწორედ ქართველმა ჩაუწოდა პარშივლიუკს, რომლის დარტყმულიც მცველს მოხვდა და ავტოგოლად ჩაიწერა. შესაბამისად, არც ჯანოს მიეთვალა საგოლე პასი.

პენალტები და ლორია
გიორგი ლორიაზეც ვთქვათ - კვირას მისი ოფი 1:4 დამარცხდა "კერკირასთან" (მისი თანაგუნდელი გიორგი მერებაშვილი ბოიკოტს უცხადებს გუნდს და არ თამაშობს, მისი მეტოქე აკაკი ხუბუტია კი ტრავმირებულია). ამ შეხვედრაში 4 პენალტი დაინიშნა და აქედან სამი ლორიას კარში!

ქართველმა გოლკიპერმა სამიდან ორი პენალტი მოიგერია (პირველ შემთხვევაში დამატებაზე გაუტანეს). ოფი-ს საქმე კი მართლაც ძალიან ცუდადაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტავ არ გაანიავოს თავისი ნიჭი ამ ბიჩმა,ოქრის ვგულისხმობ და ეს ეხება ჭანტურიასაც,რატომღც მგონია რომ ქედმაღლები და ზარმაცები არიან.სამწუხაროდ...........
bacho
12:39 16-03-2015
0
ბელგიაზე რატო არაფერს წერთ,მაინტერესებს ინრჩუნებს თუ არა ჩვენი ამპარტავანი ოქრო ბიჭი ძირითადში ადგილს?
bacho
12:37 16-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული