ცხადია, არავის გაჰკვირვებია, ოქრიაშვილმა შაბათს, 4 აპრილს, "გენკის" შემადგენლობაში "ვარეგემის" წინააღმდეგ ბელგიის ჩემპიონატის შეხვედრა რომ გამოტოვა - ის განაცხადშიც არ ყოფილა.
სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ დაზიანება საშიში არ არის და ჩვენებურს ხანგრძლივი პაუზა არ ექნება. როგორც შევიტყვეთ, ის უკვე ვარჯიშობს და, სავარაუდოდ, შემდეგი ტურისთვის მზად იქნება.
სადავო არ
საბედნიეროდ, ოქრიაშვილი ბელგიურ კლუბს ამჯერად დროულად დაუბრუნდა და, როგორც შევიტყვეთ, ბოლო ინციდენტის შემდეგ რეჟიმს მკაცრად იცავს.
ეს "გაგრის" პრეზიდენტმა ბესო ჩიხრაძემ გვითხრა, რომელიც თორნიკეს კარგად იცნობს, ოქრიაშვილმა ხომ პირველი ნაბიჯები სწორედ მის გუნდში გადადგა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც მაშინ ათამაშეს.
"არავინ დავობს, რომ ოქრიაშვილს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ყველანაირი მონაცემი აქვს. დიდი ხანია, რაც მას ვიცნობ. ბევრი კარგიც მახსოვს და მის ნაკლსაც კარგად ვიცნობ. რომ იცოდეთ, უაღრესად წესიერი და ვაჟკაცური სულის ადამიანია.
მიმაჩნია, რომ მისი ყველა პრობლემა უფროსი ხალხის არასწორი მოქმედებებით არის გამოწვეული. რომ არ ყოფილიყო თემურ ქეცბაია, სოსო ჭედია, ოთარ გაბელია... ალბათ, მეც, შესაძლოა, ქართული ფეხბურთისთვის საერთოდ დაკარგულიყო.
ბევრჯერ აუცრუეს გული. მაგალითად, სკოლის ნაკრებში არ აჰყავდათ და დაბრკოლებებს დიდ ფეხბურთში შებიჯების შემდეგაც უქმნიდნენ", - ამბობს ჩიხრაძე.
"გაგრის" პრეზიდენტი ხსნის, თუ რით არის გამოწვეული ოქრიაშვილის პრობლემები:
"უპირველეს ყოვლისა, ეს პრობლემა მოტივაციას უკავშირდებოდა. ბოლომდე ვერ ჰქონდა გაცნობიერებული, ფეხბურთში რა როლი ეკისრებოდა.
მეორე ფაქტორიცაა: თანამედროვეობაში მოთამაშეს ბევრი ცდუნება ხვდება. მით უფრო, პატარა ბიჭს, რომელმაც 19-20 წლის ასაკში ბელორუსთან გოლის, საფრანგეთსა და ესპანეთთან თამაშების შემდეგ ბევრი ცნობილი სპეციალისტი აალაპარაკა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ქართველია და ჩვენი ახალგაზრდების ფონზე საკმაოდ სერიოზული გამომუშავებაც აქვს.
მაგრამ მეც ვიყავი ახალგაზრდა და იმდენი შეცდომა დამიშვია, ვერავის მოსამართლედ ვერ გამოვდგები.
ყველაფრის მიუხედავად, ახლა ის ფეხბურთით ცხოვრობს, ბოლო სამი თვეა, "გენკში" ერთ-ერთი სანიმუშო მოთამაშეა და ყველაფერს კარგად აკეთებს. ამიტომაც მგონია, რომ მისგან პროგრესს უნდა ველოდოთ".
რეალურად, აქვს თუ არა ოქრიაშვილს მიწვევები ბელგიაზე ძლიერი ლიგებიდან? ჩიხრაძე გულშემატკივრებისთვის აქტუალურ ამ საკითხზეც გველაპარაკა:
"სამწუხაროდ, "გენკი" ბელგიის საჩემპიონო პლეი ოფში ვერ მოხვდა და ამის გამო კლუბში დიდი ფულის ჩადება დროებით გადაიდო, მაგრამ არის ლაპარაკი, რომ ახალი წლიდან გუნდი თორნიკეზე უნდა აეწყოს.
მაგრამ არ დავმალავ, რომ "ოქრის" რამდენიმე გუნდი აკვირდება. "ვერდერზე" გავრცელებული ინფორმაცია ვიღაცების ვარაუდებზე იყო აგებული. სხვა ვარიანტებია, თუმცა, არც ისაა დასამალი, რომ ნაკრების შემდეგ გუნდში ჩაუსვლელობას ყურადღება მიაქციეს, რადგან ძლიერ კლუბებში ასეთ დეტალებს სპორტულ მხარეზე არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.
მაგრამ მიმაჩნია, რომ თორნიკე პერსპექტიული და ვარსკვლავური ნიჭის მქონე მოთამაშეა, ოღონდ, გახდება თუ არა ვარსკვლავი, ეს მასზეა დამოკიდებული".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"