ვაკო გვილია უკრაინაში პოზიციებს ნელ-ნელა იმყარებს. ამ ქვეყნის პრემიერლიგელი ზაპოროჟიეს "მეტალურგის" შემადგენლობაში ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ბოლო ტურის შეხვედრაშიც გამოჩნდა. ზუგდიდში დაბადებულ-გაზრდილმა ახალგაზრდამ ლვოვის "კარპატის" წინააღმდეგ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და ზაპოროჟიელთა მოგებაში (2:1) თავისი წვლილიც შეიტანა.
"მიხარია, რომ ჩვენი მთავარი მწვრთნელი ანატოლი ჩანცევი მენდობა და მეორე წრეში ლამის სისტემატურად მათამაშებს, ბოლო ორი ტურია ძირითადშიც მაყენებს: პირველი შანსი სანაკრებო პაუზამდე დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" გასვლით შეხვედრაში მომცა.
ძნელი გადმოსაცემია, როგორი გახარებული ვარ. უკრაინაში რთული
ამ შანსის მაქსიმალურად გამოყენებას ვცდილობ და იმედია, შრომა დამიფასდება", - ასე სჯერა გვილიას.
20 წლის ნახევარმცველი ამბობს, რომ მხოლოდ საყრდენის პოზიციაზე არ ათამაშებენ:
"თამაში თავდამსხმელების უკანაც შემიძლია. ჯერ ბევრი შეხვედრა არ მითამაშია, მაგრამ ორიოდე მატჩშიც კი დიდი გამოცდილება მივიღე. ნელ-ნელა თავდაჯერებული ვხდები.
ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოვხვდე. მესმის, რომ ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა - ეროვნულ გუნდში მიწვევას დიდი შრომა და დამსახურება სჭირდება, მაგრამ მიზანი ამით არ იცვლება.
აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებზე იყო ლაპარაკი, სადაც მოქალაქეობის (გვილია უკრაინის მოქალაქეა - ავტ.) გამო პრობლემები მექმნებოდა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემთხვევაში, "მეტალურგი" ხელს აღარ შემიშლის.
იმედია, ადრე თუ გვიან, ამასაც მოვესწრები".
გვილიას თქმით, შემდეგ შეხვედრაში გამოჩნდება, რამდენად სერიოზული გეგმები აქვს "მეტალურგის" სამწვრთნელო შტაბს მასთან მიმართებაში:
"ბოლო ორ შეხვედრაში რომ მათამაშეს, ეს სულაც არ მამშვიდებს და არც ვფიქრობ, რომ ჩემი საკითხი გარკვეულია და უკვე ძირითადის მოთამაშე ვარ. მწვრთნელებს დიდი არჩევანი აქვთ და ჩემს პოზიციაზე თავისუფლად შეუძლიათ სხვების დაყენებაც.
შემდეგი თამაში ლუცკის "ვოლინთან" გვექნება. ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ, რადგან კობახიძე და ფარცვანია ჩამოდიან.
იმედია, კვლავ ძირითადში მოვხვდები და ქართველები ერთმანეთს მწვანე მინდორზეც შევხვდებით".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"