ასე აღმოჩნდა ოთარ ჭიჭაღუა 2013 წელს ესპანურ "ბადალონაში". თემურ ფოცხვერიასა და გურამ ჩომახიძის აღზრდილი ფეხბურთელი "საბურთალოში", "დინამოს" აკადემიასა და თბილისის "ლოკომოტივში" ვარჯიშობდა. იყო ინფორმაცია, რომ 18 წლის ცენტრალური მცველი "ესპანიოლმა" აირჩია და ახალგაზრდულ გუნდში ადგილის დამკვიდრების შანსი მისცა.
ესპანეთში ჭიჭაღუა ფიფას აგენტის, თორნიკე მაისურაძის დახმარებით მოხვდა, რომელიც წლებია, ბარსელონაში ცხოვრობს, სამენეჯერო სააგენტო
საბოლოოდ, ევროკავშირელობის გადასახადისა და სხვა პრობლემების გამო ჭიჭაღუას "ესპანიოლის" ვარიანტი ჩაეშალა. სავიზო პრობლემა კი "ბადალონამ" მოუგვარა და მის ჭაბუკთა გუნდში აღმოჩნდა, რომელიც ესპანეთის ასაკობრივი ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში (დივისიონ დე ონორე) ასპარეზობს.
"ახლა "ბადალონას" 19-წლამდელებში ვთამაშობ, ვარჯიშებისას კი პირველ გუნდთან ერთად ვარ, რომელიც სეგუნდა B დივიზიონში მე-8 ადგილზეა.
მაგრამ A დივიზიონში გადასასვლელ პლეი ოფში მონაწილეობის უფლება II-IV-ადგილოსან გუნდებს აქვთ, ჩვენ კი მეოთხეადგილოსან "ერკულესს" მხოლოდ 6 ქულით ჩამოვრჩებით, თუმცა მაინც ვიბრძვით", - ამბობს ჭიჭაღუა.
მისივე თქმით, კონტრაქტის გაფორმებას "ბადალონა" და კიდევ რამდენიმე კლუბი სთავაზობს:
"კლუბშიც მითხრეს, რომ ივნისში, 19-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პროფესიულ კონტრაქტს გამიფორმებენ. როგორც მითხრეს, არის სხვა შემოთავაზებებიც, თუმცა სად ვითამაშებ, ჯერ არ ვიცი.
ამ საკითხზე ჩემი აგენტები პრიმერა დივიზიონის დუბლებისა და სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთ გუნდთან მოლაპარაკებას აწარმოებენ - ყველაფერი ზაფხულისთვის მეცოდინება. მანამდე კი გუნდების დასახელებას მოვერიდები".
ჭიჭაღუა იმედოვნებს, რომ ესპანეთში გატარებული სამი წელი კარიერის აწყობაში დაეხმარება:
"აქ თამაში რომ ძალიან წამადგა, ამას აშკარად ვგრძნობ. იმედია, მომავალ სეზონში საფეხბურთო კარიერაში ახალ ეტაპს დავიწყებ, რადგან ჩემზე ბევრად უფროს და გამოცდილ ფეხბურთელებთან მომიწევს კონკურენცია.
რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, მეტი კონცენტრაცია და შრომა დამჭირდება, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყო, რადგან სხვაგვარად, წინსვლა წარმოუდგენელია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"