სერგი 21 წლისაა, მამამისი საფეხბურო სამყაროში ცნობილი სპეციალისტი გია მაჭარაშვილია, რომელიც თემურ ფოცხვერიასთან ერთად "ინდივიდუალური მომზადების ცენტრს" ხელმძღვანელობს.
აი, რას გვიყვება სერგი მაჭარაშვილი:
"თემურ ფოცხვერიას გაზრდილი ვარ და იმ გუნდის წევრი ვიყავი, სადაც გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, აჩიკო ტვილდიანი, ლაშა პარუნაშვილი, დათა ხოჭოლავა და
სკოლის შემდეგ "დინამოს" დუბლებში გადამიყვანეს, საიდანაც გიორგი დევდარიანმა 17-წლამდელების შეკრებაზე წამიყვანა. სამწუხაროდ, იქ სერიოზული ტრავმა მივიღე. გავიდა დრო და თამაში "ზოოვეტში" განვაახლე, კიდევ ერთი ტრავმა მივიღე და კარიერაზე უარი ვთქვი.
ბედად, "საბურთალოში" მწვრთნელობა შემომთავაზეს და 18 წლისამ ეს პროფესია ვამჯობინე.
მერე მამაჩემსა და ფოცხვერიას "ინდივიდუალური მომზადების ცენტრში" ვეხმარებოდი. ფეხბურთი ძალიან მენატრებოდა, მაგრამ დაბრუნებაზე არ მიფიქრია. თუმცა, თამაშის დაწყება მეგობრებმა, მამაჩემმა და ფოცხვერიამ მირჩიეს, კიევში მცხოვრებმა ბიძაჩემმა კახა ბერიშვილმა კი დიდი სტიმული მომცა - ჩამოდი და გუნდში გაგსინჯავენო", - ამბობს მაჭარაშვილი.
მისი თქმით, კიევის "არსენალში" კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს:
"თავიდან გიორგი აბზიანიძესთან, კიევის "ლოკომოტივ-გრუზიაში" ვივარჯიშე და მისი სახელით ოლეგ მაკაროვის მემორიალზეც ვითამაშე. მერე კიევის "არსენალში" მიმიწვიეს და ორი კვირის წინათ დარჩენაც შემომთავაზეს.
ფაქტია, მწვრთნელი მენდობა. მან ფეხბურთის ჟინი დამიბრუნა. სხვებისგან რომ გამეგო, მეც არ დავიჯერებდი, რომ მწვრთნელი ისევ ფეხბურთელი გახდა - მსგავსი ისტორია არასოდეს მსმენია.
ახლა იურიდიულ საკითხებს აგვარებენ, განაცხადში რომ შემიყვანონ".
ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, ახლა კიევში "არსენალის" აღორძინებას ცდილობენ:
"ადრე "არსენალი" ძლიერი გუნდი იყო, რაც ყველამ კარგად იცის. 2012 წელს კლუბმა ევროპა ლიგაზეც ითამაშა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ კლუბი გაკოტრდა და მხოლოდ 2014 წელს აღადგინეს. მას შემდეგ კიევის ჩემპიონატში გამოდის.
ცხადია, დაბალი ლიგაა, მაგრამ სახელი აქვს და ისევ მაღალ ლიგაში გადასვლას უმიზნებს. აქ თამაში ამიტომ მსურს, იქნებ, პერსპექტივა გამოჩნდეს და უფრო ძლიერი გუნდები დავაინტერესო.
ისე, აქ რამდენიმე მოთამაშე პრემიერლიგის შემადგენლობიდანაც შემორჩა. ერთ-ერთია 20 წლის მეკარე გიორგი კოპალიანი. ქართველია, მაგრამ უკრაინაშია გაზრდილი და ქართული არ იცის. რომ იცოდეთ, ნიჭიერი მეკარეა.
"არსენალს" ძალიან კარგი ბაზა და სავარჯიშო პირობები აქვს. ომის გამო, ახლა აქ დონეცკის "შახტარი" დაბინავდა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"