გოლი ტოსკანურ დერბიში
სერია A-ში ამ სეზონში მეორე, სულ კი მესამე გოლი გაიტანა ლევან მჭედლიძემ, რომელიც "ფიორენტინასთან" მატჩის 76-ე წუთზე გამოჩნდა "ემპოლის" რიგებში, ერთ წუთში კი ცაციით მეტოქე მოატყუა საჯარიმოში და მარჯვენათი გაიტანა. ამის მიუხედავად, "ემპოლი" შინ "იებთან" დამარცხდა (2:3), ლევანი კი მატჩის მიწურულს გააფრთხილეს.
ოქრიმ გოლით დაასრულა
ბელგიის ჟუპილერლიგაში "გენკმა" სტუმრად თორნიკე ოქრიაშვილის გოლის წყალობით დაამარცხა ალექს მაკლიშმა თორნიკე მოედანზე 56-ე წუთზე, 2:2-ზე შეიყვანა. ქართველმა გადამწყვეტი გოლი 88-ე წუთზე გაიტანა - 2:3.
ეს 23 წლის ნახევარმცველის მეორე გოლია ბელგიის ჩემპიონატში. პირველი მან აგვისტოში გაიტანა.
კიდევ ერთი რუმინული
რუმინეთის პირველობაზე "კლუჟმა" "ბოტოშანის" 4:0 აჯობა, გიორგი ჭანტურია მასპინძელთა რიგებში 75-ე წუთზე გამოჩნდა, როცა "კლუჟი" სამი ბურთის სხვაობით იგებდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავადაც შეძლო თავის გამოჩენა - მარჯვენა ფლანგიდან შეუტია, თანაგუნდელმა ბურთი ქუსლით დაუტოვა და ჩვენებურმაც დაბალ კუთხეში გაიტანა. ეს ჭანტურიას მეოთხე გოლია ჩემპიონატში.
შევერცხლილი ფინიში
კახა ცხადაძემ აზერბაიჯანში უკანასკნელი ბაქოური დერბი მოიგო, თანაც დამაჯერებლად - მისმა "ინტერმა" "ნეფთჩი" 4:0 გაანადგურა. მწვრთნელ მამას ამ შეხვედრაში წარმატება შვილმა მოუტანა, ბაჩანა ცხადაძემ დუბლი შეასრულა და ახლა ჩემპიონატში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი. პირველი გოლი ბაჩანამ თავურით გაიტანა და მამისკენ გაეშურა მის აღსანიშნავად. მეორედ მან ახლო მანძილიდან ივარგა.
დაცვის ცენტრს ლაშა სალუქვაძის და ალეკო ამისულაშვილის წყვილი შეადგენდა. სხვათა შორის, ალეკოზე მსაჯმა ორჯერ ხელით თამაში დააფიქსირა, თუმცა პენალტი "ნეფთჩის" ფეხბურთელებმა ორჯერვე გააცუდეს.
ცხადაძის და სხვა ქართველთა "ინტერმა" გაინაღდა ვერცხლის მედლები, თუმცა, თეორიულად, ჩემპიონობის შანსიც რჩება.
ორი ჯაბას დუელი
უკრაინის ჩემპიონატში ქართული გოლი არ გასულა, მაგრამ ჯაბა ლიპარტიამ საგოლე პასი მიითვალა ჯაბა კანკავას "დნიპროსთან" თამაშში. 27-ე წუთზე ქართველმა ხომჩენოვსკის გაატანინა პირველი გოლი. ლიპარტიამ ორი ჯაბას დუელი მოიგო დნეპროპეტროვსკში - 2:0. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ გუნდს ვერაფრით დაეხმარა.
* * *
ერევანში "რაზდანზე" ქართველი და ქართული წარმოშობის ფეხბურთელებით გადაჭედილმა (სულ შვიდია) "ულისმა" "არარატი" 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრის ბოლო გოლი ირაკლი გეფერიძის ანგარიშზეა. ანგარიში კი რუსეთის მოქალაქე ირაკლი ჭეჟიამ გახსნა, ვისთვისაც ეს პირველი გოლია პროფესიულ კარიერაში.
"ულისი" 46 ქულით მეორეა და ჩემპიონობის მხოლოდ თეორიული შანსი შერჩა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"