21 წლის პერსპექტიული შემტევი ტრავმებმა შეაწუხა. დავინტერესდით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და მას უნგრეთში დავუკავშირდით... და მოულოდნელად, ქვილითაიასგან უსიამოვნო ამბები შევიტყვეთ. როგორც ფეხბურთელმა გვითხრა, "დიორში" (სადაც ის ერთხელ უკვე თამაშობდა) მისი ყოფნის დღეები დათვლილია.
შეგახსენებთ, რომ მას "სასკოსა" და გორის "დილაშიც" უთამაშია, შეუძლია შეტევის მთელ ფრონტზე მოქმედება, იგებს მაღალ ბურთებს, აქვს დრიბლინგი და გოლებიც გააქვს...
- ზამთრის მერე ტრავმა მაქვს, ვერაფრით ვერ მოვიშუშე. ათი დღეა,
- სეზონი დასასრულს უახლოვდება. რას აპირებთ? დარჩებით "დიორში"?
- რომც მინდოდეს, ვერ დავრჩები. უკვე გადაწყვეტილია, რომ სეზონი მორჩება თუ არა, აქედან უნდა წავიდე.
- რატომ? რა ხდება?
- საქმე ისაა, რომ კლუბი ფინანსურ კრიზისშია. ამას თან დაერთო ისიც, რომ რომელ ადგილზეც უნდა დავამთავროთ უნგრეთის ჩემპიონატი, მაინც გავვარდებით უმაღლესი ლიგიდან. ესეც გადაწყვეტილია - მომავალი სეზონიდან "დიორი" მესამე ლიგაში ითამაშებს, ოღონდ - უჩემოდ.
- სეზონს რისთვისღა ამთავრებთ? გუნდი ამჟამად მეცხრე ადგილზეა. რა მოტივაცია აქვთ ფეხბურთელებს, როცა მინდორზე გადიან?
- უბრალოდ, იმ მიზნით ვთამაშობთ, რომ ჩემპიონატი ჩავამთავროთ. შუა ჩემპიონატიდან ხომ ვერ გავა გუნდი?..
- ...და ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად არ მოქმედებს თქვენზე?
- რა თქმა უნდა, მოქმედებს. ჯერ ტრავმა იყო, ახლა კიდევ ასეთი ამბებია... მაინც იმედიანად ვარ. ის მამშვიდებს, რომ ვარჯიში დავიწყე.
- "დიორი" უპრობლემოდ შეგელევათ?
- კი, პრობლემა არ არის. ფედერაციიდან ველოდები დოკუმენტაციას და "დიორთან" მაშინვე გავწყვეტ ხელშეკრულებას.
- დარჩენა რომ შემოგთავაზონ?
- არა, გამორიცხულია. ყველამ ასე ვიცით, რომ გუნდმა უნგრეთის ჩემპიონატის მესამე ლიგაში უნდა ითამაშოს. ამ ლიგაში თამაშს კი არ ვაპირებ.
- გამოდის, რომ თქვენი აყვანის მსურველ კლუბს თანხის გადახდა არ მოუწევს?
- არა, მორჩება სეზონი და თავისუფალი აგენტის სტატუსს მივიღებ.
- თავად ვარ ნამყოფი დიორში და ვიცი, როგორ უყვართ იქ ფეხბურთი. სტადიონი "ეტო პარკი" შესანიშნავი ნაგებობაა... რატომ გაუჭირდა ასე კლუბს?
- ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც კლუბის პრეზიდენტი დააკავეს. ეს იყო და, "დიორის" მთავარმა სპონსორმა "აუდიმაც" მიგვატოვა.
- ახლაც უნგრეთში ხართ?
- კი, ახლა უნგრეთში ვარ. ეს კია, რომ კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის გამო, სამკურნალოდ საქართველოში ვიყავი ჩამოსული.
- ჯერ არ იცით, რომელ გუნდში გააგრძელებთ კარიერას?
- ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია. მორჩება სეზონი და გამოჩნდება ვარიანტები...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"