უკრაინა
უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში ლუცკის "ვოლინმა" შინ 4:2 მოუგო "ჰოვერლას". მე-7 წუთზე ანგარიში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ გახსნა, რომელმაც საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით გაიტანა.
სანდრომ მინდორზე 90 წუთი გაატარა. მასპინძელთა რიგებში 82-ე წუთზე გამოჩნდა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი თემურ ფარცვანია.
ტურის ცენტრალურ მატჩში კიევის "დინამომ" შინ 1:0 მოუგო "დნიპროს".
"ჩერნომორეცმა" ზაპოროჟიეს "მეტალურგი" ისტუმრა და უგოლოდ დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში სათადარიგო იყო ახალგაზრდა ქართველი მცველი გიორგი გადრანი. სტუმართა შემადგენლობაში კი 90 წუთი ითამაშა უკრაინული პასპორტის მქონე ვაკო გვილიამ.
ამავე ჩემპიონატში "ზორია" "კარპატის" დაუზავდა - 1:1. მასპინძელთა რიგებში 58-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ჯაბა ლიპარტია, ბუბა დაუშვილი კი "კარპატის" მწვრთნელმა 46-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში უკრაინული პასპორტის მქონე ქართველი - ამბროსი ჩაჩუა ჩართო.
ჩეხეთი
ლევან ყენიას გოლი-შედევრი. საქართველოს ნაკრების შუახაზელმა "დუკლასთან" მოგებულ (2:0) მატჩში 36-ე წუთზე გახსნა ანგარიში. მან დრიბლინგს ძლიერი და ზუსტი დარტყმა მიაყოლა. ამ მატჩში ყენია ჯერ გააფრთხილეს, 71-ე წუთზე კი შეცვალეს.
იტალია
ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" გასვლაზე 1:2 წააგო "ვერონასთან". საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი მინდორზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.
ჰოლანდია
ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ვიტესი" შინ დაუზავდა "უტრეხტს" - 3:3. 90-90 წუთი ითამაშეს გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა. არნემელები ევროპალიგის საგზურის მოსაპოვებელ პლეი-ოფში ჩაერთვებიან.
მოლდოვა
გოლებით გაგვახარეს კიშინიოვის "დაჩიას" ჩვენებურებმა - ჯაბა დვალმა და დავით სირაძემ. "დაჩიამ" შინ 8:1 მოუგო "აკადემიას". დვალმა 38-ე წუთზე 11-მეტრიანი შეაგდო, სირაძემ კი 84-ე წუთზე გაიტანა.
ორი ჩვენებურის გუნდს მოლდოვის ჩემპიონატის ბოლო ტურში უწევს უმნიშვნელოვანესი მატჩი "მილსამისთან".
მოლდოვისავე ჩემპიონატში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველ ირაკლი გოგინაშვილის "საქსანმა" გასვლაზე 1:3 წააგო "ტირასპოლთან". გოგინაშვილმა 76 წუთი ითამაშა.
რუსეთი
რუსულ პრემიერლიგაში ყაზანის "რუბინი" გასვლაზე 0:3 დამარცხდა "ლოკომოტივთან". ყაზანელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა საბა კვირკველიამ, მამუკა კობახიძე კი სათადარიგოთა შორის დარჩა.
მოსკოვის "სპარტაკი" შინ განადგურდა ცსკა-სთან - 0:4. ჯანო ანანიძე სათადარიგო იყო. "სპარტაკის" რიგებში შეცვლაზე გამოჩნდა რუსული პასპორტის მქონე ქართველი ახალგაზრდა გიორგი მელქაძე.
რუსეთის პირველ დივიზიონში "სკა ენერგიამ" შინ "ენისეის" 3:1 მოუგო. მასპინძელთა შორის 32-ე წუთზე თავი კახა ალადაშვილმა გამოიჩინა, 85-ე წუთზე კი - გუჯა რუხაიამ, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს.
"ტოსნომ" საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით (1:0) აჯობა "ვოლგას". მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ. სრულად გაისარჯა რუსეთის მოქალაქე გურამ თეთრაშვილი. სათადარიგოთა შორის დარჩა საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი. "ვოლგას" რიგებში შეცვლაზე შევიდა რუსეთის მოქალაქე მერაბ ურიდია.
"ტომისა" და "ვოლგარის" მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ასტრახანის "ვოლგარის" რიგებში გაიტანა რუსეთის მოქალაქე თორნიკე ბუკიამ. "ტომის" რიგებში კი შეაგდო ასევე ჩვენებურმა, რუსული პასპორტის კიდევ ერთმა მფლობელმა ანზორ სანაიამ.
"სახალინი" გასვლაზე დაუზავდა "შინიკს" - 1:1. სტუმართა რიგებში არ უთამაშია გოჩა ხოჯავას, გიორგი კახელიშვილმა კი გუნდი დატოვა.
პოლონეთი
პოლონეთის ჩემპიონატში (ქვედა 8 გუნდი) "ზავიშამ" "კორონას" 3:1 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში არ უთამაშია ქართველ ფორვარდ გიორგი ალავერდაშვილს.
"რუხი" შინ "პიასტს" დაუზავდა - 1:1. მასპინძელთა შემადგენლობაში შეცვლაზე ითამაშა როლანდ გიგოლაევმა, ვინც კახა ცხადაძისთვის საინტერესო ფეხბურთელია.
"იაგელონიამ" გასვლით მატჩში 3:1 აჯობა "ლეხს". გამარჯვებულთა შორის 57-ე წუთზე ჩაერთო თამაშში ნიკა ძალამიძე, გიორგი ფოფხაძე კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ინტერი" გასვლაზე დაუზავდა "გაბალას" - 1:1. ძირითადში იყვნენ და მინდორზე 90-90 წუთი გაატარეს გიორგი ლომაიამ და ალეკო ამისულაშვილმა. ბაჩანა ცხადაძე 70-ე წუთზე შეცვალეს. ლაშა სალუქვაძეს არ უთამაშია. ამ ფრით "ინტერმა" ქვეყნის ჩემპიონობის შანსი დაკარგა.
ქართველი სპეციალისტის, გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა" შინ 4:0 დაამარცხა "ბაქი".
ლენქორანის "ხაზარმა" შინ 1:0 მოუგო აზალ-ს. წაგებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ლაშა კასრაძემ.
კვიპროსი
"ოთელოსმა", რომელიც ქვედა ლიგაში დაქვეითდა, საშინაო ასპარეზზე 3:0 მოუგო აელ-ს. არ უთამაშიათ ლევან ხმალაძესა და როინ კვასხვაძეს. მინდორზე მხოლოდ ელგუჯა გრიგალაშვილი გამოჩნდა, რომელიც მოგვიანებით შეცვალეს.
ქვედა ექვსეულშივე "ნეა სალამინამ" შინ 6:0 მოუგო "დოქსას". გამარჯვებულთა რიგებში გიორგი პაპავა სათადარიგო იყო. შოთა გრიგალაშვილი დაშავებულია.
ზედა ექვსეულში "ანორთოსისმა" შინ 3:1 სძლია "აპოლონს". 90 წუთი ითამაშა ირაკლი მაისურაძემ. არ უთამაშია გიორგი აბურჯანიას.
"ომონიამ" შინ გაანადგურა "ერმისი" - 7:1. გამარჯვებულთა რიგებში 69-ე წუთზე გამოჩნდა საქართველოს ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე.
ფინეთი
ფინეთის ჩემპიონატში ირაკლი სირბილაძე "კუპსის" შემადგენლობაში თავის ყოფილ გუნდ ტურკუს "ინტერს" დაუპირისპირდა. ჩვენებურს წინა შეხვედრაში მიღებული ტრავმა გადმოჰყვა, რის გამოც მინდორზე მხოლოდ 66-ე წუთზე გამოვიდა, 84-ე წუთზე კი შეცვალეს.
"კოოტეპე" შინ დაუხვდა სიკ-ს. ფრე - 0:0. მასპინძელთა რიგებში 64-ე წუთზე გამოჩნდა ქართველი მცველი გიორგი ოსიტაშვილი.
ლატვია
ლატვიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაზ პერტიას გაწვრთნილმა "სკონტომ" გასვლაზე 0:1 წააგო იურმალას "სპარტაკსთან". "სკონტოს" რიგებში სრულად ითამაშა ქართველმა მცველმა ლევან მახარაძემ.
გერმანია
გერმანიის ჩემპიონატის მესამე ლიგაში "უნტერჰახინგმა" შინ 1:0 მოუგო "მიუნსტერს". ლუკას ჰუფნაგელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. ის 64-ე წუთზე შეცვალეს.
აკაკი გოგიამ, ვინც უკვე ინგლისური "ბრენტფორდის" ფეხბურთელი გახდა, "მაინცის" მეორე გუნდთან წაგებულ (1:2) შეხვედრაში "ჰალეშერის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო.
უნგრეთი
"სპარტაკუსმა" გასვლაზე 1:3 წააგო "ჰალადაშთან". სტუმართა რიგებში 77-ე წუთზე გამოჩნდა დავით დარციმელია, ორი წუთის შემდეგ კი მინდორზე ზურაბ არზიანიც შევიდა.
"დიორი" 1:4 დამარცხდა "დიოშდიორთან". წაგებულთა რიგებში გიორგი ქვილითაიამ მეორე ტაიმი სრულად ითამაშა.
ნორვეგია
ნორვეგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "მიოლდე" უხვგოლიან საშინაო შეხვედრაში დაუზავდა "სტაბეკს". ამ გუნდის შემადგენლობაში 58-ე წუთზე გამოჩნდა ჩვენებური გიორგი გოროზია და ძალიან კარგადაც ითამაშა - სტუმართა მიერ გატანილ ორ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა.
თურქეთი
ამ ქვეყნის პირველობაზე "ქასიმფაშა" გასვლაზე დაუზავდა "სივასს" - 1:1. სტუმართა რიგებში 51-ე წუთიდან ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა.
ბელორუსი
"სლავიამ" შინ 4:0 მოუგო "ვიტებსკს". გამარჯვებულთა რიგებში სათადარიგო იყო დავით ჩიგოევი, იაკობ აფხაზავას კი არ უთამაშია.
ესტონეთი
ამ ქვეყნის ჩემპიონატის კალენდარულ შეხვედრაში "ფლორამ" საშინაო მატჩში 2:1 მოუგო "პაიდეს". ზაქარია ბეგლარიშვილი თამაშში 53-ე წუთზე ჩაება. მან ირაკლი ლოგუა შეცვალა.
რუმინეთი
გიორგი ჭანტურიას "კლუჟმა" გასვლაზე 3:0 მოუგო "იაშის". "კლუჟის" ქართველი ლეგიონერი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო. ამ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა ტადემ, ვინც ჰეთ-თრიკი მიითვალა.
უზბეკეთი
ტაშკენტის "ფახთაქორმა" შინ 2:0 მოუგო "ნეფთჩის". საქართველოს ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა და "ფახთაქორის" კაპიტანმა კახა მახარაძემ მინდორზე 90 წუთი გაატარა.
"ყიზილყუმმა" გასვლაზე 2:1 აჯობა "ბუხარას". სტუმართა რიგებში შეცვლაზე შევიდა მცველი გიორგი კვესიეშვილი.
პორტუგალია
ამ ქვეყნის ჩემპიონატში "ჟილ ვისენტე" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "პენაფილთან". სტუმართა რიგებში სათადარიგო იყო ავთო ებრალიძე.
მეორე დივიზიონში "ფეირენსემ" შინ 1:0 მოუგო "ორიენტალს". "ფეირენსეს" მეკარე გიორგი მაკარიძე სათადარიგო იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"