სავარაუდო ტრასფერები: ლევან შენგელია "აიაჩოში", გიორგი ბერიძე - "გენტში"

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე, ჯიმი ტაბიძე
აპრილში, პოპულარულ ფრანგულ კლუბ "ლილში" (ლიგა 1) ორი ქართველი - ფოთის "კოლხეთის" თავდამსხმელი ლევან შენგელია და "ზესტაფონის" შემტევი გიორგი ბერიძე მიიწვიეს. ამ საქმეში ლაშა ჯაკობია (ბელგიური სამენეჯერო კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში) მონაწილეობდა. ფეხბურთელები "ლილში" 12 მაისიდან ვარჯიშობდნენ.

როგორც გვითხრეს, ფრანგულ კლუბს ორივე მოეწონა და დარჩენა შესთავაზეს. თუმცა, ფოთის "კოლხეთის" დირექტორ თემურ ბარქაიას თქმით, შენგელია "ლილის" ნაცვლად სხვა კლუბში მივა.

"თავიდან, "ლილის" ვარიანტზე ლაპარაკი მართლაც იყო. მაგრამ ეს ვარიანტი გამოირიცხა: "ლილში" მას დუბლებში თამაში შესთავაზეს
და არა - მთავარ გუნდში. იქ სათამაშო პრაქტიკა არ ექნებოდა. ლაშა ჯაკობიას კი მისი ისეთ გუნდში წაყვანა სურს, სადაც რეგულარულად ითამაშებს.

ლევანი საფრანგეთში თვის ბოლოს წავა და, დიდი ალბათობით, "აიაჩოში" გადავა. "ლილისგან" განსხვავებით, ეს გუნდი ლიგა 2-ში გამოდის", - ამბობს ბარქაია.

რაც შეეხება ბერიძეს, შესაძლოა, მანაც სხვა ვარიანტი ამჯობინოს. თუმცა კლუბი არ დაუკონკრეტებია. ჩვენი ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მან ბელგიის ჩემპიონ "გენტს" მიაშუროს.

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ იმავე "გენტში", შესაძლოა, "საბურთალოს" კაპიტანი ჯიმი ტაბიძეც აღმოჩნდეს. როგორც შევიტყვეთ, ბელგიის ჩემპიონის სკაუტები მას თბილისური ელიტრაუნდის დროს აკვირდებოდნენ. ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია ბიჭებო. მაგრამ მარტო იქ წასვლა არ არის საქმე. მთავარია ივარჯიშოთ და განვითარდეთ და დაივიწყოთ ე.წ ქართული მენტალიტეტი და თავში ავარდნა
0

სიახლეები პოპულარული