მიხეილ მეტრეველი: არაბიძე "შახტარში"? საბოლოო სიტყვა ლუჩესკუზეა...

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" პრეზიდენტის, ევროპაში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენის, რინატ ახმეტოვის უახლოესი მეგობარი და თანამოსაქმე ჩვენებური კაცია - მიხეილ მეტრეველი.

მეტრეველს მისი ქართველი მეგობრის, საფეხბურთო კლუბ "გაგრის" უფროსის, მიხეილ აფხაზავას მეშვეობით დავუკავშირდით და ვფიქრობთ, საინტერესო ინტერვიუც გამოგვივიდა...

"შახტარი" კი ჩვენთვის საინტერესო კლუბია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ცდილობს დამკვიდრებას...

- ბატონო მიხეილ, როგორ შემოვიდა ფეხბურთი თქვენს ცხოვრებაში?
- გავიზარდე დონეცკის მხარის ქალაქ მაკეევკაში. ფეხბურთის თამაშიც იქ დავიწყე. ათი ნომრის ამპლუაში ვთამაშობდი ადგილობრივი საფეხბურთო
კლუბის შემადგენლობაში. ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, რომელმაც ბევრ ცნობილ მოთამაშეს გაუკვალა გზა დიდ ფეხბურთში. მაგალითად, უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ გენადი ორბუს, რომელსაც, ალბათ, თქვენც იცნობთ ტელეეკრანიდან...

აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მოღვაწეობა გავაგრძელე სპორტულ ჟურნალისტიკაში. უკრაინის ტელევიზიით მიმყავდა საფეხბურთო გადაცემა. მიმაჩნია, რომ წარმატებული პროექტი იყო, რადგან 7 წლის განმავლობაში გაძლო ტელეეთერში. მოგეხსენებათ, ეს იოლი არ არის. სანამ უკრაინაში კრიზისი დაიწყებოდა, გამოვცემდი საფეხბურთო ჟურნალს. დღესდღეობით, ვმუშაობ "შახტარში"... ესაა მოკლედ, რისი თქმაც შემიძლია.

- როგორც ვიცით, საქართველოში ბევრი მეგობარი გყავთ. გვიამბეთ მათზე...
- "გაგრის" პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე ჩემი უახლოესი მეგობარია. ვმეგობრობ "ლოკომოტივის" პრეზიდენტ ლექსო თოფურიასთანაც. ეს კლუბი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს უკვალავს გზას დიდ ფეხბურთში. ჩემი მეგობარია "ცხინვალის" პრეზიდენტი მურთაზ შელიაც...

არ მინდა, ვინმე გამომრჩეს... ერთს კი საგანგებოდ გამოვყოფ - ეს არის "ჟორიკა". მას ყველა იცნობს ქართულ ფეხბურთში. ალბათ, თქვენც იცნობთ. ეს არის ადამიანი, ვინც საფეხბურთო ცივილიზაციებს და ერებს აერთიანებს.

- თქვენი ნათესავები საქართველოში ცხოვრობენ?
- კი, რაჭაში, კერძოდ - უწერაში. სხვათა შორის, ბებიაჩემი დიდი ქართველი მსახიობის, ზურაბ ქაფიანიძის უახლოესი ნათესავია. ხშირად ვერ ვნახულობ მათ მოუცლელობის გამო, მაგრამ განზრახული მაქვს, უახლოეს მომავალში ჩავიდე რაჭაში...

- გიორგი არაბიძეზე უნდა გკითხოთ, როგორც ვიცით, ის "შახტარშია"...
- გიორგის აქ ყველა კარგი თვალით უყურებს. მისი მშობლები ზამთრიდან კიევში ცხოვრობენ და მუშაობენ. არაბიძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მისი გადაბირება უნდოდათ გერმანულ და ავსტრიულ კლუბებს, მაგრამ მშობლების სურვილი იყო, რომ გიორგის ეთამაშა უკრაინის ჩემპიონატში. ის სამშაბათ დილით გაფრინდა "შახტარის" შეკრებაზე, ავსტრიაში. როგორც ვიცი, უკვე ივარჯიშა კიდეც ძირითად გუნდთან ერთად. ისიც ვიცი, რომ ფაკუნდო ფერეირასთან ერთად შეასახლეს ნომერში.

ჯერ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი არ გაფორმებულა, მაგრამ, თუ ყველაფერი კარგად იქნა, ხელშეკრულების გაფორმებას წინ ვერაფერი დაუდგება.

ახლა გიორგი ივარჯიშებს მირჩა ლუჩესკუს ხელმძღვანელობით, პირველ გუნდთან ერთად. საბოლოო სიტყვა რუმინელ სპეციალისტზე იქნება. თუ ტრანსფერის ამბავი დადებითად გადაწყდა, ასეთ შემთხვევაში გიორგი ჯერ "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს. ევროპულ ტურნირებსა თუ უკრაინის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას და ეტაპობრივად დაწინაურდება.

- სხვა ქართველი ფეხბურთელებიც ხომ არ გამოჩნდებიან "შახტარში"?
- როგორც იცით, ჩვენთან თამაშობდა თორნიკე ოქრიაშვილი. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ძირითად გუნდში ვერ დამკვიდრდა. შესაძლოა, მიზეზი მისი ხასიათიც იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, თორნიკე ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელია. მას კარგი სეზონი ჰქონდა "ჩერნომორეცში".

- რას იტყვით ქართულ ფეხბურთზე, ადევნებთ თუ არა თვალს მის ყოველდღიურობას?
- ქართულ ფეხბურთში არის უდიდესი ნიჭი. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. თუმცა არის პრობლემებიც და ისინი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ვგულისხმობ თუნდაც საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, ჩემპიონატის დონეს... ფეხბურთი მეტად მასობრივი უნდა გახდეს საქართველოში. ბელგიაც პატარა ქვეყანაა, მაგრამ იქ 400 ათასი ბავშვია დაკავებული ფეხბურთით.

- ბატონო მიხეილ, თუ შეგიძლიათ, მოგვიყევით თქვენი უახლოესი მეგობრის, რინატ ახმეტოვის შესახებ...
- ამ ადამიანის შესახებ მთელი დღე-ღამის განმავლობაში შემიძლია ვილაპარაკო. მე ასე ვიტყოდი: ის ჩემთვის არის მეორე მამა. რინატი მე მეგობრად მიმიჩნევს და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ახმეტოვმა პროვინციულ ქალაქში შექმნა გუნდი, რომელიც შედის ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის.

საბჭოთა პერიოდში "შახტიორი" (მაშინ ასე მოვიხსენიებდით ამ კლუბს) ერთხელაც არ ყოფილა ჩემპიონი. მას შემდეგ, რაც კლუბმა მოიგო უეფას თასი, ჩვენ წინაშე დგას ერთადერთი ამოცანა - მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგაც. სუპერთასის მოპოვების შანსიც გვქონდა, მაგრამ მონაკოში მესიმ მაინც გაგვიტანა გოლი...

- ამბობენ, უკრაინაში არსებულმა კრიზისმა რინატ ახმეტოვი "შახტარის" სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადაყვანაზე დააფიქრაო...
- არ დაიჯეროთ! რინატ ახმეტოვის გულში არის ერთადერთი გუნდი - "შახტარი" და ერთადერთი ქალაქი - დონეცკი. "შახტარი" ეკუთვნის დონეცკს და ის აუცილებლად დაბრუნდება "დონბას არენაზე"...

- იმასაც ამბობენ, რომ ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი სტადიონი ომმა დააზიანაო...
- ზუსტად ვიცი, იქ რაც ხდება. "დონბას არენა" ძველებურად მშვენიერია. ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა სტადიონს და ბაზას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაზიანებულა. ბაზასაც უვლიან და სტადიონსაც.

- არ გიჭირთ ნეიტრალურ სტადიონზე თამაში?
- ეს არის ის, რაც საქმეს ყველაზე მეტად გვირთულებს. ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ როცა საშინაო მატჩებს ვთამაშობთ, ქომაგობა გვაკლია. რა თქმა უნდა, ამის გამო გაგვიჭირდება ტიტულების მოგება, მაგრამ ჩვენ უკან ვერ დავიხევთ.

- "შახტარის" მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუზეც უნდა გკითხოთ. მის გარშემო ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება. რჩება ის გუნდში თუ?..
- მან თავად თქვა, რომ ერთი წლით გააგრძელა კლუბთან ხელშეკრულება. ის ყოველთვის ასე იქცევა და ერთი წლის შემდეგ ისევ რჩება ხოლმე გუნდში. იმედია, ამჯერადაც ასე იქნება. ლუჩესკუ გამორჩეული მწვრთნელია, ერთ-ერთი საუკეთესო - მსოფლიოში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აქეთ და აპიარეთ ესეთი ხალხი და მიიღებთ ახალ ჯუღელს, ჩელებაძეს და ბევრ სხვას ვინც ბითუმად გაზიდა ჩენი ფეხბურთელები რუსეთ-უკრაინაში და უფულოდ და უფეხბურთელებოდ დატოვა ჩვენი კლუბები...
Walkabout
10:57 25-06-2015
0
ჩვენი ჩემპიონატი არ ვარგა და რა ქნას ნიჭიერმა სპორტსმენმა,უნდა გავიდეს საზღვარგარეთ და რეალიზება უნდა უყოს თავის ნიჭს და არა მარტო ნიჭს,სახელი გაიტანოს თავისი ქვეყნის,რაც 70 წლიანი კომუნისტური რეჟიმის გამო დღესაც კი არავინ იცის და როგორც რუსს ან ნარუსალს მოგვიხსენიებენ
vaxvax
13:54 25-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული