18 წლის ქართველი "რეჯანას" ძირითადში? ნიკა ქორიძე გიორგი ნემსაძის კვალზე

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი, შესაძლოა, ცნობილი იტალიური კლუბის, "რეჯანას" (სადაც თავის დროზე გიორგი ნემსაძე თამაშობდა) ძირითად შემადგენლობაში გადაიყვანონ - ასეთი ინფორმაცია მაიწოდეს "ლელოს" და, ცხადია, უმალ ამ ახალგაზრდით დავინტერესდით.

აღმოჩნდა, რომ ის ნოდარ აკობიას 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი, 18 წლის ნიკა ქორიძეა, რომელსაც დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ:

- "რეჯანას" ძირითად გუნდში თქვენი გადასვლის შესახებ ინფორმაცია მართალია?
- ეს ცნობა იტალიურ პრესაში გავრცელდა. სიმართლე გითხრათ, იტალიიდან წარმოსვლამდე კლუბის ხელმძღვანელებთან პირადად არ მილაპარაკია, მათ მამაჩემი ეკონტაქტება, რომელიც
ყოფილი ფეხბურთელი და 35-ე სკოლის ასევე ყოფილი მწვრთნელია - შაკო ქორიძე.

იტალიაში აგვისტოში უნდა ჩავიდე, მაგრამ ჩემი ამბავი ახლა უნდა გავარკვიო.

- საერთოდ, იტალიაში როგორ მოხვდით?
- 35-ე სკოლაში გოჩა ტყებუჩავასთან ვვარჯიშობდი. ყველაფერი 5 წლის წინათ დაიწყო, როცა 12 წლისა იტალიაში სინჯებზე წავედი. იქ მწვრთნელს მოვეწონე, მაგრამ პატარა ბავშვს ვინ დამტოვებდა? მამაჩემი კი იქ დარჩა და მერე იტალიაში ხელმეორედ ჩამიყვანა. მას მერე უკვე ორი წელიწადი გავიდა. ცხოვრების უფლება კი მივიღე, მაგრამ არ ვიცოდი, რომ თურმე თამაში არ შემეძლო.

- აბა, ეს ორი წელიწადი რას აკეთებდით?
- პირველი წელი, საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მხოლოდ ვვარჯიშობდი. წამოსვლას ვაპირებდი, უთამაშებლად გაჩერებას რა აზრი ჰქონდა? მაგრამ დარჩენა მთხოვეს, სხვაგან გაგიშვებთ, სადაც თამაშის უფლება გექნებაო. არ მეგონა, რომ ეს გამოვიდოდა. მაგრამ საკითხი მოგვარდა და "ფალკგალილეოში" გამანათხოვრეს, რომელიც რანგით მეხუთე ლიგაში, "პრომოციონეში" გამოდის.

18 წლის რომ გავხდი, ისევ "რეჯანაში" მივედი. მითხრეს - სეზონი "ფალკგალილეოში" ჩაამთავრე და შენი საკითხი ამის შემდეგ გადაწყდებაო. მაგრამ მაინც წამოვედი და ჩემი ამბავი გაურკვეველი მეგონა. როცა დამიკავშირდნენ და მითხრეს - "რეჯანას" ძირითად გუნდში გადაყვანას გიპირებენო, გამიკვირდა და ძალიან გამიხარდა.

- საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თუ გითამაშიათ?
- ნოდარ აკობიას 17-წლამდელთა ნაკრებში ვიყავი და შესარჩევი ეტაპის მატჩებიც ვითამაშე, რომელიც თბილისში გაიმართა. მერე აკობიამ ელიტრაუნდშიც მიმიწვია, მაგრამ ეს ის პერიოდია, იტალიაში უთამაშებელი რომ დავრჩი. ამის გამო, ბუნებრივია, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი და არც მითამაშია. მაგრამ იმედია, კარიერას ავიწყობ და 19-წლამდელთა ნაკრებში მაინც მოვხვდები.

- ამჟამად "რეჯანა" არ ბრწყინავს. კლუბში წინსვლის იმედი თუ აქვთ?
- მართლაც ასეა, გუნდი სერია C-შია და საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. სერია B-ში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვდა, მაგრამ ვერ გადავიდა.

ისე, 100 წლის კლუბია და დიდი ტრადიციები აქვს. იყო დრო, სერია A-ში გამოდიოდა და იქ დიდი ვარსკვლავებიც თამაშობდნენ - დი ლივიო, რავანელი, რიციტელი, მსოფლიო ჩემპიონი მეკარე ტაფარელი, პაოლო ფუტრე, სარტორი, ადოლფო ვალენსია, კრისტიანო ძანეტი, ობაფემ მარტინსი... თავის დროზე, "რეჯანას" თვით კარლო ანჩელოტი ავარჯიშებდა.

ასეთ გუნდში მოხვედრა 18 წლის ქართველისთვის პატარა ამბავი არ იქნება. მთავარია, ჩემი საკითხი მალე გადაწყდეს და კონტრაქტი გავაფორმო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საგოლ ნიკუშ წარმატებებს გისურვებ ნიკუშ უფალი იყოს შენი მფარველი ყველაფერი გამოგივა და წარმატებასას მიახწე, :)
shako
18:17 29-06-2015
0

სიახლეები პოპულარული