ჯაბა ლიპარტია: უკრაინაში თავს ლეგიონერად არ მივიჩნევ

AutoSharing Option
დღეს, 25 ივლისს, უკრაინის პრემიერლიგის II ტურის ცენტრალურ მატჩში ლუგანსკის "ზორია", რომლის ღირსებას ჯაბა ლიპარტია იცავს, ზაპოროჟიეში ხარკოვის "მეტალისტს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის სტარტზე ლუგანსკელებმა ზაპოროჟიეს "მეტალურგი" გაანადგურეს - 6:0, ჯაბა კი პირველი გოლისას ასისტენტად მოგვევლინა. მცირე ტრავმის გამო ქართველმა ნახევარმცველმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა.


"მეტალისტთან" თამაშის წინ ჯაბამ უკრაინულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც განვლილ და მომავალ მატჩებზე ისაუბრა.

- ჯაბა, როგორც წესი, წარუმატებლობის შემდეგ გუნდები ცდილობენ, როგორმე გამოიკეთონ ხასიათი, თუმცა დიდი
ანგარიშით მოგების შემდეგაც ალბათ საჭიროა, სათანადოდ განწყობა...

- ჩემპიონატის სტარტზე განწყობა მშვენიერი გვაქვს. ამასთან ვხვდებით, რომ ასე იოლად გამარჯვება ყოველთვის არ მოვა. ამიტომ, რეცეპტი მარტივია: რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ პირველი ტური და მოვემზადოთ მეორისთვის.

- ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" მატჩის შემდეგ ალბათ დასკვნებსაც გამოიტანდით, რამდენადაა გუნდი მზად სეზონისთვის.
- აშკარაა, რომ შეკრებაზე სწორად ვიმუშავეთ. რაც შეეხება 6:0-ს - ეს ანგარიში რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მეტოქე გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები პირველი ტაიმის შემდეგ ფსიქოლოგიურად გატყდნენ. ზაპოროჟიელებმა ხელები ჩამოუშვეს და ჩვენც არ დავინდეთ.

ის, თუ რამდენად კარგ ფორმაში ვართ, 2-3 ტურის შემდეგ გამოჩნდება. და რა თქმა უნდა, ევროპა ლიგის სტარტის შემდეგ.

- შეიძლება ითქვას, რომ "მეტალისტთან" თამაშს "შარლერუასთან" მატჩისწინა რეპეტიციად განიხილავთ, თუ ამ ორ სხვადასხვა ტურნირს ერთმანეთს საერთად არ უკავშირებთ?
- შედარება არ შეიძლება და აქ საუბარი მხოლოდ მეტოქეების სიძლიერეზე არაა. ბელგიაში სულ სხვა ატმოსფერო, სხვა პასუხისმგებლობა, მაყურებლის განსკუთრებული ყურადღება იქნება. ისე კი, წმინდა სპორტული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მომავალი ტური მომზადებაც იქნება და გენერალური რეპეტიციაც.

- ბოლო დროს "მეტალისტი" ძალიან იცვლება - ეს ეხება როგორც მოთამაშეებს, ისე მწვრთნელებს. ასწრებდით ამ ყველაფერზე თვალის მიდევნებას?
- ხარკოვის გუნდის ახალწვეულთა უმრავლესობა ცნობილი ფეხბურთელები არიან და მათ ახალბედებს ვერ ვუწოდებთ. ეს შემსრულებელთა კარგი ნაკრებია. ამბციური მწვრთნელია ალექსანდრ სევიდოვიც და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იოლ თამაშს არავინ ელოდება.

მიუხედავად ყველაფრისა, პირველ ტურში "მეტალისტის" მიერ ჩატარებული მატჩის შესწავლას მოვასწრებთ და ეს ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

- ამ მეტოქესთან ჩატარებული წინა მატჩებიდან რა გახსენდება?
- ისე ხდებოდა, რომ ხარკოველებთან წარმატებული შედეგის მიღწევას, ისევე როგორც მაგალითად, "დნიპროს" წინააღმდეგ, რატომღაც ვერ ვახერხებდით ხოლმე. 2013/14 წლების სეზონში "ზორიამ" საკმაოდ კარგად ითამაშა მაშინდელ "მეტალისტთან" - ორი ფრე სახელიან გუნდთან. განსაკუთრებით კარგად მახსოვს საშინაო შეხვედრა, რომელიც 2:2 დასრულდა. ასევე მახსენდება ხარკოვში ანგარიშით 2:3 წაგებული თამაში - საკმაოდ ცუდი მსაჯობით. მაშინ გოლიც გავიტანე.

- დღეს "ზორია" უფრო სტაბილურია, ვიდრე - "მეტალისტი", თუმცა თქვენი გუნდიდანაც მიდიან. შეიძლება დაბეჯითებით თქმა, რომ გუნდური ბრძოლისუნარიანობა ამით არ დაზარალებულა?
- ისინი, ვინც წავიდნენ, ძალიან გვეხმარებოდნენ. დიდი ხნის მანძილზე ერთად თამაშის გამო, პრაქტიკულად იდეალურად გვესმოდა ერთმანეთის. მაგრამ მოდიან სხვები, რომლებიც საბედნიეროდ, სწრაფად ერგებიან მთლიან სათამაშო სურათს. შესაბამისად, საკადრო პროლემები არ გვაქვს. ადაპტაცია უკვე განხორციელდა.

- სადღეისოდ უკრაინის პრემიერლიგაში ჩატარებული გაქვთ 98 მატჩი. მალე იუბილე გექნებათ. ასეთ რაღაცებს აქცევთ ყურადღებას?
- ეს ყოველთვის სასიამოვნოა და გამახსოვრდება. სხვა მხრივ კი, ფეხბურთი არაა მრგვალი რიცხვები და თარიღები. მიუხედავად ამისა, ეს მაინც განსაკუთრებული მოვლენა იქნება ჩემთვის და ყოველთვის მემახსოვრება, ამ მატჩში ვისთან ერთად ვითამაშე და როგორ წარიმართა თამაში.

- დღეს უკრაინაში სულ უფრო ცოტა ლეგიონერია. არ გიფიქრიათ ჩვენი ჩემპიონატის დატოვებაზე?
- როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო, ძალიან განვიცდიდი, პირველ რიგში, ოჯახის გამო. ახლა კი ყველაფერი ნორმალურადაა. აქ უკვე მეხუთე წელია ვარ და თავს ლეგიონერად აღარც მივიჩნევ. ძალიან შევეჩვიე აქაურობას და პრობლემა საერთოდ არ მაქვს.

- თემა განვავრცოთ. "ზორიასთვის" ზაპოროჟიე არაა ლუგანსკი, თუმცა ეს ქალაქი გუნდის შედეგებისთვის იღბლიანი გამოდგა.
- მართლაც. ზაპოროჟიემ გულითადად მიგვიღო. ჩვენს თამაშებზე სულ უფრო მეტი ადგილობრივი მოდის. მართალია, იმდენი არა, რამდენიც ლუგანსკში იყო, თუმცა რაოდენობის ზრდა შესამჩნევია. თქმა არ უნდა, რომ ამას დამსახურება უნდა თამაშითა და სპორტული შედეგებით.

- ერთი წლის უკან ალბათ ცოტა თუ ელოდა, რომ "ზორია" ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდებოდა. ახლა პირიქით, თქვენგან შესარჩევი ეტაპების გავლას ელიან...
- ბუნებრივია, დამოკიდებული წილისყრაზე ვართ. ფორტუნამ შეიძლება გაგვიღიმოს ან უსიამოვნო სიურპირზი გაგვიკეთოს. მაგრამ ერთია - ნებისმიერთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. მით უმეტეს, შარშანდელი ევროსეზონი ცუდად აქამდე გვახსოვს და იმ შეცდომების გამოსწორებას ვაპირებთ.

- შიდა ჩემპიონატში მედლებზე არ გიფიქრიათ?
- გვინდა თითოეულ შეხვედრაში გამარჯვება ვიზეიმოთ და ვნახოთ, ისე იქნება, როგორც ღმერთი ინებებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული