ქარიშხალი ჭიქაში - გადადგა თუ არა შოთა არველაძე?

AutoSharing Option
ფოტოზე: სულეიმან ჰურმა და შოთა არველაძე
29 ივლისს, დილიდან, თურქულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს სენსაციური ინფორმაცია, ახლო მომავალში "ტრაბზონსფორის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შოთა არველაძის გადადგომის თაობაზე.

საქმე ეხებოდა გუნდის მეკარის, ონურ კივრაკის საქციელს, რომელმაც დემონსტრაციულად გადაწყვიტა კლუბის დატოვება. ეს რომ გაიგო, თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნო კლუბის სპორტულმა დირექტორმა სულეიმან ჰურმამ და მანაც განაცხადა, რომ "ტრაბზონსფორის" დატოვებას აპირებდა.

თურქული მედიის ცნობით, სწორედ ამ დროს უთქვამს შოთას - გუნდში ჰურმას მოყვანილი ვარ და თუ ის წავა, "ტრაბზონში" ვერც მე გავჩერდებიო. თუმცა მოგვიანებით არველაძემ
თქვა:

"მე არ გადავმდგარვარ. ამის მსგავსიც არაფერი მითქვამს. ახლა გუნდთან ერთად ვარ და ვემზადებით ევროპალიგის მატჩისთვის, რომელიც მაკედონიური "რაბოტნიჩკის" წინააღმდეგ უნდა ჩავატაროთ".

მოკლედ, ეს ყველაფერი ხდებოდა 29 ივლისს თურქულ მედიაში, რომელიც, თავის მხრივ, გაოგნებული იყო "ტრაბზონსფორის" გარშემო მიმდინარე მოვლენებით. ახლა კი მოგაწვდით "ლელოს" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც სანდო წყაროს ეფუძნება და რაც მერე თურქულმა საიტებმაც გაავრცელეს - "ტრაბზონში" კონფლიქტი ამოწურულია.

სპორტული დირექტორი სულეიმან ჰურმაც დამშვიდდა და კლუბში დაბრუნდა; შესაბამისად, მუშაობას აგრძელებს შოთა არველაძეც, რომლის გუნდიც დღეს მაკედონიაში, ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "რაბოტნიჩკის" დაუპირისპირდება.

დაბოლოს, რაკი "ტრაბზონსფორის" თემას შევეხეთ, გიორგი ლორიას ტრანსფერზეც ვთქვათ. როგორც შევიტყვეთ, გარიგების ბოლომდე მისაყვანად თურქულ მხარეს ყველაფერი მოგვარებული აქვს და "ოლიმპიაკოსის" კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული