"ზესტაფონის" პრესსამსახურმა ამის თაობაზე 19 აგვისტოს მორიგი ინფორმაცია გაავრცელა.
ჯერ მოკლედ საქმის არსს შეგახსენებთ: დაუშვილმა "ზესტაფონში" 6 წელი გაატარა. 2011 წლის ზაფხულში, მაშინ, როცა იმერული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის ემზადებოდა, ლვოვის "კარპატიმ" მასთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა.
"ამის შესახებ ინფორმაცია და კონტრაქტის გაფორმების დამადასტურებელი ფოტომასალა თავად უკრაინელებმა გაავრცელეს, თუმცა შემდგომ, როცა საქმეში ქართული მხარე ჩაერთო, ინტერნეტსივრციდან ამ მასალის სასწრაფოდ მოშორება და საქმის
იმის გათვალისწინებით, რომ ახალ კლუბში გადასვლისას დაუშვილი 23 წლის არ იყო, "ზესტაფონმა" ფიფაში მოითხოვა, ლვოველებს ფეხბურთელის აღზრდისა და მომზადებისთვის კუთვნილი კომპენსაცია გადაეხადათ.
საქმე ჯერ ფიფას დავების პალატაში განიხილეს, შემდეგ კი ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში (CAS). ხანგრძლივი შესწავლისა და განხილვის შემდეგ ამ უკანასკნელმა საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა და დაუშვილის აღზრდისა და მომზადებისთვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ, ლვოვის "კარპატის" "ზესტაფონის" სასარგებლოდ 180 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
მაგრამ უკრაინელებმა არც ამ გადაწყვეტილების აღსრულება იჩქარეს", - ამბობს კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძე.
ამის შემდეგ საქმეში უკვე ფიფას სადისციპლინო კომიტეტი ჩაერთო. 12 აგვისტოს კი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას გაეგზავნა წერილი, რათა მისი შინაარსი "კარპატისთვის" ეცნობებინათ.
"ზესტაფონმა" მისი ასლი მიიღო, რომელშიც ვკითხულობთ:
"საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ლვოვის "კარპატის" კვლავ არ შეუსრულებია ლოზანის არბიტრაჟის 2014 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ეს ფიფას სადისციპლინო კოდექსის 64-ე მუხლის დარღვევაა და გატყობინებთ, რომ "კარპატის" წინააღმდეგ ფიფას სადისციპლინო კომიტეტში დაწყებულია სადისციპლინო საქმის განხილვა, რაც მომდევნო სხდომაზე მოხდება და შესაძლოა, დაწესდეს რომელიმე სადისციპლინო სახის სანქცია (ჯარიმა, ქულების დაკლება, ქვედა ლიგაში დაქვეითება).
აღნიშნულის გათვალისწინებით, ვავალდებულებთ "კარპატის", დაუყოვნებლივ გადაუხადოს "ზესტაფონს" 180 ათასი ევრო.
სადისციპლინო საქმის წარმოება დაიხურება იმ შემთხვევაში, თუ კლუბი დავალიანებას დაუყოვნებლივ დაფარავს და გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს გადმოგვიგზავნის".
ფუტკარაძემ ჩვენი ყურადღება ამ დავაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაზე გაამახვილა:
"საინტერესოა, რომ ამ დავის მიმდინარეობისას, უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მუდამ ლვოველთა ინტერესებს იცავდა. ასე გრძელდებოდა საერთაშორისო ინსტანციებში "კარპატის" გამტყუნებისა და მისთვის საჯარიმო თანხის დაკისრების შემდეგაც.
ფიფასა და ლოზანის არბიტრაჟში დამარცხებული კლუბის გვერდით უკრაინული ფედერაციის დგომა მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს, მეტადრე იმ ფონზე, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელებისგან "ზესტაფონს" ამ დავაში თანადგომა არ უგრძვნია.
ან რომელ თანადგომაზეა ლაპარაკი, როცა გამოგონილი მიზეზით, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ჯერ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან მოგვხსნეს, შემდეგ კი - პირველი ლიგიდანაც. ეს იმ დროს, როცა საქმე ეხება ქვეყნის ორგზის ჩემპიონ კლუბს.
და მარტო ეს? კიდევ ბევრი დანაშაულებრივი "უცნაურობის" მომსწრენი ვართ, მაგრამ იმედია, ამ ყველაფერს წერტილი მალე დაესმება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"