"არაბიძე ყოველი ვარჯიშის შემდეგ ბაზაზე რჩება და ნაკლის გამოსწორებაზე ვარჯიშობს"

AutoSharing Option
"სასიხარულოა, პერიოდულად გიორგი არაბიძის მსგავსი ფეხბურთელები რომ ჩნდებიან. ამ ბიჭს ბევრი კარგი თვისება აქვს. არაბიძე ჩვენი ფეხბურთისა და "შახტარისთვის" აღმოჩენაა. ვინც ის მოძებნა და ჩამოიყვანა, უდავოდ კარგი მენეჯერია", - ასე შეაფასა უკრაინელმა კომენტატორმა გიორგი არაბიძის გადასვლა დონეცკის "შახტარში".

17 წლის ქართველის ტრანსფერი უკრაინაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულე, მიხეილ მეტრეველმა დაიჟინა. ის ჯერ დონეცკის ტელევიზიის ჟურნალისტი გახლდათ, მერე კი საფეხბურთო მენეჯერობა დაიწყო.

მიხეილ მეტრეველს გუშინ დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ. ცხადია,
გიორგი არაბიძეზე ვილაპარაკეთ, მის პერსპექტივებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე...

ზალცბურგის ნაცვლად "შახტარში"
- გიორგი არაბიძის ტრანსფერით როდის დაინტერესდით?
- ნიჭიერი ქართველი ბიჭები სულ მაინტერესებდა და შარშან შემოდგომაზე 17-წლამდელთა ნაკრების თამაშს ამიტომაც დავესწარი. იქ ვნახე არაბიძე და გაოცებული დავრჩი. მეორე მატჩზეც ვიყავი და მივხვდი, რომ გიორგის შეფასებაში არ ვცდებოდი, ექსტრაკლასის ტალანტი იყო, მოედანზე გასაოცარ რაღაცებს სჩადიოდა...

მითხრეს, დააგვიანე, გიორგიმ კონტრაქტი "ზალცბურგთან" გააფორმაო და... გული ჩამწყდა. მაგრამ ცხვირი მაინც არ ჩამოვუშვი და თბილისის "ლოკომოტივის" პრეზიდენტ ლექსო თოფურიას დაველაპარაკე. მას კი გაუკვირდა, კონტრაქტი არავისთან აქვსო...

მერე მასზე დასაკვირვებლად დონეცკიდან მთელი დელეგაცია ჩამოვიყვანე. ისინი დავარწმუნე, რომ ორწლიანი დაკვირვება საჭირო არ იყო, უნდა გვეჩქარა, თორემ ამ ბიჭს ვიღაც წაიყვანდა.

- არაბიძის დებიუტზე უკრაინის საფეხბურთო წრეებში როგორი რეაქცია ჰქონდათ?
- ყველა გაოცებულია. ჯერ იმიტომ, რომ კარგად არ იცნობდნენ და უცებ ბიჭმა გაიბრწყინა. გიორგი კარგახანს ვერ თამაშობდა, რადგან განაცხადში შეყვანის პრობლემა ჰქონდა. მერე უეფამ თანხმობა გასცა და უეფას ახალგაზრდული ლიგისა და უკრაინის საჩემპიონატო განაცხადში მოხვდა.

პირველად, უკრაინის ასაკობრივ ჩემპიონატში ხარკოვის "მეტალისტთან" ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან შეთამაშებული არ იყო, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

"მალმიოსთან" კი, თავადაც იცით, ფურორი მოახდინა და გუნდმაც აღიარა. რომ არა გიორგი, შვედებთან ის მატჩი წაგებული იყო. ლუჩესკუ მთავარი გუნდის წევრად განიხილავს და მას დიდ იმედებს უკავშირებს.

თქვენ გგონიათ, "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა უკრაინის თასზე "ტერნოპოლთან" 90 წუთი შემთხვევით ათამაშა? ეს ძალიან სერიოზული განაცხადი იყო. 10 წელია, რაც დონეცკური კლუბის სისტემაში ვარ და მსგავსი ფაქტი არ მახსენდება.

მალე ლიგაში ითამაშებს...
- საქართველოში მსგავსი ტალანტი რამდენიმე გვახსოვს და სულ შიშით ვართ, მაინც ბავშვია ჯერ და ამდენმა ქებამ, როგორც იტყვიან, არ აწყინოს...
- მეც მეშინოდა, მაგრამ უნდა ნახოთ, როგორი მონდომებით ვარჯიშობს გიორგი და როგორ იქცევა. ამან დამაიმედა, რომ სწორად განვითარდება, თავშიც არ აუვარდება და ნიჭს სრულად გამოიყენებს.

ლუჩესკუმ ავსტრიულ შეკრებაზე რომ წაიყვანა, ორიოდე ვარჯიშის შემდეგ შენიშნა, რომ გიორგის გასაოცარი თვისებები ჰქონდა. მას "მეორე ქინქლაძეს" უწოდებენ, მაგრამ იმედია, მაღალი დონის ფეხბურთს გაცილებით ხანგრძლივად ითამაშებს.

აქვს კიდეც პერსპექტივა, სამ-ოთხ წელიწადში მისმა ტრანსფერმა სამნიშნა ციფრს რომ მიაღწიოს, ევროპის ტოპკლუბებმა მასზე ნადირობა რომ დაიწყონ და ფეხბურთში "არაბიძის ერა" შექმნას.

პერსპექტივაში, მასში უფრო დიდ ფეხბურთელს ხედავენ, ვიდრე დღევანდელი ევროპელი ტოპფეხბურთელები არიან. მაგრამ ნიჭის გამოსაყენებლად, მონდომებით უნდა ივარჯიშოს, როგორც ამას დღეს აკეთებს.

- ლუჩესკუს მხრიდან ნდობა ბევრს ნიშნავს. თქვენი აზრით, გიორგის "შახტარის" ძირითადში მოსახვედრად დიდი დრო დასჭირდება?
- ვფიქრობ, ეს დრო მალე დადგება, რადგან უეფას ახალგაზრდულ ლიგაში თავი გამოიჩინა. მერე ლუჩესკუმ უკრაინის თასზე მოსინჯა და მოეწონა. დარწმუნებული ვარ, უკრაინის ჩემპიონატშიც დატვირთავს და "შახტარმა" ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაზე თუ გააგრძელა თამაში, თავის გამოჩენის შანსს ევროსარბიელზეც აუცილებლად მისცემს.

ახლა ბევრს შრომობს
- თქვენი აზრით, რა აქვს გიორგის გამოსასწორებელი?
- გუნდთან ურთიერთობა უჭირს, რადგან რუსული არ იცის, ინგლისურს კი კარგად ვერ ფლობს. დიდი შრომა დასჭირდება, რომ ტაქტიკურად, თეორიულად და ბურთის ართმევაზე მოუმატოს, დაცვაში მუშაობა გააუმჯობესოს და "შახტარის" ფილოსოფია და სტილი აითვისოს.

დღეს ფეხბურთი ნამდვილი ომია და რომელიმე კომპონენტში მეტოქეს თუ ჩამორჩები, თამაშს წააგებ. ამ კომპონენტების გაუმჯობესების გარეშე, ტოპკლუბში ვერ მოხვდება. მაგრამ გუნდურად თამაშის აუცილებლობა კარგად აქვს გათვითცნობიერებული და ცდილობს, ნაკლი გამოასწოროს.

საამისოდ ერთი-ორი თამაში საკმარისი არ არის. მაგრამ, როცა გუნდურ სქემაში ჩაჯდება, ამით თავადაც უკეთ გამოჩნდება და გუნდიც... გიორგის ძალიან ძლიერი "მარცხენა" აქვს, მარჯვენა ფეხით დარტყმა კი უჭირს. ამიტომ, ყოველი ვარჯიშის შემდეგ რჩება ბაზაზე და ამ ნაკლის გამოსწორებაზე ბევრს ვარჯიშობს...

ცოტა რთული ხასიათისაა, როგორც ყველა ტალანტი, ასეთებს კი ფაქიზი მიდგომა სჭირდებათ. მაგრამ ვინც მისი გულისკენ მისასვლელ გასაღებს მოძებნის, ამას არასოდეს ინანებს. იმიტომ, რომ გიორგი იმ მასშტაბის ტალანტია, რომელსაც, სწორი ზრდის შემთხვევაში, ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლია. მჯერა, რომ მალე საქართველოს ნაკრებშიც მიიწვევენ.

- უკრაინის ნაკრებში მისით მართლა დაინტერესდნენ?
- გიორგის ნებისმიერ ნაკრებში ისურვებენ, მაგრამ ის თავისი ქვეყნის პატრიოტია და ამაზე ლაპარაკი უადგილოა. სხვათა შორის, ძალიან განიცადა, გაზაფხულზე 19-წლამდელთა ნაკრებში რომ არ მიიწვიეს. ასეთი დამოკიდებულების მქონე ადამიანი სხვა ქვეყნის ნაკრებისკენ არც გაიხედავს.

რამდენი ქართველი მოსწონებიათ?!
- "მალმიოსთან" მატჩისას უკრაინელი კომენტატორები ამბობდნენ, ის სელექციონერია დასაფასებელი, ვინც ეს ბიჭი "შახტარს" ჩამოუყვანაო. როგორც ვიცით, ეს სელექციონერი თქვენ ხართ. ორიოდე თამაშით ბევრი არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ არაბიძეს კარგი თამაში ქართველებზე მოთხოვნას გაზრდის...
- რომ იცოდეთ, დონეცკში ქართველების ფასი ისედაც კარგად იციან. მაგალითად, თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერში ვმონაწილეობდი. მას დიდი შანსი ჰქონდა, რომ "შახტარის" ძირითადში მოხვედრილიყო.

ლუჩესკუ ძირითადი გუნდის შეკრებაზე წაყვანას უპირებდა. მაგრამ პირადი პრობლემების გამო, ფორმიდან ამოვარდა და ეს შანსი დაკარგა.

- საქართველოში მოთამაშე ნიჭიერ ბავშვებზე რა იცით?
- რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი მეგულება - კიტეიშვილი, გოშთელიანი, კიკნაძე, არველაძე, ხარაიშვილი, თევზაძე... სხვათა შორის, იყო ლაპარაკი ზარანდიას, ბერიძისა და კიკაბიძის შესაძლო მიწვევებზეც...

თქვენთვის უცნობი ფაქტი იქნება: 2007 წელს, როცა ანატოლი ტიმოშჩუკი სანქტ-პეტერბურგის "ზენიტში" გადავიდა, კლუბის პრეზიდენტმა რინატ ახმეტოვმა მკითხა, ლევან კობიაშვილზე რას ფიქრობთო? მისი მოყვანა სწორედ ტიმოშჩუკის პოზიციაზე სურდა, მაგრამ ლევანის "შალკედან" გამოსყიდვა შეუძლებელი აღმოჩნდა...

იმავე პერიოდში "შახტარი" შოთა არველაძის გადაბირების შესაძლებლობასაც განიხილავდა.

მართალია, შოთა უკვე 34 წლის იყო, მაგრამ "ალკმაარში" კარგად თამაშობდა. სხვათა შორის, პარალელურად, ახმეტოვი დონეცკის "მეტალურგიდან" გიორგი დემეტრაძის ტრანსფერზეც ფიქრობდა. იმიტომ, რომ ახმეტოვს ქართველი ფეხბურთელები ძალიან მოსწონს. თუმცა, არც ერთი ეს გარიგება არ გამოვიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ღმერთო ,ნეტა არ გაგვიცრუვდეს იმედი და ამ ბიჭმა ნაღდი ქართული ტექნიკური ფეხბურთი ითამაშოს.გიორგი არაბიძეს გაუმარჯოს!!! და სვებიც აზრზე უნდა მოვიდნენ! ვარჯიში და პროფესიონალიზმი,აი ესენი გვაკლია...
MARADONA
14:51 02-11-2015
0
"აქვს კიდეც პერსპექტივა, სამ-ოთხ წელიწადში მისმა ტრანსფერმა სამნიშნა ციფრს რომ მიაღწიოს"...
"სამნიშნა" რიცხვი რომ ეწეროს, კიდევ ჰო, მაგრამ "სამნიშნა ციფრი", გინდაც ორნიშნა, როგორ წარმოგიდგენიათ?
ისე, საინტერესო სტატიაა.
მკითხველი
13:57 02-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული