ხიზანიშვილს ბაქოში დავუკავშირდით...
- "ინტერმა" აზალ-თან მატჩში გამარჯვების გემო გაიხსენა, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს...
- ფეხბურთში მოგება ყოველთვის კარგია. ის იმწამსვე ხსნის ყველანაირ პრობლემას. კარგია, 3 ქულა რომ შევმატეთ აქტივს, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა. მთავარია, რომელ ადგილზე იქნება "ინტერი" სეზონის
- ჩვენთან ბოლო ინტერვიუში თქვენ შიშობდით, რომ აციება, ზამთრის მოახლოება "ინტერში" ტრავმირებული ფეხბურთელების რაოდენობას გაზრდიდა. ასეც მოხდა. თუნდაც ნიკა კვეკვესკირის ტრავმა ავიღოთ. ამის ბრალიც ხომ არ იყო გუნდის ბოლოდროინდელი, შედარებით არათანაბარი თამაში?
- ფეხბურთში ზამთარი ტრავმებისადმი ყველაზე მეტად მიდრეკილი პერიოდია. სამწუხაროდ, ასეა. რა თქმა უნდა, არც "ინტერია" გამონაკლისი. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა და ეს, ბუნებრივია, დაეტყო კიდეც გუნდს...
რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს, დამეთანხმებით, "ინტერისთვის" ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მის არყოფნას მთელი გუნდი განიცდის. იმედი მაქვს, სულ მალე ნიკა ბოლომდე გამოჯანმრთელდება და შემოგვიერთდება.
- სეზონის განახლების შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილს კვლავ "ინტერში" ვიხილავთ?
- კლუბთან მაისამდე მაკავშირებს კონტრაქტი. არა მგონია, ამ ზამთარს დავტოვო "ინტერი".
- ბოლო ორ სანაკრებო მატჩზეც გკითხავთ. უყურეთ ესტონეთსა და ალბანეთთან ამხანაგურ თამაშებს?
- ესტონეთთან ტალინურ შეხვედრას ვუყურე. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი წაგებას. ის თამაში არ გამოგვივიდა, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. ტელეეკრანიდან ასე ჩანდა.
რაც შეეხება ალბანეთთან მატჩს, ამ თამაშში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ესტონეთთან და ალბანეთთან მატჩებისგან მთავარი სარგებელი ის იყო, რომ არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიცადა ეროვნულ გუნდში. ვფიქრობ, მართებულიც იყო მათი გამოცდა...
- რისი თქმა შეგიძლიათ ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში მომხდარ სიახლეებზე? ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა საქმეს შეუდგა, ალექსანდრე იაშვილი აღმასკომის წევრადაც მოგვევლინა...
- ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა დაიკავა ლევან კობიაშვილმა და ურყევად მჯერა - ის თავისი გამოცდილებისა და ცოდნის რეალიზებას ბოლომდე მოახდენს.
მოკლედ ვიტყვი: ქართულ ფეხბურთში ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი. ამას ორი რამ სჭირდება - დრო და ფინანსები!
- დაბოლოს, საქართველოს ჩემპიონატზეც ვთქვათ, სადაც სულ ცოტა ხნის წინათ თქვენც ითამაშეთ. როგორ უნდა ავწიოთ დონე? როგორ უნდა მოვიყვანოთ ხალხი სტადიონზე?
- ვრცელი, საინტერესო თემაა, რომელიც ყველას გვტკივა. დავიწყოთ იქიდან, რომ გულშემატკივარს ვერ მოიყვან სტადიონზე, თუ თვითონ არ მოვიდა. ის უნდა დააინტერესო ან კარგი ფეხბურთითა და ფეხბურთელებით, ან მოგებით, ან სტადიონით... ძალით ადამიანს ვერაფერს გააკეთებინებ. სტადიონზე ქომაგი რაღაცის გამო უნდა მოდიოდეს.
ზემოთ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - მთავარია, იყოს ფინანსები და მერე ამ თანხას მიეცეს სწორი გზა. ესაა მთავარი!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"