ვაკო გვილია: საქართველოს მოქალაქეობა? პროცედურები უკვე დავიწყე!

AutoSharing Option
ვაკო გვილიამ ზაპოროჟიეს "მეტალურგი" დატოვა და უკრაინის, გუნდისა და მოქალაქეობის შეცვლას აპირებს. ის უკრაინის პრემიერლიგაში მოულოდნელად და სწრაფად აღზევდა.

17 წლის ზუგდიდელმა ბიჭმა საფეხბურთო ნათლობა სწორედ ამ ქვეყანაში მიიღო. შარშან გუნდში პერიოდულად ათამაშებდნენ, წლეულს კი პირველ წრეში "მეტალურგის" მიერ ჩატარებული 15 მატჩიდან 14-ში ითამაშა, თან - ყველა ძირითადში და შეუცვლელად, 31 ოქტომბერს კი ლვოვის "კარპატისთან" გასვლით მატჩში, გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურითაც გაიყვანა.

შარშან და წლეულს გვილია უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შეკრებებზე არაერთხელ მიიწვიეს.

ამ გუნდში მან ოთხი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. უცხოეთში
ქართველი ფეხბურთელის მსგავსი პროგრესი იშვიათია. ისიც გაითვალისწინეთ, რომ გვილია ჯერ მხოლოდ 21 წლისაა...

"მეტალურგიდან" წასვლის შემდეგ ის ახალ კლუბს ეძებს. დანარჩენს "ლელოსთან" ინტერვიუდან შეიტყობთ...

- ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს "მეტალურგი" დატოვეთ...
- დიახ, კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტაზე შევთანხმდი. უმადური ადამიანი არასოდეს ვყოფილვარ და "მეტალურგს" და მის ხელმძღვანელობას ვერასოდეს დავუვიწყებ ამაგს. მათ დამაყენეს ფეხზე, გამომიცხადეს ნდობა და 4 წლის განმავლობაში ჩემი პროგრესისთვის ყველაფერი გააკეთეს. ასეთს ბევრს სამშობლოში არ უკეთებენ...

ამ ყველაფრისთვის ზაპოროჟიელებს წამოსვლამდე მადლობა გადავუხადე და ვთქვი, რომ "მეტალურგს" ჩემს გულში ყოველთვის გამორჩეული ადგილი ექნება...

მათ მშვენივრად გამიგეს, რატომაც მსურს გუნდის შეცვლა. სამწუხაროდ, რუსეთთან დაწყებული ომის შემდეგ, უკრაინაში ვითარება ძალიან აირია, ცხოვრება გაძნელდა და სერიოზული კრიზისია.

ცხადია, ეს ფეხბურთზეც აისახა, რაც განსაკუთრებით ზაპოროჟიეს "მეტალურგის" მოთამაშეებს შეგვეხო. პირობები არ არის, ხელფასებს კი ხუთი თვეა ვეღარ გვიხდიან. ასეთ გარემოში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა.

- ჯერ კიდევ უცნობია, სად გააგრძელებთ კარიერას. მაგრამ ცხადია, წინადადებები გექნებათ...
- წინადადებები მართლაც არის. ერთი მხოლოდ ის ვიცი, რომ უკრაინაში აღარ დავრჩები.

სამწუხაროა, რომ მარტო ზაპოროჟიეს კი არა, ბევრი სხვა გუნდის ფინანსური მდგომარეობაც აირია. ჩემი მენეჯერისგან ვიცი, რომ რამდენიმე შემოთავაზებაა. არის ამერიკული კლუბების ვარიანტიც, მაგრამ ჩემი სურვილი ევროპულ ქვეყანაში თამაშია - ბელგიაში, ჰოლანდიაში, პორტუგალიაში ან პოლონეთში, საიდანაც ფეხბურთელები პირდაპირ ძლიერ ლიგებში მიჰყავთ.

- რადგან ამას ამბობთ, ევროპული გუნდებიდან შემოთავაზებებიც გექნებათ...
- დიახ, ვარიანტები არის, მაგრამ ჯერ ვერ დავაკონკრეტებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ პორტუგალიაში სეგუნდა ლიგის (პირველი ლიგა) "ავეში" მიწვევს, რომელსაც პრიმერა ლიგაში გადასვლა სურს. ეს გუნდი მე-9 ადგილზე კია, მაგრამ რადგან ზედა ადგილებზე "პორტუს" და "სპორტინგის" დუბლშემადგენლობები არიან, რომლებიც პრიმეირა ლიგაში ვერ გადავლენ, "ავეშის" შანსი იზრდება - მეოთხეადგილოსან "შავეშთან" სულ 5 ქულა აშორებს... მაგრამ ისე არ გაიგოთ, რომ ამ გუნდზე უკვე სერიოზული ლაპარაკი მიდის.

მენეჯერმა მითხრა, რომ "ავეში" სათადარიგო ვარიანტად განიხილება.

- აბა, მთავარი რომელიღაა?
- მენეჯერი ელოდებოდა, როდის გავხდებოდი თავისუფალი აგენტი. ერთი კვირის წინათ, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციიდან გათავისუფლების ფურცელი გამომიგზავნეს და ზაპოროჟიეს "მეტალურგი" ჩემში ერთ ცენტსაც ვეღარ მოითხოვს. ეს მენეჯერს ხელ-ფეხს გაუხსნის და გუნდს უფრო იოლად მომიძებნის.

ამიტომ, ჯერ დაკონკრეტება გამიჭირდება, რადგან ძნელი სათქმელია, რა შეიცვლება მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე.

- დანამდვილებით ვიცით, რომ თქვენით თბილისის "დინამო" დაინტერესდა...
- ხომ გითხარით, ჯერ ვერაფერს დავაკონკრეტებ. მენეჯერს რუსული კლუბებიც დაუკავშირდნენ, მაგრამ იქ წასვლაზე თავს ვიკავებ.

- ახლა მთავარზე: საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება გადაგიწყვეტიათ...
- არათუ გადამიწყვეტია, მოქალაქეობის აღსადგენად უკვე პროცედურები დავიწყე. მე ვარ ზუგდიდელი, ქართველი კაცი და ჩემი მიზანი და ოცნება საქართველოს ნაკრებში მოხვედრა და მისი ფორმით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია. ამიტომ, გული მწყდებოდა, როცა ჩემი ინტერვიუების კომენტარებს ვკითხულობდი, რატომ თამაშობს უკრაინის სახელით და საქართველოს ახალგაზრდულზე უარი რატომ თქვაო?! მე საქართველოზე უარი არასოდეს მითქვამს. მაგრამ კარიერის ასაწყობად მცირე დათმობები მომიხდა.

საბედნიეროდ, ახლა ბევრმა გამიცნო, ევროპაში მოხვედრა რეალობასთან ახლოსაა და დადგა დრო, პასპორტი დამებრუნებინა. სხვათა შორის, უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 საკონტროლო შეხვედრა ჩავატარე, გოლიც გავიტანე და საგოლე გადაცემა გავაკეთე.

მწვრთნელები ჩემით კმაყოფილები იყვნენ. თუმცა ადგილობრივ მედიას ვუთხარი, რომ ჩემს თავს საქართველოს ნაკრებში ვხედავდი და ოფიციალურ მატჩებისთვის მხოლოდ ამის შემდეგ აღარ მიმიწვიეს. მაგრამ ვიმეორებ - მადლობა უკრაინას და მის ხალხს! ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები.

- ახლა სად იმყოფებით?
- საქართველოში ვარ და მუხლის ტრავმას ვმკურნალობ. თუმცა უმნიშვნელო ამბავია - ორიოდე დღეში ვარჯიშს განვაახლებ და მოსამზადებელი ეტაპისთვის ყველაფერი კარგად იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაკო ჯგირ კოჩ რექ ჯიმა, წარმატებები პატრიოტ კაცს!
georgiano
03:19 07-12-2015
0
"ბარსელონას" ფეხბურთელებს შემოკლებული ქართული გვარები აქვთ. ჩვენთან მესხი, იქ მესი. ჩვენთან გვილია, იქ ვილია. ეს ხუმრობით, მაგრამ სულითა და გულით მსურს ამ ახალგაზრდას ჩამოთვლილი ლეგენდარული სამივე ფეხბურთელის მსგავსი წარმატებები ვუსურვო.
დათო
12:47 06-12-2015
0

სიახლეები პოპულარული