სტაბილური თამაში კვირკველიას რამდენიმე გრანდის მხრიდან ინტერესით დაუფასდა. მართალია, დღესდღეობით "რუბინი" ვერ ბრწყინავს (რუსულ პრემიერლიგაში მე-9 ადგილზეა), მაგრამ ეს ჩვენებურის კარგ ინდივიდუალურ გარჯას ვერაფერს აკლებს...
კვირკველია ახლა საქართველოშია და, რა თქმა უნდა, "ლელომ" მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გაუშვა:
- საბა, თქვენთვის სეზონის პირველი ნახევარი ძალიან წარმატებული გამოდგა. მოდით, თავად შეაფასეთ განვლილი ეტაპი...
- პირველ რიგში,
- სეზონი რინატ ბილიალეტდინოვმა დაიწყო და ვალერი ჩალიმ გააგრძელა. ისე ჩანს, რომ ჩალის ხელში გუნდი უფრო შემტევი და აგრესიულია...
- მე ორივე მწვრთნელის მადლობელი ვარ! ბილიალეტდინოვი რამეში გვზღუდავდაო, ასე ნამდვილად ვერ ვიტყვი. საერთოდ, ფეხბურთი ასეა - ხან მიგდის თამაში და ხან - არა. გეხსომებათ, "რუბინს" შესანიშნავი, ექვსი თუ შვიდმატჩიანი წარმატებული სერია ჰქონდა. ცსკა-სა და "სპარტაკს" მოვუგეთ...
- ვფიქრობ, გუნდს შეეძლო ევროპალიგის ჯგუფური ბარიერის დაძლევა, მიუხედავად შემადგენლობისა ("ლივერპული", "ბორდო", "სიონი"). თქვენ როგორ გგონიათ?
- გეთანხმებით, ნამდვილად შეგვეძლო ამ ბარიერის დაძლევა და მიზნადაც სწორედ ეს გვქონდა დასახული. "სიონთან" პირველი მატჩი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა წაგვეგო, უბრალოდ, მანამდე ორი დღით ადრე მოსკოვის "ლოკომოტივთან" გვქონდა შეხვედრა რუსეთის ჩემპიონატში და, როგორც აღმოჩნდა, მთელი ჯანი იმ მატჩს შევალიეთ... ბოლო ტურებში გუნდმა მკვეთრად კი გამოასწორა თამაში, მაგრამ ამან საქმეს ვეღარ უშველა.
ჩვენი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ "რუბინმა" სეზონის პირველი ნახევარი, პრაქტიკულად, ერთი და იმავე შემადგენლობით ითამაშა. დამეთანხმებით, ასეთ შემთხვევაში ორ ფრონტზე ბრძოლა რთულია. დარწმუნებული ვარ, კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე შემადგენლობას აუცილებლად გააძლიერებს.
- "ლივერპულთან" ევროპალიგის მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა ხელი ჩამოგართვათ და რაღაც გითხრათ. თუ საიდუმლო არ არის, რაზე გესაუბრათ გერმანელი სპეციალისტი?
- საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია... "ლივერპულთან" ის მატჩი რომ დასრულდა, საგაზეთო რეცენზიებში, როგორც ინგლისურმა, ისე რუსულმა გაზეთებმა განსაკუთრებით გამოარჩიეს "რუბინის" სამი ფეხბურთელის თამაში - მეკარე რიჟიკოვის, დაცვის ცენტრში ჩემი მეწყვილე კამბოლოვის და ჩემი... რაც შეეხება კლოპს, ის მოვიდა, ხელი ჩამომართვა, წარმატებები მისურვა. მითხრა, კარგი ბიჭი ხარ, ასევე გააგრძელეო. სულ ეს იყო.
- როგორ ფიქრობთ, ხომ არ ამოწურა "რუბინში" თავისი შესაძლებლობები საბა კვირკველიამ? ისიც ვიცით, რომ სოლიდურ ევროპულ კლუბებში გადასვლის არაერთი ვარიანტი გაქვთ...
- შემიძლია გითხრათ, რომ "რუბინში" ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტი მე მაქვს. ტრანსფერი რომ შედგეს, ჩემმა მსურველმა კლუბმა 8 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. გაზეთებში რომ იწერება, კვირკველიას სატრანსფერო ფასი 4,5 მილიონი ევროაო, არ არის სწორი. ეს ინფორმაცია ეყრდნობა "ტრანსფერმარკტის" მონაცემებს.
თავადაც იცით, როგორ ხდება იქ - თუ სისტემატურად თამაშობ, ყოველდღე გემატება ფასი, თუ არა და - გაკლდება. სხვათა შორის, "რუბინთან" კონტრაქტი მაქვს არა 2016 წლამდე, როგორც ხშირად წერენ, არამედ 2019-მდე.
- ვიცით, რომ შეთავაზებები გაქვთ...
- რა თქმა უნდა, არის ძალიან საინტერესო ვარიანტები ამბიციური კლუბებისგან. თუ "რუბინიდან" წავალ, წავალ ისეთი გაქანებისა და ამბიციის გუნდში, რომლის მიზანიც იქნება ტოპ-ჩემპიონატის ხუთეულში მოხვედრა. ვგულისხმობ ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და ინგლისის პირველობებს.
არავითარ შემთხვევაში არ გადავალ ისეთ გუნდში, რომელსაც მიზნად მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ექნება. ამაში დარწმუნებული ვარ.
- საიდან არის ამ დროისთვის შემოთავაზებები?
- არის სამი-ოთხი კლუბის ინტერესი. იტალიის, ესპანეთისა და გერმანიის გუნდებია. ყველამ იცის, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის ინგლისში სათამაშოდ წასვლა ჭირს. არადა, იქიდანაც იყო ორი ვარიანტი...
- თუ შეიძლება, დაასახელეთ ის გუნდები, სხვადასხვა დროს რომ იყვნენ თქვენით დაინტერესებულნი და ახლაც რომ არიან...
- "დორტმუნდი", "ნაპოლი", "სევილია"... მაგრამ მე დღეს "რუბინის" ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს ვაკეთებ.
"რუბინმა" ბევრი მომცა. აქ ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად, რომელიც ყველამ გაიცნო. ასე რომ, ამ კლუბს დიდი ამაგი აქვს ჩემზე.
- მოდით, 2015 წელი შევაფასოთ საქართველოს ნაკრებისთვის. როგორი იყო ის?
- პირდაპირ ვიტყვი: კახა ცხადაძე ჩემთვის არის უდიდესი მწვრთნელი. მან იცის, როგორ ათამაშოს გუნდი დაცვაში და ჩემთვის, როგორც ცენტრალური მცველისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს ნაკრები ყველასთან მოსაგებად გადის მინდორზე.
ჩემი აზრით, როგორც გუნდმა თბილისში შოტლანდიასთან ითამაშა, ბევრ სოლიდურ ნაკრებს გაუჭირდებოდა. თუნდაც, გერმანიასთან მატჩი ავიღოთ. წარმოიდგინეთ, გასვლაზე ვხვდებოდით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს და დავალებად გვქონდა, გვეთამაშა ფეხბურთი და შეგვეგდო ბურთი. რომ არა მანუელ ნოიერის ბრწყინვალე თამაში, ლაიპციგში ქულის აღება რეალური იყო.
- მაშ, მუნდიალის შესარჩევ ციკლს იმედიანად უყურებთ?
- რა თქმა უნდა! ჩვენთვის მთავარია, ნაკრების ძირითადი ბირთვის ბიჭები ჯანმრთელად ვიყოთ და სათამაშო პრაქტიკა გვქონდეს. ჯანმრთელობაზე შემთხვევით არ მითქვამს. 2-3 კაციც რომ დაგვაკლდეს, უკვე გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით. ასე იყო თუნდაც ესტონეთთან მატჩში.
- რას იტყვით ჩვენი ჯგუფის შემადგენლობაზე?
- თანაბარი ჯგუფია. იმ ფაქტორების თანხვედრის შემთხვევაში, რაზეც უკვე ვილაპარაკე, მჯერა, ამ ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გვექნება. დიახ, ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ცხადაძისა და ამ ბირთვის ხელში შედეგს მივაღწიოთ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალი შესარჩევი ციკლი წარმატებული იყოს ჩვენი ეროვნული გუნდისთვის.
- ამბობენ, რუსებს კვირკველიას თავიანთ ეროვნულ ნაკრებში მიწვევა ძალიან სურდათო...
- ასე იყო, მართლაც ძალიან სურდათ. ყველანაირი ოცნების ასრულებას მპირდებოდნენ, რასაც ადამიანი წარმოიდგენდა. რა დასამალია და, ფაბიო კაპელოს ძალიან მოვწონდი. მე ასე გადავწყვიტე - პასპორტს ვერ შევიცვლიდი. რუსეთს ვაფასებ, ამ ქვეყანაში ვთამაშობ, მაგრამ საქართველოს ნაკრები ყველაზე ძვირფასია ჩემთვის - მე ხომ ქართველი ვარ?!.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"