გიორგი აბურჯანია: ახლა ესპანეთში ვარ და ალბათ, დავრჩები

AutoSharing Option
გუშინ, 4 იანვარს, კვიპროსული ინტერნეტგამოცემა "კერკიდამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გიორგი აბურჯანია სულ მალე ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ "ხიმნასტიკის" წევრი გახდება.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად გიორგის შეეხმიანა.

"დიახ, ახლა ესპანეთში ვარ და ვნახოთ, რა იქნება. ალბათ, დავრჩები კიდეც", - გვითხრა აბურჯანიამ.

"ანორთოსისსა" და "ხიმნასტიკს" შორის მოლაპარაკება დასრულებულია. ესპანელები აბურჯანიას ტრანსფერს გამოისყიდიან, მაგრამ ეს იქნება 100 ათასი ევრო თუ 150 ათასი, უახლოეს დღეებში გადაწყდება. თავად ფეხბურთელს კი სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებამდე, ჯერ სამედიცინო შემოწმების გავლა მართებს.

შეგახსენებთ, რომ "ხიმნასტიკში" თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ჩისკო მუნიოსი (რომელიც ამ გარიგებაში მონაწილეობდა) თამაშობს. 19 ტურის
შემდეგ კლუბი სეგუნდა დივიზიონში 30 ქულით მე-5 ადგილზეა და ლა ლიგაში გადასვლის სერიოზული შანსი აქვს.

ცნობისთვის, აბურჯანია სააგენტო "პრომოსპორტთან" თანამშრომლობს, რომლის კლიენტიც 120-მდე მოთამაშეა, მათ შორის - ხოსე ანტონიო რეისესი, ევგენი კანოპლიანკა, ფელიპე მელო... სააგენტოს ესპანეთში განსაკუთრებით მყარი კავშირები აქვს "დეპორტივოსთან", "სევილიასა" და "ვილიარეალთან". აბურჯანიას ეს ტრანსფერიც სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ თუ ახალგაზრდა ქართველი თავს გამოიჩენს, "ხიმნასტიკმა" შეიძლება მისთვის ტრამპლინის როლი ითამაშოს და დასახელებული სამი კლუბიდან ერთ-ერთში აღმოჩნდეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გუშინდელი რიცხვიდან აბურჯანია ოფიციალურადაა უკვე ხიმნასტიკის წევრი.
შაკო
18:03 05-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული