გიორგი აბურჯანია: ...ესპანეთში თამაში ხომ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა

AutoSharing Option
ფოტოზე: ჩისკო და გიორგი აბურჯანია ერთად ტარაგონაში
გიორგი აბურჯანია
ესპანეთშია, სადაც ტარაგონას "ხიმნასტიკში" მისი ჩარიცხვის ამბავი დადებითად გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ "ხიმნასტიკში" თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ჩისკო მუნიოსი (რომელიც ამ გარიგებაში მონაწილეობდა) თამაშობს. 19 ტურის შემდეგ კლუბი სეგუნდა დივიზიონში 30 ქულით მე-6 ადგილზეა და ლა ლიგაში გადასვლის სერიოზული შანსი აქვს.

"ესპანეთში ვარ, სამედიცინო შემოწმება მქონდა დარჩენილი და ესეც წარმატებით გავიარე. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საკითხი მალე გადაწყდება და ოთხშაბათამდე გუნდში ჩავირიცხები", - გვითხრა გუშინ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც 2
იანვარს 21 წლის გახდა.

"აბუს" კონტრაქტის ფინანსურ მხარეზეც ველაპარაკეთ. ბოლო ორი წელია, ესპანეთის ლა ლიგის კლუბებსაც ფინანსური პრობლემები გაუჩნდათ, "ხიმნასტიკი" კი სეგუნდა დივიზიონშია.

მაგრამ, გიორგის თქმით, მის მომავალ კლუბს ეს პრობლემა არ აწუხებს:

"სხვათა შორის, "ხიმნასტიკში" ახლა საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი, ნიგერიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უჩე კალუ ინდოეთიდან ჩამოიყვანეს, სადაც ცნობილ ვეტერანებს სოლიდურ ხელფასებს უხდიან. აქედან გამომდინარე, ფინანსურად საკმაოდ ძლიერი კლუბია - შემთხვევითი არ არის, რომ ესპანურ ელიტაში აღზევება სურთ.

პირადად მეც ფამაგუსტას "ანორთოსისზე" უკეთესი პირადი კონტრაქტი შემომთავაზეს. ტრანსფერის სპორტულ მხარეზე კი აღარაფერს ვამბობ - ესპანეთში თამაში ხომ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა".

საინტერესოა, რომ ეს ამბავი გადაწყვეტილად გამოაცხადა ცნობილმა სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტმა", რომლის მიხედვითაც, აბურჯანიას სატრანსფერო ღირებულება 500 ათასიდან 700 ათას ევრომდე გაიზარდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგია ესპანეთში მოხვედრა შრომა უნდა გააგრძელოს და უფრო ძლიერი კლუბები შეამჩნევენ იქ ამის ნიჭი მას ნამდვილად აქვს.
bebeto
22:27 06-01-2016
0
ჩისკო მაგარი კაცია, დინამოსაც ეხმარებოდა ტრანსფერებზე და ეხლა აბურჯანიასაც
Akaki
17:12 06-01-2016
0

სიახლეები პოპულარული