ქართველებო, ეძებეთ ახალი კლუბები! გრიგალაშვილი "ახნასშია", კვასხვაძე ელის

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერის, "პაფოსის" ხელმძღვანელობამ გუნდიდან ქართველი ფეხბურთელების გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, "პაფოსში" მხოლოდ ნახევარმცველი ლევან ხმალაძე რჩება.

მაშ ასე, "პაფოსის" წევრები აღარ არიან საქართველოს ნაკრების მეკარე როინ კვასხვაძე, ეროვნული გუნდის მცველი გია გრიგალავა, ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი, ვისაც ასევე უთამაშია ქვეყნის პირველ გუნდში, და საქართველოს ნაკრების შემტევი ნიკოლოზ გელაშვილი.

როგორც ირკვევა, 26 წლის ელგუჯა გრიგალაშვილმა ახალი კლუბი უკვე მოძებნა. ის კარიერას კვიპროსის უმაღლესი ლიგის ბინადარ "ახნასში" გააგრძელებს, სადაც მისი ძმა, თბილისის "დინამოს", "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი
შოთა გრიგალაშვილი
ირჯება.

რაც შეეხება გრიგალავას, საქართველოს ნაკრების მცველი "ქართველთა წმენდის დაწყებამდე" ცოტა ხნით ადრე წავიდა "პაფოსიდან". მის შესაძლო ნავსაყუდელად თემურ ქეცბაიას აპოელ-ი ან "ომონია" სახელდებოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, გრიგალავამ "პაფოსში" დაბრუნებისა და გუნდში ვარჯიშის გაგრძელების უფლება ითხოვა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო.

როდის იპოვიან ჩვენებურები ახალ კლუბებს? ეს, სასურველია, რაც შეიძლება, მალე მოხდეს, რადგან ლამის ყველა მათგანი ეროვნული ნაკრების წევრი თუ მისი წევრობის კანდიდატია.

"ლელო" როინ კვასხვაძეს შეეხმიანა. მან ჯერჯერობით კონკრეტული ვერაფერი გვითხრა თავისი მომავლის შესახებ:

"ვნახოთ, რა და როგორ იქნება. მოლოდინის რეჟიმში ვარ. არის რამდენიმე ვარიანტი და მჯერა, უგუნდოდ დიდხანს არ დავრჩები".

ზოგადად, უცნობია, რატომ მიიღო "პაფოსის" ხელმძღვანელობამ ქართველ ფეხბურთელებთან განშორების გადაწყვეტილება. ერთ-ერთი მთავარი მოტივი, ალბათ, გუნდის არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როინ ჩამოდი ქუთაისში.კარგით რა კვიპროსის მოსახლეობა ერთად რო შეკრიბო გლდანი და დიდუბეს ვერ გაავსებს.მაგათ ჩემპიონატის აუტსაიდერიდან რო გაგიშვებენ.ხალხო თავმოყვარეობა საერთოდ არა გაქვთ? ხო იცი ქუთაისში როგორ უყვარხარ ხალხს, ხოდა არ უნდა მაგას ბევრი ფიქრი.დაბრუნდი და ეგრევე კაპიტანი გახდები.გელოდებით.
zaza
19:00 08-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული