თორნიკე ოქრიაშვილი: დავჭკვიანდი! რაც ცუდი იყო, წარსულში დავტოვე

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი "ესქიშეჰირსფორის" ფეხბურთელი გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური "გენკის" შემტევი ნახევარმცველი მენეჯერ მამუკა ამიროვთან ერთად სტამბოლში 10 იანვარს ჩაფრინდა. მაშინ ამიროვი "ლელოსთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ ტრანსფერის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ იყო...

თუმცა ის ფრთხილობდა. თავად ოქრიაშვილის თურქეთში ჩასვლა უკვე მიანიშნებდა იმაზე, რომ საქმე სერიოზულად იყო. 11 იანვარს თორნიკემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, გუშინ კი თურქეთის სუპერლიგის კლუბთან საიჯარო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი - "გენკის" 23 წლის ლეგიონერი "ესქიშეჰირში" (ჩვენებურად - "ძველი ქალაქი") სეზონის ბოლომდე ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციით, თურქულ კლუბს
მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

ცნობისთვის: ოქრიაშვილის ახალმა გუნდმა პირველ წრეში გამართულ 17 ტურში მხოლოდ 10 ქულა დააგროვა და 18-გუნდიან სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა. ლიგიდან 3 გუნდი ვარდება, "ესქიშეჰირი" კი მე-15 ადგილზე მყოფ "სივასფორს" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება და კლუბის ხელმძღვანელობას ელიტაში ადგილის შენარჩუნების რეალური იმედი აქვს. თანაც, "ესქიშეჰირს" არც ისე ცუდი შემადგენლობა ჰყავს - "პსვ ეინდჰოვენსა" და "ვესტ ჰემში" ნათამაშები ბელგიელი მეკარე რუდ ბოფინი, არგენტინის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი მატიას ადრიან ფედერიკო, განის ნაკრების წევრი ჯერი აკამინკო, "მონაკოში" ნათამაშები კონგოელი მცველი სედრიკ მონგონგუ, შვეიცარიისა და ჩილეს ნაკრებების თავდამსხმელები - ნასიმ ბენ ჰალიფა და სებასტიან ანდრეს პინტუ. ოქრიაშვილის გარდა, "ესქიშეჰირში" კიდევ 5 გამოცდილი მოთამაშის აყვანას აპირებენ.

გუშინვე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი "ესქიშეჰირის" ხელმძღვანელობამ მედიას წარუდგინა. ოქრიაშვილს თურქეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

ბარემ აქვე ვიტყვით: ინტერნეტგამოცემა "ტრანსფერმარკტმა" ოქრიაშვილის გამოსყიდვის პირობით ღირებულებად 2 მილიონი ევრო დაასახელა, მაგრამ გუშინ ამ ვებგვერდზე დაფიქსირებული თანხა ბევრმა გულშემატკივარმა არასწორად გაიგო: ახლანდელი შეთანხმება საიჯაროა და ცხადია, "ესქიშეჰირი" ქართველ ლეგიონერში ამხელა თანხას ვერ გადაიხდიდა. ოქრიაშვილს ამ თემაზეც ველაპარაკეთ...

- პირველ რიგში, ახალ კლუბში გადასვლას გილოცავთ!
- დიდი მადლობა.

- ახალი გუნდით კმაყოფილი ხართ?
- რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ჩემთვის ეს ტრანსფერი დიდი სტიმულია. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვითამაშო და საუკეთესო ფორმაში ჩავდგე.

- "ესქიშეჰირს" სუპერლიგაში მომავალი მატჩი 18 იანვარს, "ფენერბაჰჩესთან" საკუთარ მოედანზე უწევს. განაცხადში თუ იქნებით?
- ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ ამის დიდი იმედი მაქვს.

- კლუბში კი ჩაირიცხეთ, მაგრამ არაფერი იყო ნათქვამი, რომელი ნომრის მაისურით ითამაშებთ?
- ჯერ არც ამიღია. მინდოდა, 10 ნომერი მქონოდა, მაგრამ "ესქიშეჰირში" 25 ფეხბურთელია და ყველა კარგი ნომერი დაკავებული დამხვდა. ამიტომ მინდა 70 ან 80-ნომრიანი მაისურა. თუმცა, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ნებისმიერს დავჯერდები, მთავარია, ვითამაშო.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, იჯარის დასრულების შემდეგ თურქულ კლუბს "გენკისგან" თქვენი გამოსყიდვის უფლება ექნება. კონკრეტული თანხაც დასახელდა - 2,5 მილიონი ევრო...
- არა, რა გამოსყიდვის უფლება?! მგონი, "ესქიშეჰირის" მთელი ბიუჯეტიც არ არის 2,5 მილიონი ევრო და ამ თანხად ნამდვილად ვერ გამომისყიდიან, ეს გამორიცხულია. ამ გუნდში 5-თვიანი იჯარით ვითამაშებ და მერე არ ვიცი, რა მოხდება...

ისე, თურქეთში სხვაგვარი იმედით ჩამოვედი - კარგად რომ ვითამაშო და სეზონის დასრულების შემდეგ... მაგალითად, "გალათასარაიში" გადავიდე.

- ძალიან კარგი იქნება, ასე რომ მოხდეს... ახლა ეს გვითხარით, რამდენად მართალია ინფორმაცია, თითქოს "გენკის" მთავარი მწვრთნელი პეტერ მაესი, მიუხედავად იმისა, რომ არ გათამაშებდათ, ბოლოს მაინც ეწინააღმდეგებოდა თურქეთში თქვენ გაშვებას?
- ასე იყო, მას მართლა არ სურდა, რომ "გენკიდან" წავსულიყავი, მაგრამ ბელგიაში გაჩერება თავად აღარ შემეძლო. იქ დარჩენას აზრი არც ჰქონდა.

- და რატომ ვერ შეეწყვეთ ბელგიას?
- ასეც ვერ ვიტყვი, რომ ვერ შევეწყვე. აი, მწვრთნელს კი ნამდვილად ვერ შევეწყვე. თუმცა ახლა "გენკსა" და მაესზე ლაპარაკი აღარ მსურს. დასამალი არაა, რაც ცუდი იყო, ყველაფერი წარსულში დავტოვე, ფეხბურთის გამო ყველაფერი გვერდით გადავდე. მოკლედ რომ ვთქვა - დავჭკვიანდი!

- სხვათა შორის, ეს გვესმოდა კიდეც - ბოლო ნახევარ წელიწადში ძალიან შეიცვალეთ და მონდომებით ვარჯიშობდით...
- შევიცვალე, რადგან ესეც დრომ მოიტანა. პროფესიონალიზმისა და საქმისადმი დიდი სიყვარულის გარეშე წარმატებას ვერც ფეხბურთში მიაღწევ და ვერც სხვა სფეროში. ცხადია, ვერც დიდ ფეხბურთს ითამაშებ. მე კი დღევანდელ დონეზე დარჩენა არ მინდა.

- თურქულ და ბელგიურ ლიგებს შორის ბევრი განსხვავებაა. თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია?
- აქაური ფეხბურთის სტილი. მე თურქული ჩემპიონატი ბელგიისას ბევრად მირჩევნია და მიმაჩნია, რომ აქაური სუპერლიგა უფრო მაღალი დონისაა. იმედი მაქვს, თურქეთში მეტ გამოცდილებასაც მივიღებ და უფრო თავდაჯერებულიც გავხდები. ბელგიასა და "გენკს" კი არ ვიწუნებ, მათი ლიგაც მშვენიერი დონისაა და გუნდიც ძლიერია, მაგრამ თურქეთში უფრო თამაშობენ იმ ტექნიკურ ფეხბურთს, რაც მე მომწონს, სულ ბურთით არიან და თამაშებიც უკეთესი სანახავია. ბელგიაში კი უფრო მეტი სირბილია, ვიდრე ლამაზი თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
ვისაც ფეხბურთი ესმის , ამის ჟონგლიორობა ვის უკვირს და დღევანდელ ფეხბურთში ვის ჭირდება ?
gerchi
02:37 31-01-2016
0
უნდა მოინდომო თოკო თორემ გალათასარაი კი არა კვიპროსი და აზერბაიჯანი გაიხდება სანატრელი. მე წარმატებას გისურვებ და აბა შენი საქმისა შენ იცი.
kaxa
15:14 20-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული